14:57 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
15 0 0

სოციალურ ქსელ Facebook-ში კომენტარები და ზოგჯერ აკაუნტებიც კი იშლება, რატომ − ხშირ შემთხვევაში გაურკვეველია.

თუმცა როგორც ბევრს მიაჩნია, ეს ცენზორების პოლიტიკურ განწყობებზეა დამოკიდებული. კერძოდ, ზოგი მოდერატორი აშკარად თანაუგრძნობს უკრაინელ ნაციონალისტებს, წერს საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

ანონიმური მართლმსაჯულება

ამ დღეებში პუბლიცისტსა და ისტორიკოს არტიომ კირპიჩიონოკს უკვე მეორე აკაუნტი დაუხურეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პუბლიცისტმა ბელარუსში არსებული სიტუაციის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა.

„რეციდივისტი მაშინვე არ გავმხდარვარ. დიდი ხნის განმავლობაში ვიყავი ჩვეულებრივი ადამიანი, ახლა კი უკვე „ნაკოლკების“ გაკეთება შემიძლია, − ირონიულად შენიშნავს ის. − მე საკმაოდ აქტიური ბლოგერი ვარ. Facebook-ზე Живой Журнал-დან 2017-2018 წლებში გადმოვედი. პირველ ხანებში შენიშვნები არ ჰქონიათ, მერე კი ჩემი აკაუნტი ხან ერთი დღით დახურეს და ხან − ერთი კვირით. ყველაზე ხშირად − ახლო აღმოსავლეთის გამო“.

ერთხელ ისტორიული დოკუმენტიდან მოიყვანა ციტატა, რომელიც შეურაცხმყოფელ ზედმეტსახელებს შეიცავდა − და ბანი დაადეს. მას ოპონენტის წყენინება არ უცდია, უბრალოდ სურდა ეჩვენებინა, რომ ამგვარ ლექსიკას ყოველგვარი უხერხულობის გარეშე იყენებდნენ წარსულშიც.

„მერე ასე იყო: ორი თვე „თავისუფლებაზე“, მერე ისევ „პატიმრობა“. ასე ვიქეცი „ფეისბუქის იღბლიან ჯენტლმენად“. იყო დაბეზღებები დახურული ჯგუფებიდან, კომენტარების შემდეგ ბანები მოდიოდა. ვასაჩივრებდი, მაგრამ ავტომატური პასუხები მომდიოდა „დამნაშავედ ხართ ცნობილიო“ და მორჩა. ასეთია ანონიმური მართლმსაჯულება“, − ამბობს ბლოგერი.

ზოგჯერ უბრალოდ შლიდნენ კომენტარებს. „მე ევრომაიდანზე ლვოველი კომკავშირელის ლინჩის წესით დასჯა გავიხსენე. ყველაფერი წაშალეს, მაგრამ არა სისასტიკის ამსახველი სცენების, არამედ არასანდო ინფორმაციის გამო. მოდერაციის ლოგიკა აბსოლუტურად გაუგებარია. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თუ ერთი შეგნიშნეს, მერე თავს ვეღარ დააღწევ, ადრე თუ გვიან აკაუნტს დაგიხურავენ. ორჯერ „ჩავვარდი“, ამის მერე გზა ერთიღაა − ბანი“. − აღნიშნავს კირპიჩიონოკი.

ბლოგერმა პარალელური აკაუნტი შექმნა. „ივრითზე დავწერე ჩემი სახელი და გვარი, მაგრამ ჩანდა, რომ ეს რეალური ადამიანის აკაუნტი იყო. დილით შევდივარ და ვკითხულობ: „Facebook-ის არასათანადოდ გამოყენების თავიდან ასარიდებლად, დროებით შეგიზღუდეთ წვდომა“. ვცდილობ დავეკონტაქტო ადმინისტრაცია. ჯერჯერობით უშედეგოდ“.

კირპიჩიონოკმა ვერაფრით დაადგინა, რატომ დაადეს ბანი, რატომ წაშალეს მისი პოსტები და კომენტარები.

უკრაინელ ჟურნალისტ პაველ ვოლკოვს ასევე წაუშალეს გვერდი Facebook-ზე მას შემდეგ, რაც სტატია გამოაქვეყნა უკრაინელი მოდერატორების კავშირზე ულტრამემარჯვენეებთან და ამის შესახებ ბუნდესტაგში თავისი გამოსვლის ამსახველი ვიდეოც ატვირთა. „წაშალეს და ამიხსნეს, რომ წესები დავარღვიე. რომელი წესები − აქამდე უცნობია. რა თქმა უნდა, საჩივარი გავგზავნე. მაგრამ ისინი ეშმაკურად იქცევიან: მპასუხობენ, რომ კოვიდის გამო ცოტა ხალხი ჰყავთ და ამიტომ მოთხოვნის დამუშავებას „გარკვეული დრო“ სჭირდება. რა დრო, ასევე გაურკვეველია“, − ამბობს ის.

ცენზორების უკრაინელი ნაციონალისტებისადმი სიმპათიებზე წერდა მარტის ბოლოს ჟურნალისტი ანდრეი მანჩუკიც. მის პოსტს სიცრუე უწოდეს და დამალეს. მაისში კი აკაუნტი წაუშალეს. რამდენიმე დღის წინ მეორე აკაუნტსაც დაადეს ბანი.

