არსებობს საშიშროება, რომ ადამიანმა კომპიუტერივით ფიქრი დაიწყოს?

© photo: Sputnik / Александр Демьянчук / გადასვლა მედიაბანკშიკომპიუტერული პროგრამები
კომპიუტერული პროგრამები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბავშვმა მშობლის დახმარებით უნდა გააცნობიეროს, რომ კომპიუტერი არ არის ცხოვრების სტილი - იგი მხოლოდ გასართობი, შემეცნებითი და დროებითია.

  ირმა ლეჟავა

  პირველკლასელებისთვის კომპიუტერების საჩუქრად გადაცემა წინა ხელისუფლების პერიოდში დაიწყო და დღემდე გრძელდება. ალბათ განსაზღვრულია, რომ კომპიუტერი შემეცნების ასამაღლებლად ბავშვების დამხმარედ უნდა იქცეს, თუმცა უმეტესობა მას მულტფილმების საყურებლად და სათამაშოდ უფრო იყენებს. უცხოელ ფსიქოლოგთა კვლევებით, ბავშვები და მოზარდები, თურმე, მულტფილმების ინტენსიური ყურებითა და კომპიუტერული თამაშების ზეგავლენით ბოლო ხანს განსაკუთრებით აგრესიულები და დაუნდობლები გახდნენ.  

 მართლაც ასეთ საფრთხეს შეიცავს თუ არა კომპიუტერთან და ტელეეკრანთან მიჯაჭვულობა? თუ ასეა, კომპიუტერის ეპოქაში რითი შეიძლება ამ საფრთხის თავიდან აცილება?— ამ კითხვებზე პასუხს  ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის წევრი, ფსიქოლოგი, ნინო ახალაია გაგვცემს:

 - მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარებამ სასარგებლოსთან ერთად საკმაოდ ბევრი პრობლემა აღმოაცენა — საფრთხე ადამიანის, განსაკუთრებით, ბავშვებისა და მოზარდების ფსიქიკურ სიჯანსაღეს შეექმნა. თანამედროვე მულტფილმებისა და გავრცელებული კომპიუტერული თამაშების უმრავლესობა აგრესიულობისა და ძალადობის ელემენტებს შეიცავს. ვირტუალურ სამყაროში ჩაფლული მოზარდი მოქმედების გმირთან იდენტიფიცირდება და მისი სახით თავად ხდება სხვადასხვა მისიის შემსრულებელი, აქვს მიზანი, რომლის მიღწევას ხშირად მსხვერპლი სჭირდება. თამაშის პროცესში ბავშვები საკუთარ დაძაბულობასა და ნეგატიურ განცდებს აღასრულებენ, ამით წყენა ვირტუალურ მტრებზე გადააქვთ. ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა რთულია: უშუალოდ კომპიუტერული თამაშები იწვევს აგრესიულობის მომატებას თუ აგრესიულობის მოთხოვნილების მქონე ბავშვები და მოზარდები ირჩევენ ძალადობრივი შინაარსის სიუჟეტებს? ერთი რამ კი აშკარაა: წარმოსახულ და ირეალურ სამყაროში მეტისმეტი ჩართულობა ქმნის პიროვნულ პრობლემებს — ყალიბდება დამოკიდებულება, რომელიც საფრთხეს უქმნის ემოციურ სფეროსა და სოციალურ კონტაქტებს, ზრდის ნევროტულობის, აგრესიულობის, მტრობის გამოვლენის ხარისხს, ზიანდება ფიზიკური ჯანმრთელობა და შესაძლოა,  ფსიქიკური დარღვევის პროვოცირებაც მოხდეს.

 — ქალბატონო ნინო, თუნდაც ერთი შეხედვით უვნებელი მულტფილმები როგორ ზემოქმედებს პატარების ცნობიერებასა და ფიზიკურ განვითარებაზე? 

 — საშინაო თუ საგარეო საქმეებით დაკავებული მშობელი, პატარის ინტერესის მიუხედავად, ხშირად საკუთარი დროის გამოთავისუფლების მიზნით ბავშვისთვის მულტფილმების ჩართვას არჩევს.  ბევრი თანამედროვე მულტფილმის სიუჟეტი კი ცუდ ზეგავლენას ახდენს მზარდ, ჩამოყალიბების პროცესში მყოფ ფსიქიკაზე, ზოგადად — ბავშვის განვითარებაზე. მულტფილმების უკონტროლო ყურებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს აგრესიულობისკენ მიდრეკილებას, ყურადღების დეფიციტის განვითარებას, მეტყველების პრობლემების ჩამოყალიბებას, სხვადასხვა ნევროტული რეაქციების გამოვლენას, წონის მატებას, მხედველობის გაუარესებას და ა.შ.

