ქართული სკოლების დაწყებითი კლასების მასწავლებლებს კომპიუტერზე მუშაობას ასწავლიან

გამოწერა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დაწყებითი კლასების პედაგოგებისთვის ოთხდღიანი ტრენინგები მოაწყო, სადაც ისინი კომპიუტერების საბაზისო უნარ-ჩვევებს აითვისებენ და ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს გაეცნობიან. ტრენინგები 110 მასწავლებელმა უკვე გაიარა.

თბილისი, 3 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ნატალია სმოლნიკოვა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დაწყებითი კლასების პედაგოგებისთვის ოთხდღიანი ტრენინგები მოაწყო, სადაც ისინი კომპიუტერების საბაზისო უნარ-ჩვევებს აითვისებენ და ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს გაეცნობიან. ტრენინგები 110 მასწავლებელმა უკვე გაიარა.

როგორც ”ახალი ამბები - საქართველოს” სამინისტროში აცნობეს, გადამზადება სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტების მიერ განხორციელდა.

როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ”გადამზადებული მასწვლებლები ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, მცხეთის, მესტიისა და თბილისის იმ საპილოტე სკოლებიდან იყვნენ, სადაც ახალი სასწავლო წლიდან  პირველკლასელებს ნეტბუქები დაურიგდებათ და მას სახელმძღვანელოსთან ერთად, როგორც დამხარე საშუალებას, სასწავლო პროცესში გამოიყენებენ”.

ტრენინგის შედეგად მასწავლებლები კომპიუტერის საშუალებით  გაკვეთილის მომზადებას, კლასისა და მოსწავლეებთან ერთად მასალის შინაარსის მართვას, სკოლის გარეთ მოსწავლეებთან და მშობლებთან კომუნიკაციას, შინაარსის შექმნასა და კოლეგებთან გაზიარებას, მოსწავლეების ნამუშევრების შეფასებას შეძლებენ, აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

გადამზადებული პედაგოგები მოსწავლეებს  განუვითარებენ ისეთ უნარ-ჩვევებს, როგორიცაა საკლასო კომპიუტერების  საშუალებით შინაარსზე წვდომა (ონლაინ და ოფლაინ რეჟიმში), საშინაო დავალების მომზადება, მასწავლებლებთან კომუნიკაცია და შინაარსის შექმნა და გაზიარება (ინდივიდუალურად ან ჯგუფებში), აღნიშნავს სამინისტრო.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კომპიუტერები, რომელსაც წელს 3000-მდე პირველკლასელი მიიღებს, საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციების საფუძველზეა  შექმნილი. იმისათვის, რომ  ნეტბუქი ბავშვისთვის ადვილად გამოსაყენებელი ყოფილიყო, მსოფლიოს მასშტაბით არაერთი კომპეტენტური სპეციალისტი მუშაობდა.

პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში 2011 სასწავლო წლიდან ნეტბუქები  საქართველოს ყველა საჯარო სკოლის პირველკლასელს გადაეცემა.

საპილოტე სკოლების მასწავლებელთა გადამზადება საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისებაში და მათი სწავლების პროცესში გამოყენებისთვის გრძელდება. ამჯერად, ტრენინგებს 9-15 სექტემბერს კომპანია ”ინტელი” განახორციელებს.  ტრენინგების ძირითადი თემაა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება სასწავლო გარემოში, სკოლაში და სახლში, აღნიშნულია განათლების სამინისტროს განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0