ბრძოლა ცეცხლთან: რუსეთში ორი მსხვილი სავაჭრო ობიექტი დაიწვა

© photo: Sputnik / Maksim Blinov / გადასვლა მედიაბანკშიხანძარი მოსკოვში
ხანძარი მოსკოვში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსკოვსა და დონის როსტოვში ცეცხლის ღია კერები ლიკვიდირებულია.

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. მოსკოვსა და დონის როსტოვში სავაჭრო ცენტრსა და ბაზრობაზე გაჩენილ ხანძრებს მთელი ღამე აქრობდნენ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

ხანძარი ათასობით კვადრატულ მეტრზე გავრცელდა, რომლის ლიკვიდაციის ოპერაციაში რამდენიმე ათეული ტექნიკა, ავიაცია და ასობით მეხანძრე იყო ჩართული, რის შედეგადაც ორივე ობიექტზე ცეცხლის ღია კერების ლიკვიდირება დილით მოხერხდა.

სავაჭრო ცენტრი

მოსკოვის რაიონ სტროგინოსთან ახლოს მდებარე სავაჭრო ცენტრ „სინდიკაში" ცეცხლი კვირას, დღისით გაჩნდა. ხანძარმა 55 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი მოიცვა. სავაჭრო ცენტრის ნაწილი ჩამოინგრა. შენობიდან ევაკუირებულია 3 000 ადამიანი.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ხანძარს სირთულის მესამე კატეგორია მიანიჭეს. ავიაციამ ხანძრის კერებს 600 ათას ლიტრზე მეტი წყალი დაასხა.

აღსანიშნავია, რომ ხანძრის ჩაქრობაში 350-ზე მეტი ადამიანი და 180 ერთეულზე მეტი ტექნიკა იყო ჩართული, მათ შორის, სამი ვერტმფრენი Ка-32.

წინასწარი მონაცემებით, ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობამ, შესაძლოა, ხუთ მილიარდ რუბლს მიაღწიოს.

ბაზრობა დონის როსტოვში

ამ დროისათვის მეხანძრეებმა დონის როსტოვში ბაზრობაზე ხანძრის ღია კერები ჩააქრეს, იუწყება რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სამხრეთის რეგიონული ცენტრის წარმომადგენელი.

„ამ დროისთვის ხანძრის ორივე ადგილზე აალება სრულად ლიკვიდირებულია, ხოლო ორ სხვა ადგილზე კი ლიკვიდირებულია ღია წვა", — განაცხადა მან.

ბაზრობა ხანძრის გაჩენის დროს ცარიელი იყო და ადამიანების ევაკუირება საჭირო არ გახდა. РИА Новости-ს თვითმხილველმა განუცხადა, რომ მიუხედავად ამისა, ცეცხლმოკიდებული ბაზრობიდან მოვაჭრეებს საქონელი გამოჰქონდათ.

ხანძრის ჩაქრობაში 160 ადამიანი და 49 ერთეული ტექნიკა იყო ჩართული.

ყველა ახალი ამბავი
0