 ზოგადად,  სამ  წლამდე ბავშვისთვის განსაკუთრებით არასასურველია მულტფილმების ხანგრძლივად ყურება, სამი წლის ზემოთ ბავშვებისთვის კი მულტიპლიკაციური ფილმები შინაარსის მიხედვით მკაცრად უნდა შეირჩეს, ასევე — გაკონტროლდეს ყურების პერიოდიც. თანამედროვე მულტიპლიკაციური სივრცე შეივსო სწაფად და იაფად გაკეთებული უხარისხო პროდუქციით. მულტფილმის გმირები მყვირალა ფერებით, სახისა და სხეულის დამახიჯებული პროპორციებით, გამაღიზიანებელი გახმოვანებით და აგრესიული მოქმედებებით ვერ მოახდენენ პატარის ფსიქიკაზე სასიკეთო გავლენას. მნიშვნელოვანია, რომ შვილისთვის შერჩეულ მულტფილმში მთავარი გმირი იყოს დადებითი პერსონაჟი, ჰქონდეს იუმორი, ჯანსაღი მიზნები, გამოირჩეოდეს კარგი თვისებებით — იყოს მეგობრული, კეთილი, ზრდილობიანი, ანუ ფლობდეს სასურველ და საუკეთესო თვისებებს. ეს გმირი შეიძლება ცელქიც იყოს, მოუსვენარიც, სასაცილოც, მაგრამ მთავარია, საკუთარ თავთან და გარე სამყაროსთან პოზიტიური დამოკიდებულება ჰქონდეს, რადგან ბავშვი შეუცნობლად სწორედ საყვარელ  გმირთან აიგივებს თავს. ასევე, უმნიშვნელოვანესია, მულტფილმის ფინალი იყოს ბედნიერი, სიკეთე იმარჯვებდეს, რომ ბავშვში ოპტმიმიზმის ჩამოყალიბებას შეეწყოს ხელი. მიუხედავად  ნებისმიერი სასიკეთო გავლენისა, ვერც ერთი მულტფილმი, თუნდაც შემეცნებითი და განმავითარებელი, ვერ ჩაანაცვლებს ბავშვის მოზრდილებთან და თანატოლებთან ურთიერთობით მიღებულ ეფექტს.

 — ადრეულ ასაკში კომპიუტერული თამაშებით გატაცება ბავშვს რას აძლევს ან  რას ვნებს? 

 — ზომიერად მოხმარებისას კომპიუტერული თამაში შეიძლება იყოს განმავითარებელი, შემეცნებითი, ასევე ლოგიკური აზროვნების გააქტიურების ხელშემწყობი. იგი აყალიბებს დასახული მიზნის მიღწევისკენ სწრაფვას, თუმცა ამ მიმართულებით განვითარება, რა თქმა უნდა, კომპიუტერული თამაშების გარეშეც არის შესაძლებელი. ამ თამაშების უარყოფითი მხარე მეტად ძლიერია — ხშირად ის გატაცება კი არა, უფრო — თამაშებზე დამოკიდებულებაა, რაც ანაცვლებს და უინტერესოს ხდის ოჯახს, თანატოლებთან ურთიერთობას, სწავლას. თანდათანობით ვიწროვდება სოციალური წრე და იზრდება გაღიზიანება, აგრესიულობა, წყენა. მატულობს დეპრესიული ფონი, იკარგება მოტივაცია. ბავშვის განცდაში ოჯახის წევრებიც კი  შესაძლოა, მტრად იქცნენ, რადგან ხელს უშლიან და უპირისპირდებიან მას. 

 ცნობილი ნათქვამია, მთავარი საფრთხე ის კი არ არის, რომ კომპიუტერი დაიწყებს აზროვნებას, არამედ სახიფათოა,  თვითონ ადამიანმა არ დაიწყოს კომპიუტერივით ფიქრი.

 ამიტომ ბავშვმა მშობლის დახმარებით უნდა გააცნობიეროს, რომ კომპიუტერი არ არის ცხოვრების სტილი — იგი მხოლოდ გასართობი, შემეცნებითი და დროებითია. სრული აკრძალვა ხშირად ძალიან ნეგატიურ შედეგებს იძლევა. მზა რჩევების უხვად გაცემა შეიძლება, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, თუკი მშობელს სურს დაიხსნას ტელევიზიასა თუ ინტერნეტსივრცეზე დამოკიდებული  შვილი, უნდა შეეცადოს, რომ მისთვის ის რეალური სამყარო, რომელშიც ცხოვრობს, ნამდვილი ურთიერთობები, დამოკიდებულებები, მიზნები თუ სურვილები გახადოს უფრო მიმზიდველი და საინტერესო, ვიდრე ვირტუალური სამყარო, ილუზორული რეალობა, რომელსაც თვითონ ბავშვი ქმნის.


ყველა ახალი ამბავი
0