საქართველოში მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით აქციები გაიმართება

© photo: Sputnikსაქართველოს დროშა
საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქტივისტები კანონპროექტში ისეთი ცვლილებების შეტანას მოითხოვენ, რომლის შედეგადაც მარიხუანის მოხმარების გამო მოქალაქის მიმართ სისხლის სამართლის საქმე არ აღიძრება.

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით საქართველოს ხუთ ქალაქში — თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდსა და ბოლნისში სამშაბათს, 2 ივნისს აქციები ერთდროულად გაიმართება. 

”ჩვენ ხელისუფლებისგან მოვითხოვთ კანონმდებლობაში ისეთი ცვლილებების შეტანას, რომლის შედეგადაც მოქალაქეს კანაფის მოხმარებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში არ მისცემენ”, — განაცხადეს „2 ივნისის“ მოძრაობის ორგანიზატორებმა.

მათ ასევე აღნიშნეს, რომ ადამიანების ციხეში ჩასმა მარიხუანას მოხმარებისთვის ”დაკანონებული ბოროტებაა”.

თბილისში აქცია მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გაიმართება, ქუთაისში — პარლამენტის შენობასთან, ბათუმში — ევროპის მოედანზე, ზუგდიდში — გამსახურდიას გამზირზე, ბოლნისში — ბოლნისის პარკში. აქციები 18:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს პარლამენტის ბიურომ ორშაბათს, 1 ივნისს დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში მარიხუანას დეკრიმინალიზაციას ითვალისწინებს. მარიხუანის დეკრიმინალიზაციაზე კანონპროექტის ავტორი საპარლამენტო ფრაქცია „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი გოგა ხაჩიძეა. 

მისი ინიციატივის თანახმად, მარიხუანასა და კანაფის დამზადება, შეძენა, შენახვა ან მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე არ უნდა იყოს სამართლებრივად დასჯადი დანაშაული.

უფრო ადრე საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო შესწორებები სისხლის სამართლის კოდექსში, რომლის თანახმადაც ნარკოდანაშაულის დასჯა ქვეყანაში შემსუბუქდა, თუმცა იგი არ შეეხო ნარკოტიკების რეალიზაციასთან დაკავშირებულ დანაშაულს. 


ყველა ახალი ამბავი
0