გლებოვა: რუსეთი უმაღლეს სასწავლებლებში უფასოდ სასწავლებლად 15 ათას უცხოელს იწვევს

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშისტუდენტები აუდიტორიაში
სტუდენტები აუდიტორიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმის შესახებ, თუ ვინ, რისთვის და როგორ შეძლებს რუსეთში უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის მისაღებად ჩასვლას, Sputnik-სთვის მიცემულ ინტერვიუში ლიუბოვ გლებოვა საუბრობს.

„როსსოტრუდნიჩესტვომ“ უცხოეთის მოქალაქეებისთვის რუსეთის უნივერსიტეტებში უფასო სწავლებაზე მიღება გამოაცხადა. უწყების ხელმძღვანელმა ლიუბოვ გლებოვამ ისაუბრა, თუ ვინ, რისთვის და როგორ შეძლებს რუსეთში უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის მისაღებად ჩასვლას. 

– ლიუბოვ ნიკოლაევნა, რამდენი უცხოელი ჩამოდის რუსეთში ყოველწლიურად უფასო განათლების მისაღებად?

— რუსეთი ბოლო სამი წლის განმავლობაში ყოველწლიურად 15 ათას უცხოელს იწვევს ჩვენ უმაღლეს სასწავლებლებში აბსოლუტურად უფასო განათლების მისაღებად. ამ პროცესში რუსეთის 400-ზე მეტი უნივერსიტეტია ჩართული.  

ვადიმ გორელოვი - Sputnik საქართველო
რუსეთის ვიზები შუამავლების გარეშე

წელს პირველად ხდება, რომ ჩარიცხვები სრულიად ღიაა. გავაანალიზეთ რა საზღვარგარეთელი კოლეგების გამოცდილება იმის შესახებ, თუ როგორაა მათთან ეს ყველაფერი ორგანიზებული, განაცხადების მიღება წელს ელექტრონული ფორმით გადავწყვიტეთ. მიღების პროცედურაში გლობალური ცვლილებები არ მომხდარა, თუმცა ის უფრო გამარტივდა და გამჭვირვალე გახდა. საინფორმაციო პორტალი საშუალებას იძლევა, თავიდან ავირიდოთ შუამავლების დიდი რაოდენობა, რომლებიც მანამდე „თავს დასტრიალებდნენ“ ამ პროცესს. 

მსოფლიოს 198 ქვეყნის მოქალაქეს საშუალება აქვს, გამოგვიგზავნოს განაცხადი რუსეთის უნივერსიტეტებში სხვადასხვა სპეციალობებზე (დაწყებული მედიცინით, დასრულებული ბირთვული ფიზიკით) ჩასარიცხად. ცალკე მიმართულებაა გამოყოფილი რუსისტებისთვის, ლინგვისტებისა და ფილოლოგებისთვის. ყველაფერი, რაც კი რუსულ ენას უკავშირდება, ახლა ძალიან მოთხოვნადია საზღვარგარეთ. 

– როგორ უნდა მოიქცეს უცხოელი, რომ რუსეთის სახელმწიფო კვოტის პრეტენდენტი გახდეს?

— უნდა დარეგისტრირდეს პორტალზე www.russia.study. პროცედურას ოციოდე წუთი სჭირდება და სულ ორი ელემენტარული ნაბიჯით სრულდება: უცხოეთის მოქალაქე ადასტურებს საკუთარ პიროვნებას, შემდეგ კი ელექტრონულ ფოსტას ხსნის. დასტური მყისიერად მოდის. ელფოსტა იმისთვისაა საჭირო, რომ მომავალში სწრაფი და საიმედო კავშირი დავამყაროთ პოტენციურ აბიტურიენტთან. თავად ის როგორ ოპერატიულად მოახდენს რეაგირებას ჩვენ შეტყობინებებზე, ეს უკვე მის დაინტერესებაზეა დამოკიდებული. 

