”ქარვასლაში” დევნილთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართება

გამოწერა
აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა თბილისის ისტორიის მუზეუმ ”ქარვასლაში” 24-25 სექტემბერს გაიმართება.

თბილისი, 17 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა თბილისის ისტორიის მუზეუმ ”ქარვასლაში” 24-25 სექტემბერს გაიმართება, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს ღონისძიების ორგანიზატორ საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტების ასოციაციაში.

გამოფენა-გაყიდვა პროექტის "ერთად ჩვენ შევძლებთ“ ფარგლებში ეწყობა. გამოფენის პარალელურად გაიმართება ფოტოკონკურსი.

ფოტოკონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელიც წარმოადგენს ფოტომასალას დევნილობის თემაზე. ”სასურველია,  წარმოდგენილი ფოტოები ასახავდეს დევნილობაში მცხოვრები საქართველოს მოსახლეობის ყოველდღიურ ყოფას, მათ ახალ რეალობას იძულებით გადაადგილების გამო, დევნილთა განცდებსა და იმედებს”, - აღნიშნეს ასოციაციაში.

ფოტოკონკურსში გამარჯვებული ნამუშევრების ავტორთათვის დაწესებულია პრიზები - პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ ფოტოების ავტორებს გადაეცემათ საპრიზო ადგილის მიხედვით 300, 200 და 100-ლარიანი სასაჩუქრე ბარათები ”ფოტოსამყაროს” მომსახურეობაზე. ამასთან, კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცემა სიგელი მონაწილეობისთვის.

მიღებული საკონკურსო მასალა გაივლის 2-ეტაპიან შერჩევას: პირველ ეტაპზე მოხდება საგამოფენოდ 50 საუკეთესო ფოტოს შერჩევა, რაც გამოფენილი იქნება ”ქარვასლის”  საგამოფენო დარბაზში 24-25 სექტემბერს და შერჩევის მეორე ეტაპზე, საგამოფენო 50 ნამუშევრიდან გამოვლინდება საუკეთესო სამეული.

გამოფენის მსვლელობისას ასევე შედგება კრებულის ”ერთად ჩვენ შევძლებთ” პრეზენტაცია, სადაც თავმყორილია დევნილების ლექსები და მოთხრობები.

ღონისძიებას დაესწრებიან სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების, მასმედიის წარმომადგენლები, სტუდენტები და საზოგადოების გამოჩენილი სახეები.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პარტნიორები არიან ”ოქსფამ დიდი ბრიტანეთი”, ინვალიდი დედების და ინვალიდი ბავშვების ასოციაცია ”დეა” და ”ველფერ ფაუნდეიშნ”.

ყველა ახალი ამბავი
0