თბილისში პატივი მიაგეს ალექსანდრე ქართველის ხსოვნას

© Ministry of Defence of Georgiaალექსანდრე ქართველიშვილის ბარელიეფი
ალექსანდრე ქართველიშვილის ბარელიეფი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, „დელტას“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სკვერს ალექსანდრე ქართველის სახელი მიენიჭება.

თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. ცნობილი ქართველი ავიაკონსტრუქტორის ალექსანდრე ქართველისადმი მიძღვნილი ავიაკვირეულის ფარგლებში, 18 სექტემბერს  სსსტც „დელტას“ ფასადზე ალექსანდრე ქართველის (ქართველიშვილის) ბარელიეფი გაიხსნა. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იტყობინება. მემორიალური დაფა „ალექსანდრე ქართველის საერთაშორისო საზოგადოების“ დამფუძნებელმა ლელა ქართველიშვილმა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა გახსნეს. მათ ამერიკაში მოღვაწე ცნობილი ავიაკონსტრუქტორი გაიხსენეს და ალექსანდრე ქართველის  ღვაწლზე ისაუბრეს. 

 თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, „დელტას“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სკვერს ალექსანდრე ქართველის სახელი მიენიჭება.

 ალექსანდრე ქართველისადმი მიძღვნილი კვირეული 9 სექტემბერს გაიხსნა და 19 სექტემბერს, ალექსეევკის სამხედრო საავიაციო ბაზაზე, ქართული ავიაციის დღის აღნიშვნით დასრულდება. კვირეულის მხარდამჭერია საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

 ალექსანდრე ქართველი (ქართველიშვილი) (1896 — 1974) — ქართველი ავიაკონსტრუქტორი, აშშ-ის ავიამშენებლობის ერთ-ერთი პიონერი. აშშ-ის საავიაციო ისტორიაში ალექსანდრე ქართველი მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო და მოწინავე ავიაკონსტრუქტორად.

 ქართველიშვილი დაიბადა თბილისში, ცნობილი მოღვაწის მიხეილ ქართველიშვილის ოჯახში. სწავლობდა თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში, რომელიც დაამთავრა 1914 წელს. 1922 წელს დაამთვარა პარიზის ავიაციის უმაღლესი სკოლა.1922-1927 წლებში მუშაობდა გამოჩენილი ფრანგი ავიატორის ლუი ბლერიოს კომპანიაში, სადაც მონაწილეობა მიიღო თვითმფრინავების „Bernard“ და „Ferbois“ შექმნაში. 1924 წელს მისმა ერთ-ერთმა თვითმფრინავმა დაამყარა სიჩქარის მსოფლიო რეკორდი.

 1927 წელს ცნობილმა ამერიკელმა მულტიმილიონერმა ჩარლზ ლევინმა ქართველიშვილი სამუშაოდ მიიწვია ნიუ-იორკში. 1928 წელს მან მოღვაწეობა დაიწყო ცნობილ კომპანიაში „Fokker American Company“. 1931 წელს იგი შეხვდა საავიაციო საქმის მეორე ცნობილ ინჟინერს ალექსანდრე სევერსკის, რომელიც წარმოშობით ქართველი იყო და იყო იმხანად უკვე ფართოდ ცნობილი კორპორაციის „Seversky Aircraft Corporation“ პრეზიდენტი და მთავარი ინჟინერი. 1939 წელს მას შეეცვალა სახელი და ეწოდა„Republic Aviation Company“. ქართველიშვილი იყო ამ კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი.

 ქართველიშვილმა და სევერსკიმ ერთად შექმნეს რამდენიმე თვითმფრინავი, ხოლო მეორე მსოფლიო ომის დროს თვითმფრინავი Republic P-47, რომელიც ომის ბოლო წლებში შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ერთ-ერთ მთავარ თვითმფრინავს წარმოადგენდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქართველიშვილმა შექმნა ისეთი ცნობილი თვითმფრინავები როგორიც არის F-84 Thunderjet, Republic F-105 და Republic F-84.

 ავიამშენებლობის და აერონავტიკის დარგში დიდი დამსახურებისთვის ქართველ ინჟინერს მიღებული ჰქონდა აშშ-ის მეცნიერების ეროვნული მედალი. იგი არჩეული იყო აშშ-ის საინჟინრო აკადემიის საპატიო წევრად.

 ალექსანდე ქართველიშვილი გარდაიცვალა 1974 წელს ნიუ-იორკში.


ყველა ახალი ამბავი
0