საქართველოს დროშა სიძველით მსოფლიოში მეორე ადგილზეა

© photo: Sputnikსაქართველოს დროშა. საარქივო მასალა.
საქართველოს დროშა. საარქივო მასალა. - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა შვიდ საუკუნეს ითვლის. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე ელდარ შენგელაიამ Sputnik-ს ქართული ისტორიული დროშის აღმოჩენის შესახებ უამბო.

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა მე-13 საუკუნით თარიღდება და ის მსოფლიოში სიძველით დანიის შემდეგ მეორე ადგილზეა,- განაცხადა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ ელდარ შენგელაიამ. 

„ჩვენი ხუთჯვრიანი დროშა უძველესი დროშაა, ჩვენ მეორე ქვეყანა ვიყავით დანიის შემდეგ, რომელსაც დროშა ჰქონდა და ეს დამტკიცებულია მსოფლიო ჰერალდიკის საბჭოს მიერ“-განაცხადა შენგელაიამ. 

კანონი „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ საქართველოს პარლამენტმა 2004 წლის 14 იანვარს დაამტკიცა. საქართველოს დროშაზე თეთრ ფონზე ხუთი წითელი ფერის ჯვრია გამოსახული, რომელიც იესო ქრისტესა და ოთხი მახარობლის სიმბოლოს წარმოადგენს. 

„მე-13 საუკუნის დროშა პირდაპირ დამტკიცდა საქართველოს პარლამენტის მიერ ისე, რომ მასში არანაირი ცვლილება შეტანილი არ ყოფილა“ —აღნიშნა ელდარ შენგელაიამ. მისი თქმით, სანამ ხელისუფლება 1918-21 წლების ჟორდანიას მთავრობის დროშას ახლით ჩაანაცვლებდა, მის გარშემო დიდი აზრთა სხვადასხვაობა იყო.

„ჩვენ თბილისში ძველი დროშის შავ-თეთრი გამოსახულება ვნახეთ, რითაც ვერ მტკიცდებოდა რომ ის საქართველოს დროშა იყო. ამიტომ მე გავემგზავრე პარიზში, სადაც საფრანგეთში საქართველოს მაშინდელი ელჩთან გოჩა ჩოგოვაძესთან ერთად ეროვნული ბიბლიოთეკის კარტოგრაფიულ განყოფილებაში მოვნახე ორი პორტულანი, ანუ საზღვრო რუკა, რომლებიც მე-14 საუკუნეს მიეკუთვნებოდა და სადაც ჩვენ ვნახეთ ციხე-სიმაგრეები წარწერით „ტიფლისს“. 

საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება

სწორედ მათზე იყო აღნიშნული ეს ხუთჯვრიანი დროშები. ადრე მეგონა, რომ „ტიფლის“ ეს რუსული გამოთქმა იყო, თურმე არაბული ყოფილა“- გვიამბო ელდარ შენგელაიამ. 

ხუთჯვრიან დროშას ზოგი ისრაელის სახელმწიფოს აკუთვნებდა, ზოგი კიდევ ჯვაროსნების სიმბოლოებს ამსგავსებდა.

„ისრაელის სახელმწიფო დროშა მწვანე ფერისაა. ჯვაროსნებს კი მართალია ჰქონდათ მსგავსი დროშა, მაგრამ ის სხვა კონფიგურაციის იყო, განსხვავებული იყო ჯვრის ფორმა. ჰერალდიკაში კი ერთ პატარა შტრიხს უკვე სხვა მნიშვნელობა აქვს.“- განმარტა შენგელაიამ. მისი თქმით, 2004 წელს პირველი ბრძანებულება, რომელიც საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა საკუთარი ინაუგურაციის შემდეგ, საქართველოს ახალი ხუთჯვრიანი დროშის დამტკიცება იყო.

„ჩვენ ერს უკვე გათავისებული აქვს ეს დროშა. მას უკვე ბევრგან იყენებენ და მე მგონი უკვე ყველასათვის ნათელია რომ ეს არის ჩვენის სახელმწიფოს სიმბოლო“-თვლის შენგელაია. 

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე, ტრადიციულად, დედაქალაქსა და ქვეყნის რეგიონებში 14 იანვარს აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით სტუდენტებმა საქართველოს დროშა რეგიონების ადმინისტრაციების შენობებთან აღმართეს რის შემდეგ თბილისში, საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს შეხვდნენ. სადღესასწაულოდ, პრეზიდენტის რეზიდენციაში სპეციალურად დამზადდა სახელმწიფო დროშის ეტალონური ნიმუში, რომლის პარამეტრები საქართველოს კანონმდებლობაშია აღნიშნული.

საპატიო ყარაულმა პრეზიდენტის რეზიდენციაზე დროშა სიმბოლურად აღმართა. საღამოს კი პრეზიდენტის სასახლეში საზეიმო მიღება გაიმართება, სადაც საქართველოს პარლამენტთან არსებული სახელმწიფო ჰერალდიკური საბჭოს მიერ წარდგენილი შუა საუკუნეების (XIV-XVI) საზღვაო სანავიგაციო რუკები გამოიფინება.

ყველა ახალი ამბავი
0