ფეხბურთელ დემეტრაძის ადვოკატი ირწმუნება, რომ თავისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა

გამოწერა
ადვოკატი გიგა ზირაქიშვილი, რომელიც ფეხბურთელ გიორგი დემეტრაძის ინტერესებს იცავს, თავისი დაცვის ქვეშ მყოფს ”უკანონო პატიმარს” უწოდებს.

თბილისი, 21 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა ჯავახია. ადვოკატი გიგა ზირაქიშვილი, რომელიც ფეხბურთელ გიორგი დემეტრაძის ინტერესებს იცავს და რომელიც თბილისში ”ქურდულ სამყაროსთან” კავშირის ბრალდებით დააკავეს, ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტთან საუბარში თავისი დაცვის ქვეშ მყოფს ”უკანონო პატიმარს” უწოდებს.

”სასამართლოს დემეტრაძის წინააღმდეგ მტკიცებულებები, პრაქტიკულად, არ გააჩნია და გამოძიება კანონის დარღვევით მიმდინარეობს”, - ამტკიცებს ადვოკატი.

”დემეტრაძის საქმე პროკურატურიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში გადააგზავნეს, მაგრამ სასამართლო პროცესის ჩატარების ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია. ვფიქრობ, რომ პროცესი, სავარაუდოდ, ერთი თვის შემდეგ დაინიშნება”, - განაცხადა ადვოკატმა.

”მთავარია, რომ გამოძიებას დემეტრაძის ბრალის დამადასტურებელი არანაირი სამხილი არ გააჩნია და ის, ფაქტობრივად, უკანონო პატიმარია”, - განაცხადა ზირაქიშვილმა.

ადვოკატის თქმით, ადამიანის უფლებების სტრასბურგის სასამართლომ უკვე დაარეგისტრირა საჩივარი, სადაც დემეტრაძის წინააღმდეგ საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით ყველა დაშვებული შეცდომა დეტალურად არის აღწერილი.

”თავად დემეტრაძე ძალიან გაკვირვებულია იმით, რაც მოხდა”, - აღნიშნა ადვოკატმა.

როგორც ზირაქიშვილმა აღნიშნა, დემეტრაძესთან ერთად დაკავებული კახა მისირელი, რომელიც შსს-ს საგამოძიებო-ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელია, ამ დღეებში გირაოს სანაცვლოდ (5 ათასი ლარი), სამედიცინო ცნობის საფუძველზე, გაათავისუფლეს.

დემეტრაძე და კიდევ ერთი დაკავებული - დავით გაგნიძე გლდანში, მე-8 საგამოძიებო იზოლატორში იმყოფებიან.

ცნობილი ქართველი ფეხბურთელი გიორგი დემეტრაძე თბილისის მთავარი სამმართველოს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა ივლისის დასაწყისში დააკავეს. გამოძიების მონაცემებით, დემეტრაძეს კავშირი აქვს ეგრეთ წოდებული ”ობშჩაკისთვის” ფულის შეგროვებასთან. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით (ქურდული სამყაროს წევრობა, კანონიერი ქურდი), რომელიც ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ჯარიმით ან ჯარიმის გარეშე ითვალისწინებს. დემეტრაძესთან ერთად დააკავეს დავით გაგნიძე და კახა მისირელი. გამოძიების მასალებში ნახსენებია ეგრეთ წოდებული ”კანონიერი ქურდი”, ადრე ნასამართლევი ვატო ყიფიანი, რომელიც ამჟამად უკრაინაში ცხოვრობს.

ყველა ახალი ამბავი
0