ვერიფიკაციის შემდეგ კანდიდატი ავსებს ანკეტას, სადაც შეაქვს საკუთარი მონაცემები, ინფორმაცია განათლებისა და მიღწევების შესახებ, უთითებს, რა მიმართულებით სურს სწავლა და ასევე წერს ერთგვარ სამოტივაციო წერილს. ანკეტა, ქვეყნების მიხედვით, ანკეტათა სიაში ხვდება. ამის შემდეგ ამა თუ იმ ქვეყნის ოპერატორი (თითოეულ ქვეყანას თავისი ოპერატორი ემსახურება) კანდიდატთა წინასწარ შერჩევას იწყებს. 

– შეიძლება თუ არა ისე მოხდეს, რომ რომელიმე არც თუ ისე ნიჭიერმა უცხოელმა პერსპექტიული რუსი აბიტურიენტის ადგილი დაიკავოს? რაიმე კონკურსის მსგავსი არ გაქვთ გათვალისწინებული?

— „როსსოტრუდნიჩესტვოს“ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობა — რუსული მეცნიერებისა და კულტურის ცენტრები, რომელთა თანამშრომლებიც რამდენიმე პარამეტრის საფუძველზე (ხარისხიანი ატესტატი, ოლიმპიადებში მონაწილეობა და სხვა დამსახურებები) უზრუნველყოფენ პრეტენდენტთა ანკეტების წინასწარ შეფასებას. უფრო მეტად წარმატებულ და ნიჭიერ ახალგაზრდებს პირისპირ თუ დისტანციურ გასაუბრებაზე იწვევენ. მაგალითად, სირიის შემთხვევაში ახლა მხოლოდ დისტანციური ფორმატია შესაძლებელი. მიუხედავად ამისა, მოხარულები ვიქნებით სირიელი ახალგაზრდების რუსეთის უნივერსიტეტებში ხილვით. 

ფინალურ შერჩევას კომისია ატარებს, რომელშიც რუსეთის მეცნიერებისა და კულტურის ცენტრების, საელჩოების, ადგილობრივი განათლების სამინისტროებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან. ახლა ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ უნივერსიტეტებთან, რათა მათი თანამშრომლებიც ჩავრთოთ კომისიაში. 

წლევანდელი წელი საპილოტოა და ამიტომ ჩარიცხვა გასაუბრებით ან ტესტირებით მოხდება. მომავალ წელს კი შეფასების სრულფასოვან ფორმაზე გადასვლას ვგეგმავთ — ოლიმპიადებისა და ტესტების საფუძველზე. ცალკეულ ქვეყანაში ცალკეული რეიტინგი ჩამოყალიბდება. 

ჩარიცხვის ერთ–ერთი ელემენტი ოლიმპიადები იქნება, რომლებსაც რუსეთის უნივერსიტეტები უცხოეთის ქვეყნებში ატარებენ. ამჟამად „როსსოტრუდნიჩესტვო“ მუშაობს, რომ ისინი ერთმანეთის ადეკვატური და რანჟირებადი გახადოს. 

– როგორ უნდა მოიქცნენ ის პრეტენდენტები, რომლებიც შესარჩევ ტურს ვერ გაივლიან?

— უცხოელს, რომელიც ვერ მოხვდება ზემოთ ნახსენებ 15 ათას აბიტურიენტს შორის, რუსეთის უნივერსიტეტებში კონტრაქტით სწავლას შევთავაზებთ. იმის გათვალისწინებით, რომ ბევრ ჩვენ უნივერსიტეტში სწავლა შედარებით იაფია (1000–1500 ევრო წელიწადში), ეს ფორმატი ბევრს დააინტერესებს. 

 — რა ეტაპზე ერთვებიან საქმეში თავად უნივერსიტეტები? როგორ ხვდება რეკომენდებული კანდიდატი კონკრეტულ უნივერსიტეტში?

