ტიუმენელმა ექიმებმა ქართველ ბიჭუნას უნიკალური ოპერაცია გაუკეთეს

გამოწერა
უკვე 18 დღეა, რაც ბიჭუნას არცერთი ეპილეპტიკური შეტევა არ ჰქონია. ნათესავები იმედოვნებენ, რომ ოპერაციის შემდგომი აღდგენითი პროცესი ეფექტურად წარიმართება.

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. ტიუმენის ნეიროქირურგიის ფედერალური ცენტრის ექიმებმა რვა წლის ლაშა გერანტიას თავის ტვინზე უნიკალური ოპერაცია ჩაუტარეს. ლაშა უკვე შვიდი წელია ეპილეფსიის მძიმე ფორმით არის დაავადებული. ახლა ბიჭუნა ბევრად უკეთ გრძნობს თავს. ამის შესახებ Sputnik-ს ლაშას დედამ ნია ბერულავამ უამბო.

ოპერაციას, რომელიც რუსმა ექიმებმა ქართველ ბიჭს ჩაუტარეს, ჰემისფერექტომია ეწოდება. ოპერაციის დროს, პათოლოგიური ელექტროიმპულსების თავიდან ასაცილებლად,  ტვინის ნახევარსფეროების სრული განცალკევება ხდება.

„საქართველოში ამ ოპერაციის ჩატარება ვერ შეძლეს, ხოლო თურქეთში ის 25 ათასი აშშ დოლარი ღირდა, ასეთი თანხა ვერ შევაგროვეთ. ტიუმენში ჩემი და ცხოვრობს და ამ კლინიკის შესახებ მაინ გაიგო. ოპერაციის შემდეგ სამი დღე ჩემს შვილს ეპილეფსიის შეტევები ჰქონდა, მაგრამ ახლა უკვე 18 დღე გავიდა და არცერთი შეტევა არ ყოფილა. ასეთი რამ არასდროს ყოფილა“, — განაცხადა ბერულავამ.

ხშირი შეტევების გამო ბავშვი უკვე აღარ ლაპარაკობდა, ხელ-ფეხმა ფუნქციონირება შეწყვიტა. ლაშას დედას იმედი აქვს, რომ ოპერაციის შემდეგ აღდგენის პროცესი ეფექტური იქნება და მისი შვილი მალე გამოჯანმრთელდება.

„ლაშა უფრო გახარებულია, ახლა უფრო აქტიური გახდა და სიცოცხლე უხარია“, — აღნიშნა ბერულავამ.

ოპერაცია, რომელიც შვიდი საათი გრძელდებოდა, ქართველ პაციენტს ტიუმენის ნეიროქირურგიის ფედერალური ცენტრის მთავარმა ექიმმა, პროფესორმა ალბერტ სუფიანოვმა გაუკეთა.

ყველა ახალი ამბავი
0