06:17 11 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
პიაცა

კრისტინა აგილერას მესამე დღე აჭარაში

© Sputnik/ Denis Aslanov
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
29 0 0

პოპ-ვარსკვლავის კონცერტი 30 ივლისს Black Sea Arena-ს ახალ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.

თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. ამერიკელმა მომღერალმა კრისტინა აგილერამ საქართველოს გაცნობა ქართული ღვინისა და ეროვნული კერძების დაგემოვნებით დაიწყო.

პოპ-ვარსკვლავმა, რომელიც 30 ივლისს გამართავს სოლო–კონცერტს ურეკის ახალ Black Sea Arena-ს საკონცერტო დარბაზში, ქართული ხალხური სიმღერებიც მოისმინა და აღფრთოვანებული დარჩა.

ეს ღონისძიება კონცერტის ორგანიზატორებმა აგილერას ქედაში, ღვინის სახლში მოუწყეს, რა დროსაც მომღერალს თან ახლდა 40 კაცისგან შემდგარი გუნდი. ამერიკელ მუსიკოსებს აჭარული და საქართველოს სხვა კუთხეების ტრადიციული კერძებით გაუმასპინძლდნენ, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

კრისტინა აგილერა უკვე სამი დღეა აჭარაშია, მისი თავისუფალი დროის განრიგი ჟურნალისტებისთვის დაფარულია. თუმცა მოცეკვავეების ჯგუფი არც თუ გულმოდგინედ ემალება საზოგადოებასა თუ მასმედიას. ისინი თავისუფლად დასეირნობენ ბათუმის ცენტრსა თუ სანაპიროზე და ადგილობრივ ღირსშესანიშნაობებს ათვალიერებენ.

აგილერას ტექნიკურმა ჯგუფმა უკვე მოასწრო საკონცერტო დარბაზის მთელი ტექნიკის შემოწმება და მომღერალი დღეს გენერალურ რეპეტიციას გამართავს.

სწორედ კრისტინა აგილერას კონცერტით გაიხსნება ბიძინა ივანიშვილის მიერ აშენებული და საქართველოსთვის საჩუქრად გადაცემული ახალი საკონცერტო დარბაზი.

საქართველოს რკინიგზამ, კონცერტზე დასწრების მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, დამატებით ოთხვაგონიანი ელექტრომატარებელი დანიშნა თბილისიდან ურეკამდე, რომელიც 30 ივლისს, დილის 10:25 საათზე გავა თბილისის ცენტრალური სადგურიდან. ურეკში ის 14:51 წუთზე ჩავა. მატარებელი უკან 31 ივლისს დაბრუნდება: ურეკიდან 02:00 საათზე გამოვა და თბილისში 06:10 საათზე ჩამოვა.

მატარებელს გაჩერებები ქობულეთსა და ბათუმში ექნება.

რაც შეეხება ბილეთებს, ორგანიზატორებმა აქაც გაითვალისწინეს აგილერას კონცერტზე დასწრების მსურველების დიდი რაოდენობა და დაამატეს ახალი კატეგორიის ბილეთები – Silver Ring.

მთავარი თემები