— სახელმწიფო კვოტის ფარგლებში შერჩეული უცხოელი ირჩევს ექვს უნივერსიტეტს, რომლებშიც მას სწავლა სურს და თავად ახდენს მათ რანჟირებას — გარკვეული ნიშნის მიხედვით დალაგებას. ამის შემდეგ ირთვება საინტერესო მექანიზმი: თითოეული უნივერსიტეტი ხსნის საკუთარ „ელექტრონულ კაბინეტს“ და ირჩევს პრეტენდენტს. თუ კანდიდატი პირველ რიგში სასურველ უნივერსიტეტში ვერ მოხვდება, მისი მონაცემები მეორეს გადაეცემა… ამგვარად მივა აბიტურიენტი მეექვსე უმაღლეს სასწავლებლამდე. 

თუ ექვსიდან არც ერთი უმაღლესი არ მიიღებს მას, რუსეთის განათლების სამინისტრო რომელიმე სხვა უნივერსიტეტში შესთავაზებს სწავლების ალტერნატიულ ვარიანტს. მერწმუნეთ, ამ ჯაჭვში არავინ იქნება დავიწყებული. 

– თქვენი აზრით, რუსეთი კვლავაც შედის მსოფლიოს უძლიერესი უმაღლესი სასწავლებლების მქონე ქვეყანათა რიცხვში? რა მოტივი ამოძრავებთ ახალგაზრდებს, რომლებიც რუსეთში განათლების მისაღებად ჩამოდიან? 

— პირველ რიგში, რუსეთი იძლევა ხარისხიან განათლებას საინჟინრო სპეციალობებში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, მათემატიკური მიმართულებით, ფილოლოგიასა და რუსისტიკაში. ცალკე გამოსაყოფია სამედიცინო განათლებაც, რომელიც ძალიან პოპულარულია უცხოეთში. ანალოგიური ვითარებაა კულტუროლოგიაში – რუსული მუსიკა, თეატრი, კინო კვლავაც უდიდეს ინტერესს იწვევს უცხოელებში. 

მიუხედავად იმისა, რომ განათლებას ჩვენში მძიმე დღეები ჰქონდა, ის კვლავაც ფასდება მსოფლიოში, როგორც ფუნდამენტური და საფუძვლიანი. 

მეორე: რუსეთში სწავლა და ცხოვრება უფრო იაფია, ვიდრე ევროპაში. 

და, ბოლოს, რუსეთი მთელი რიგი ქვეყნებისთვის ლიდერ სახელმწიფოდ მიიჩნევა. ის ადამიანები, რომლებსაც ახლა ბევრ ქვეყანაში ხელმძღვანელი თანამდებობები უკავიათ, ოდესღაც თავად სწავლობდნენ რუსეთში. და ახლა, როდესაც მათი შვილები არიან აბიტურიენტები, ისინი ინტერესით იყურებიან რუსეთის განათლების ცენტრებისკენ, ვინაიდან შესანიშნავად ესმით, რომ რუსეთში სწავლება თვალსაწიერსაც აფართოებს, საჭირო სანაცნობო წრესაც და სწორ ორიენტირებსაც აყალიბებს. ეს მხოლოდ დსთ–ის ქვეყნებს კი არ ეხებათ, არამედ აზიისა და აფრიკის განვითარებად ქვეყნებსაც, ევროპის ცალკეულ სახელმწიფოებსაც და ლათინური ამერიკის ქვეყნებსაც. 

– რა სარგებლობას მოუტანს ეს პროექტი რუსეთს?

