02:11 23 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
კინოაფიშა

კინო თბილისში: რა ვნახოთ?

© Sputnik/ Alexander Imedashvili
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
თბილისის კინოაფიშა (55)
53 0 0

აუღელვებელი საშა ბარონ-კოენი ბრიტანული სიღრმისეული სატირით და დიდი ხნის ნანატრი „დივერგენტის“ გაგრძელება - „Sputnik საქართველო“ ყველაზე საინტერესო კინოპრემიერებისა და ფილმების მიმოხილვას გთავაზობთ, რომელთა ნახვის საშუალებაც თბილისელმა კინომანებმა ხელიდან არ უნდა გაუშვან.

10 მარტიდან საქართველოს კინოთეატრებში შემდეგი ფილმების პრემიერები გაიმართება:
 „დივერგენტი, თავი 3: კედელს იქით“ (The Divergent Series: Allegiant) — ეს ამერიკული ფანტასტიკური ფრანშიზის „დივერგენტის“ მესამე ნაწილია, რომელიც მწერალ ვერონიკა როტის რომანების სერიის საფუძველზე შეიქმნა. ფილმის მთავარი გმირები ტრისი და ტობიასი მეგობრებთან ერთად მშობლიური ჩიკაგოს მაღალი კედლის მიღმა გადადიან და გენეტიკური დაცვის ბიუროში ხვდებიან, სადაც შოკისმომგვრელ სიმართლეს იგებენ: ბიუროს მეცნიერებმა სიწმინდისთვის ნამდვილი გენეტიკური ომი დაიწყეს. ახლა მეგობრებმა უნდა გადაწყვიტონ, ვის მხარეს არიან. რობერტ შვენტკეს ფილმში მონაწილეობენ მსახიობები ელისონ როუ, შეილინ ვუდლი და ნაომი უოტსი.


 „ძმები გრიმსბიდან“ (Grimsby) — რეჟისორ ლუი ლეტერიეს პაროდიული შპიონური ექშენია, რომელშიც მთავარ როლს საშა ბარონ-კოენი თამაშობს. ზესაიდუმლო ოპერაცია, რომელსაც სანიმუშო სპეციალური აგენტი მარკ სტრონგი ასრულებს, ძმის — ნობის მოულოდნელად გამოჩენის გამო ჩავარდება. გრიმსბიში მცხოვრები მრავალშვილიანი, უმუშევარი ნობი (ბრიტანეთის ლინკოლნშირის საგრაფოს საპორტო ქალაქი) სინდისის ქენჯნის გარეშე სახელმწიფო დახმარებით ცხოვრობს. ახლა ფილმის გმირს საკუთარი სიცოცხლისა და ასევე პლანეტის გადარჩენა მოუწევს, ეს კი, პრაქტიკულად, შეუსრულებელი ამოცანაა კვლავ შეძენილ ნათესავთან ტანდემში. საშა ბარონ-კოენს ფილმში პარტნიორობას რებელ უილსონი და პენელოპა კრუსი უწევენ.

გასულ კვირაში ქართულ კინოგაქირავებაში რამდენიმე ფილმი გამოვიდა: რეჟისორების ჯოელ და ითან კოენების კომედიური ფილმი „გაუმარჯოს კეისარს!“ (Hail, Caesar!); „სამი ცხრიანი“ (Triple 9) — რეჟისორ ჯონ ჰილკოუტის კრიმინალური დრამაა, რომელიც დამნაშავეთა ჯგუფისა და კორუმპირებული პოლიციელების შესახებ გვიამბობს. აგრეთვე ანიმაციური ფილმი Zootopia.

თბილისის კინოთეატრებში უკვე გადის ფილმები: ფრანგული დრამა „ჩემი მეფე“ (Mon roi), რომელშიც მთავარ როლს ვენსან კასელი ასრულებს; სათავგადასავლო-ფანტასტიკის ჟანრის ფილმი „ეგვიპტის ღმერთები“ (Gods of Egypt) ჟერარ ბატლერის, ჯეფრი რაშისა და ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუს მონაწილეობით; მულტფილმი „ბუმბულიანი ბანდა“ (El Americano: The Movie) 3D ფორმატში და მისტიკური ფილმი „კარის მეორე მხარეს“ (The other side of the door).

თბილისის კინოთეატრებში კვლავ გრძელდება შემდეგი ფილმების ჩვენება: კინოკომედია „ზულენდერ 2“ (Zoolander 2), საშინელებათა ექშენ-ფილმი „სიამაყე და ცრურწმენა და ზომბი“ (Pride and Prejudice and Zombies) და „ლაჟვარდოვანი ნაპირი“ (By the Sea) პიტი-ჯოლის ვარსკვლავური წყვილის მონაწილეობით.

გარდა ამისა, უქმეებზე შესაძლებლობა გექნებათ ნახოთ კრისტიან დიტერის კომედია „აქტიურ ძებნაში“ (How to Be Single), ტიმ მილერის კომედიურ-ფანტასტიკური „დედპული“ (Deadpool), მელოდრამა „რომაული პაემნები“ (All Roads Lead to Rome) და „გადარჩენილი“, რომელშიც ლეონარდო დი კაპრიომ მთავარი როლი შეასრულა და ამისთვის წელს „ოსკარიც“ მიიღო.
კინო ბავშვებისთვის — ანიმაციური „კუნგ-ფუ პანდა 3“ (Kung Fu Panda 3) ოსტატ პოს ახალი თავგადასავლების შესახებ და „ელვინი და თახვები“.
სასიამოვნო კინოჩვენებას გისურვებთ!

თემები:
თბილისის კინოაფიშა (55)

მთავარი თემები