კარასინი: რუსეთი ქართული ავიაკომპანიებისთვის სავიზო რეჟიმს გაამარტივებს

გამოწერა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის პერსპექტივა მხოლოდ ქართულ მხარეზეა დამოკიდებული.

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს ჯერჯერობით არ გააუქმებს, მაგრამ გაამარტივებს თვითმფრინავების ეკიპაჟებისთვის, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა რუსულ გამოცემა „იზვესტიასთან" ინტერვიუში.

ამჟამად რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა უვიზოდ შეუძლიათ, თუმცა, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში სტუმრობისთვის ვიზები სჭირდებათ.

„საქართველომ ვიზები გააუქმა არა მხოლოდ რუსეთის, არამედ ასევე დაახლოებით 100 ქვეყნის მოქალაქეებისთვის, თან, უმეტესად, ცალმხრივად. ასეთია, ჩვეულებრივ, იმ სახელმწიფოების პრაქტიკა, რომლებიც ტურისტების მოზიდვას ცდილობენ. თანამედროვე მსოფლიოში, სადაც სწრაფად იზრდება ტერორისტული და სხვა საფრთხეები, „ტურისტულ ქვეყნებს", რა თქმა უნდა, სავიზო საკითხებში „ავტომატური" პასუხის იმედი არ უნდა ჰქონდეთ", — განაცხადა კარასინმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობების ყველაზე რთულ პერიოდშიც კი მოსკოვი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შენარჩუნებასა და შემსუბუქებას ცდილობდა.

გრიგოლი კარასინი - Sputnik საქართველო
კარასინს აბაშიძესთან პროდუქტიული შეხვედრის იმედი აქვს

„2015 წლის დეკემბერში რუსული მხარე საქართველოს მოქალაქეებისთვის ნებისმიერი ვადით საქმიანი, სამუშაო, სასწავლო და ჰუმანიტარული ვიზების, ასევე კერძო ვიზების გაფორმებაზე გადავიდა. შედეგად, 2016 წელს თბილისში ჩვენი ინტერესთა სექციის მიერ გაცემული ვიზების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა. ახლა ვამზადებთ ვიზების გამარტივებას თვითმფრინავების ეკიპაჟებისთვის, რომლებიც ჩვენ ქვეყნებს შორის რეისებს ახორციელებენ", — განაცხადა კარასინმა.

დიპლომატმა ყურადღება გაამახვილა ვითარებებზე, რომლებიც აფერხებს რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას.

„სავიზო ლიბერალიზაციის თემაზე მასშტაბური ერთობლივი სამუშაოს ჩატარების ორგანიზება რთულია დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის ვითარებაში. ის, როგორც ცნობილია, ქართული მხარის ინიციატივით შეწყდა. ხოლო მისი აღდგენის პერსპექტივა ასევე მხოლოდ თბილისზეა დამოკიდებული", — აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი რთულია იმის გათვალისწინებით, რომ არა მხოლოდ ცენტრალური აზია, არამედ ასევე სამხრეთ კავკასიის რეგიონი იმ მარშრუტებად ყალიბდებიან, რომელთა გამოყენებასაც ტერორისტები და ნარკომოვაჭრეები აქტიურად ცდილობენ.

ამის საპასუხოდ თბილისში განაცხადეს, რომ საქართველო მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების რიცხვში შედის და ეს ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებით დასტურდება. ახალი რეგულაცია ევროკავშირის ქვეყნებთან მიმდინარე წლის 28 მარტს ამოქმედდა.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოში, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის საპასუხოდ, თბილისის გადაწყვეტილებით შეწყდა.

ყველა ახალი ამბავი
0