— უპირველესად, პროექტი რუსეთის უნივერსიტეტებს საკუთარი მომავლის უზრუნველყოფის, სწორი ინვესტირების შესაძლებლობას აძლევს. უცხოელები, რომლებიც რუსეთში ხარისხიან განათლებას იღებენ, უკან, სამშობლოში დაბრუნებულები რუსეთისადმი ყოველთვის ლოიალურად განწყობილები რჩებიან. ისინი, ვინც მეცნიერებას მიჰყვება, რუსეთის საგანმანათლებლო და სამეცნიერო ორგანიზაციებთან მჭიდრო ურთიერთობას ამყარებენ. ყველაზე მოტივირებული და მოთხოვნადი სტუდენტები კი რუსეთში რჩებიან და აქ განაგრძობენ სწავლასა და მუშაობას. არსებითად, ჩვენ რუსეთში ვიზიდავთ კადრებს, რომლებიც ფრიად საჭირონი არიან ჩვენი ეკონომიკისა და განათლების სისტემისთვის. 

გარდა ყველაფრისა, რუსეთის უნივერსიტეტებში უფასო განათლების კვოტები მხოლოდ ბაკალავრებზე კი არ ვრცელდება, არამედ მაგისტრებზე და ასპირანტებზეც. ეს კი აკადემიური მობილურობის პირდაპირი მაჩვენებელი და სტუდენტური გაცვლის ელემენტია. უნივერსიტეტები საერთაშორისო დონის კონტაქტებს ამყარებენ. 

თუ იმ უცხოელ სტუდენტებზე ვილაპარაკებთ, რომლებიც კვოტით კი არა, კონტრაქტით სასწავლებლად ჩამოდიან, უნდა გითხრათ, რომ ეს უნივერსიტეტებისთვის შესამჩნევი ფულადი სახსრებია. 

– რუსეთში რომ ისწავლო, რუსული უნდა იცოდე, რომელიც არც თუ ისე იოლი ენაა. შეასწავლიან თუ არა უცხოელ სტუდენტებს რუსულს?

— რუსეთის ძალიან ბევრ უნივერსიტეტში ფუნქციონირებს მოსამზადებელი ფაკულტეტები. იმათი ნაწილი, ვინც საერთოდ არ იცის რუსული, მთელი წელი სწავლობს იქ ენას. სხვათა შორის, თითოეულ ასეთ სტუდენტზე წელიწადში ასი ათას რუბლამდე იხარჯება. სახელმწიფო ფულს ხარჯავს, ადამიანები — დროს. 

ამის გამო „როსსოტრუდნიჩესტვო“ მომავალში რუსეთის უნივერსიტეტებთან ერთად სხვადასხვა ქვეყანაში მოსამზადებელი ფაკულტეტების ჩამოყალიბებას ვარაუდობს, სადაც რუსულ ენას შეასწავლიან. 

– ბევრი დაინტერესდა რუსეთის უნივერსიტეტებში უფასო განათლებით?

— კი, ძალიან მაღალი აქტიურობა ფიქსირდება. ხალხი გვირეკავს, სოციალური ქსელებით კითხვებს გვისვამენ, პორტალზე რეგისტრირდებიან. ჯერჯერობით ყველაზე დიდ ინტერესს დსთ-ის ქვეყნების წარმომადგენლები გამოხატავენ, რაც მოსალოდნელიც იყო, ვინაიდან ინფორმაცია რუსულენოვან სივრცეში უფრო სწრაფად გავრცელდა. 

საზღვარგარეთის ქვეყნების მოქალაქეების რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში უფასოდ ჩარიცხვა ყოველწლიური და ხანგრძლივი პროექტია. გამომდინარე იქიდან, რომ ეს სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის ეფექტური ინსტრუმენტია, სასურველი იქნებოდა, რომ მომავალში კვოტები კიდევ უფრო გაზრდილიყო.  

© Sputnikროგორ მოვხვდეთ რუსეთი უმაღლეს სასწავლებელში
როგორ მოვხვდეთ რუსეთი უმაღლეს სასწავლებელში - Sputnik საქართველო
როგორ მოვხვდეთ რუსეთი უმაღლეს სასწავლებელში


ყველა ახალი ამბავი
0