შეზღუდული თევზაობა და ანაკლიელთა მოლოდინი

© photo: Sputnik / Селимханов / გადასვლა მედიაბანკშიმეთევზეები
მეთევზეები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანაკლიელთა უმთავრესი პრობლემა თევზჭერის ლიცენზიის უქონლობაა.

  სოფიო კაკაჩია

 ცნობილია რომ შავი ზღვის პირა სოფელ ანაკლიაში მცხოვრებთა მნიშვნელოვანი ნაწილი თევზაობით ირჩენს თავს, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ მათ თევზაობა  საკმაოდ რთულ და მძიმე პირობებში უწევთ. 

 ანაკლიელთა უმთავრესი პრობლემა თევზჭერის ლიცენზიის უქონლობაა. ლიცენზიის  მისაღებად კი სარეწაო/თევზსაჭერი გემის ქონა, რამდენიმე ათასი ლარის გადახდა და კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი კრიტერიუმის დაკმაყოფილება არის საჭირო. ამის საშუალება კი აქაურებს არ გააჩნიათ. მეთევზეები მხოლოდ ძრავიან ნავებსა და მარტივ თევზსაჭერ ბადეებს ფლობენ და სათევზაო არეალიც მნიშვნელოვნად აქვთ შეზღუდული.

 ნუგზარ გაბელია, მეთევზე: „ძალიან რთულ პირობებში გვიწევს თევზაობა  და, შესაბამისად, ოჯახის რჩენა.  პრობლემა ლიცენზიის არქონაა. ჩვენ კონკურენციას ვერ ვუწევთ თურქულ გემებს და ვერც გავუწევთ.  300 მეტრის იქით, სიღრმეში თევზაობაც აკრძალული გვაქვს. ნაპირზე  თევზაობა ვის გაუგია, 4 — 5 კილომეტრით მაინც უნდა შეხვიდე ზღვაში. არაერთხელ დაგვაჯარიმეს.  ტივტივაც არ არის და უნებლიედ ვკვეთთ ამ ე.წ. აკრძალულ ტერიტორიას.  ვჯარიმდებით კიდეც.  ვთხოვთ ყველა იმ ადამიანს, ვისაც ეს საქმე აბარია — გაგვიუმჯობესონ,  გაგვიმარტივონ ლიცენზიის მიღების პირობები.  გაითვალისწინონ, რომ  ჩვენ ამით ვარჩენთ ოჯახს და მოგვაქციონ ყურადღება“. 

 ანაკლიელ მეთევზეთა პრობლემებით დაინტერესდა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, რომელმაც შეისწავლა ეს საკითხი.   

 არჩილ თოდუა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი: „ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სააგენტოში განგვიმარტეს, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო პერიოდულად აცხადებს აუქციონს და თითოეულ შემთხვევაში განსხვავებულ პირობებს აწესებს. ჩვენ მოვუწოდებთ გარემოს ეროვნულ სააგენტოს, რომ 2016 წელს, თევზჭერის ლიცენზიის მორიგი აუქციონის გამოცხადებისას, იმგვარად განისაზღვროს პირობები, რომ ლიცენზიის მიღების შესაძლებლობა ჰქონდეთ არა მხოლოდ მსხვილ მეწარმეებს, არამედ მწირი ფინანსური შესაძლებლობების მქონე მეთევზეებსაც“. 

 შავ ზღვაში თევზაობის ლიცენზიების ვადა 2016 წლის აპრილში იწურება. სწორედ ამ დროისთვის ჩატარდება ახალი აუქციონი, რომელსაც იმედით ელოდებიან ანაკლიელი მებადურები.


ყველა ახალი ამბავი
0