უშვილო ოჯახები და უოჯახო ბავშვები — უსასრულო რიგი

© Fotolia / Photocreo Bednarekოჯახი
ოჯახი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ბავშვთა სახლებიდან ბავშვების შვილად აყვანის მსურველებს წლობით უწევთ რიგში დგომა. ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს.

თბილისი, 11 მაისი — Sputnik. სოციალურ ქსელებში ბავშვის შვილად აყვანის მსურველთა შესახებ უამრავ ცნობას გადააწყდებით. ყველა მათგანი ერთსა და იმავეს წერს: რიგში ჩადგომა იოლზე იოლია, მაგრამ ბავშვის შვილად აყვანა, პრაქტიკულად, შეუძლებელი. ისინი ერთმანეთს შვილად აყვანის საქმეში დაკვალიანებასა და გამოცდილების გაზიარებას სთხოვენ.

რა არის ესოდენ გართულებული პროცედურის მიზეზი, ძნელი დასადგენია. შესაძლოა, ეს კანონის სიმკაცრის, ან პოტენციური მშობლების მიმართ წაყენებული ზედმეტად მაღალი მოთხოვნების ბრალია.

ფაქტი ერთია: მშობლების ზრუნვას მოკლებული ბავშვების რაოდენობაც დიდია და ბავშვის შვილად აყვანის მსურველი ოჯახებისაც. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბავშვთა სახლების ბევრ ბინადარს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, უშვილო წყვილებს კი ჯანმრთელი შვილები უნდათ.

ექოსკოპიის შედეგები - Sputnik საქართველო
ქართველი ქალები ხშირად ხდებიან უცხოელი წყვილებისათვის სუროგატი დედები

Sputnik–ს თავისი ისტორია უამბო 49 წლის თბილისელმა ქალბატონმა ნინო კორსანტიამ, რომელიც შვილად აყვანის რიგში 2009 წლიდან, ანუ უკვე შვიდი წელია დგას. ამასობაში ქალმა ჯერ იმედი დაკარგა, მერე კი სურვილიც.

„ამ პროცესს დასასრული არ აქვს“, — გვითხრა ნინო კორსანტიამ.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ქალბატონმა ნინომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადებით მიმართა — სპეციალური ბლანკი შეავსო, კითხვებს უპასუხა, ასაკი, საკუთარი და სასურველი ბავშვის სქესი მიუთითა…

5 წლის უსახლკარო გოგონა დედასთან და ოთხ დასთან ერთად მიტოვებულ საბავშვო ბაღში ცხოვრობს - Sputnik საქართველო
თბილისში 86 ათასი პოტენციურად უსახლკარო ოჯახი ცხოვრობს

„მახსოვს, ბლანკში ასეთი შეკითხვაც კი იყო, ეტყვით თუ არა ბავშვს, რომ ნაშვილებიაო. ვუპასუხე, რა თქმა უნდა, ვეტყვი, ამის დამალვა არ შეიძლება–მეთქი… სამ წლამდე ასაკის ბავშვის აყვანა მინდოდა. სოციალური აგენტი შინ მეწვია, ბინა დაათვალიერა, ოჯახის შესახებ ყველაფერი გამოიკითხა, დაადგინა ჩვენი ფინანსური მდგომარეობა… და მორჩა. მას შემდეგ შვიდი წელი გავიდა და დღემდე არაფერი  შეცვლილა“, — ჰყვება ქალბატონი ნინო.

იმ დღიდან რამდენიმე წლის შემდეგ მან კვლავ მიაკითხა სოციალური მომსახურების სააგენტოს და განაცხადა, რომ ექვს წლამდე ასაკის ბავშვის აყვანაზეც თანახმაა. მაგრამ მისი რიგი მაინც არა და არ მოვიდა.

„არც კი ვიცი, მერამდენე ვარ ამ რიგში — 30-ე თუ 115-ე. ეს ვერავინ მითხრა… ნაცნობებმა მირჩიეს, რამე სხვა გზა მომენახა. ვცადე ისეთი ქალები მომეძებნა, რომლებიც სამშობიარო სახლებში აპირებდნენ არასასურველი ბავშვების დატოვებას, მაგრამ უშედეგოდ“, — გვიზიარებს ქალბატონი ნინო.

ის დღემდე დგას რიგში, მაგრამ იმის იმედი, რომ ერთ დღესაც ვინმე დაურეკავს სააგენტოდან, დიდი ხანია გადაეწურა. მხოლოდ იმის იმედიღა შერჩა, რომ როცა იქნება, საქართველოში შვილად აყვანის სისტემა დაიხვეწება და პოტენციური მშობლები მიტოვებულ ბავშვებს შინ წაიყვანენ — ისინი შვილებს შეიძენენ, ბავშვები კი — მშობლებსა და ოჯახს. 

„ამ წლების განმავლობაში რაღაც ვარიანტები იყო. გამოჩნდა რამდენიმე მრავალშვილიანი დედა, რომლებსაც ბავშვის გაშვილება უნდოდათ, მაგრამ მერე გადაიფიქრეს. მესმის მათი. როგორც უნდა გიჭირდეს, ძნელია უარი თქვა საკუთარ სისხლსა და ხორცზე“, — ამბობს ნინო კორსანტია.

თბილისი - Sputnik საქართველო
გაერო: საქართველოს ხელისუფლება "ქუჩის ბავშვებს" უნდა დაეხმაროს

თუ ერთხელ მაინც შეივლით ბავშვთა სახლში და მის ბინადარ, მშობლების გარეშე დარჩენილ პატარებს ნახავთ, მაშინვე მიხვდებით, რომ მათი ცხოვრება იმ დღის მოლოდინში გადის, როცა ნამდვილი დედა ან დედობილი მიაკითხავს და შინ წაიყვანს, მასზე იზრუნებს და ეყვარება. სიყვარული ყველაზე მეტად სჭირდებათ ამ ბავშვებს, ასეთია ქალბატონი ნინოს აზრი. 

„იქ ბევრი ისეთი ბავშვია, ვისაც მშობლები კი ჰყავს, მაგრამ იმის გამო, რომ შენახვა და გაზრდა უჭირდათ, შვილები ბავშვთა სახლში ჩააბარეს, ანუ სახელმწიფოს მიანდეს. ხანდახან სანახავადაც მიდიან, მაგრამ ეს ხანმოკლე ვიზიტები საკმარისი არ არის — ბავშვებს მეტი სითბო და ყურადღება უნდათ“, — ამბობს ნინო კორსანტია.

ის სინანულით აღნიშნავს, რომ ბავშვთა სახლების ბევრი ბინადარი ისე იზრდება, რომ ოჯახისა და მშობლების ღირსი ვერ ხდება. მერე კი, როცა სრულწლოვანებას მიაღწევენ, იძულებული ხდებიან, დატოვონ იქაურობა და ცხოვრებას შეეჭიდონ — დამოუკიდებლად, მარტო; ცხოვრებას, რომელსაც ისინი არ იცნობენ…

ყველა ახალი ამბავი
0