13 ივნისის წყალდიდობის სალიკვიდაციოდ თბილისის მერიამ 40 მლნ ლარი დახარჯა

გამოწერა
გზები აღდგა, ხეები დაირგო, ზოოპარკი ფუნქციონირებს.

თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მდინარე ვერეს ხეობაში, რომელიც 2015 წლის წყალდიდობის შედეგად დაზარალდა, ერთი წლის განმავლობაში ჩატარებული სალიკვიდაციო სამუშაოები შეაჯამა და აღნიშნა, რომ თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა ამისთვის 40 მლნ ლარი დახარჯა.

2015 წლის 13 ივნისს თბილისში დამანგრეველი წყალდიდობა მოხდა. ადიდებულმა მდინარე ვერემ დატბორა საცხოვრებელი სახლები, ზოოპარკი, „მზიურის“ პარკი, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი და ასევე მოშალა ქალაქის ინფრასტრუქტურა. სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ორი ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

თბილისში წყალდიდობის მსხვერპლთა სახელზე 23 ხე დარგეს - Sputnik საქართველო
თბილისში წყალდიდობის მსხვერპლთა სახელზე 23 ხე დარგეს

„ყველაზე უმთავრესი, რაც გავაკეთეთ, იყო დაზიანებული გზის სხვადასხვა მონაკვეთების აღდგენა… გზა და გვირაბი მთლიანად იყო განადგურებული. გავაკეთეთ სახიდე გადასასვლელი, რომელიც არის აბსოლუტურად უსაფრთხო. ყველა გვირაბის სათავისი კეთილმოეწყო, რათა მათი მდგრადობა და უსაფთხოება გაუმჯობესებულიყო",  — განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისი სიტყვებით, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა გმირთა მოედნიდან თამარაშვილის ქუჩამდე არსებულ ავტომაგისტრალს (ჭ.ამირეჯიბის გზატკეცილი), აშენდა ახალი ხიდი, აღდგა 6 გვირაბი, პანდუსებზე ასასვლელი და ჩამოსასვლელი გზების ასფალტის საფარი, მოეწყო ახალი თვალამრიდები და გაბიონის ტიპის ნაგებობები, წყალამრიდი სისტემები და ცხაურები.

გმირთა მოედანზე განახლდა სტიქიის შედეგად დაზიანებული ასფალტის საფარი, კუნძულები და მდ. მტკვრის მოაჯირები.

ნარმანიამ ასევე ხაზგახმით აღნიშნა, რომ უკვე არსებობს „მზიურის“ პარკისა და მიმდებარე ტერიტორიის განვითარების კონცეფცია. გარდა ამისა, მდინარე ვერეს ხეობაში მიმდინარე წელს აშენდება ნატანდამჭერი ცხაურები, რაც ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შემთხვევაში ვერეს ხეობას დაზიანებისგან დაიცავს.

ყველა ახალი ამბავი
0