არა მარტო მოხალისეები, არამედ FBI-ც

უკრაინას გამუდმებით განიხილავენ Facebook-ის რუსულენოვან სეგმენტში (ამ ქვეყნის ბევრი მოქალაქე, როგორც ცნობილია, რუსულენოვანია). კიეველი თუ ვარშაველი მოდერატორები (სადაც კორპორაციის აღმოსავლეთ ევროპის შტაბ-ბინაა) გამუდმებით იჭრებიან რუსულ საინფორმაციო სივრცეში. მაგალითად, მარტში „როსკომნადზორმა“ Facebook-ს ბლოკის ახსნა მოსთხოვა РБК-ს, ТАСС-ისა და Взгляд-ის სტატიებზე. მასალები რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის პრეს-სამსახურის ინფორმაციას ეფუძნებოდა უკრაინის ახალგაზრდული რადიკალური დაჯგუფების მომხრეთა დაკავების შესახებ.

ამერიკელებმა უპასუხეს, რომ ეს კონტენტი არ წაუშლიათ. უბრალოდ მასალა, რომელიც ფაქტჩეკერებმა ცრუდ მონიშნეს, იშვიათად ჩნდება.

უკრაინელი ფაქტჩეკერები მანამდეც დიდ ინტერესს იჩენდნენ რუსეთისადმი. მაგალითად, Facebook-ის მიერ უკრაინაში საჯარო პოლიტიკის მენეჯერად დანიშნული ეკატერინა კრუკი რესურს StopFake-ზე მუშაობდა, მანამდე კი უმაღლესი რადის დეპუტატის იგორ შვაიკის თანაშემწე იყო. თავად StopFake თავს ასე წარმოაჩენს: „ჩვენ ვაკვირდებით და ვამოწმებთ ფაქტებს, ვამხელთ რუსულ პროპაგანდას“.

არასაიმედო კონტენტს მარტო მოხალისეები კი არ ავლენენ, არამედ ძალოვანებიც. 2020 წლის სექტემბერში ნათანიელ გლეიშერმა, Facebook-ის უსაფრთხოების პოლიტიკის შეფმა, ისაუბრა, როგორ წაშალეს „სამი ცალკეული ქსელი კოორდინირებული არასანდო ქცევის (ბოტების აქტიურობა) საფუძველზე უცხოეთის ან სახელმწიფო ორგანოს დავალებით“. როგორც მან დააზუსტა, ეს ქსელები რუსული იყო და სხვადასხვა ქვეყნებში მაუწყებლობდა − თურქეთიდან უკრაინამდე.

ინფორმაცია „არასაპლატფორმო საქმიანობის“ შესახებ გამოძიების ფედერალური ბიუროდან მოვიდა. „ამ აქტიურობის უკან მდგომი ადამიანები ცდილობდნენ დაემალათ საკუთარი ვინაობა და ასევე ერთმანეთთან კავშირი, მაგრამ ჩვენმა გამოძიებამ გამოავლინა კავშირები ინტერნეტ-კვლევების რუსეთის სააგენტოში დასაქმებულ პირებთან“, − აღნიშნა უსაფრთხოების პოლიტიკის შეფმა.

Facebook-ი აქტიურად ადებდა ბანებს ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებული მიტინგების დროს. „ჩვენ 530 აკაუნტი წავშალეთ Instagram-დან კოორდინირებული ავთენტიკური ქცევების მიმართ ჩვენი პოლიტიკის დარღვევის გამო“, − იუწყებოდა პრეს-რელიზი. ბანდადებულების დანაშაული ის იყო, რომ ჰეშტეგების მონიშვნისას მათ თითქოს შეგნებულად გადაჰქონდათ აუდიტორიის ყურადღება მნიშვნელოვან თემებზე მსჯელობიდან. ადმინისტრაციის აზრით, ასე მოქმედებდნენ სავარაუდო ბოტები.

„რელევანტურ ინფორმაციას ახშობდნენ“ მემებით, რომლებიც TikTok-ის რომელიმე რუს ვარსკვლავს ეძღვნებოდა, ცნობებით იმის თაობაზე, რომ ამ მიტინგებს დიდი რაოდენობით არასრულწლოვანები ესწრებოდნენ, ასევე ქალის სამოსისა და ჩანთების რეკლამებით.  

საერთოდ Facebook-ის მოდერაციის წესები ღია წვდომაშია, მაგრამ ეს ნათელს ვერაფერს ვერ ჰფენს. ცენზორებზე იქ ძალიან ბუნდოვნადაა ნათქვამი: „ახლა ჩვენ მხოლოდ ზოგ ქვეყანაში ვთანამშრომლობთ დამოუკიდებელ ექსპერტებთან ფაქტების შემოწმების კუთხით“. შედის თუ არა ამ ქვეყნებში რუსეთი − უცნობია. მაგრამ ექსპერტებს ფართო უფლებები აქვთ: ისინი „დამოუკიდებლად წყვეტენ, რომელი ინფორმაციაა შესამოწმებელი“.

ფაქტჩეკერმა ფაქტების შემოწმების საერთაშორისო ქსელისგან უნდა მიიღოს სერტიფიკატი. ეს ორგანიზაცია 2015 წლიდან მუშაობს და პოინტერის სახელობის ჟურნალისტიკის ინსტიტუტის ნაწილად მიიჩნევა. მისთვის მატერიალური დახმარების გამწევთა შორის არიან Facebook, Google, ჯორჯ სოროსის „ღია საზოგადოება“. გრანტებს იღებენ ამერიკული National Endowment for Democracy-დანაც. გამოდის, რომ Facebook-ი ასევე აფინანსებს „დამოუკიდებელ ექსპერტებს“, რომლებიც ცენზურით არიან დაკავებული. სხვათა შორის, ფაქტჩეკერების ეს საერთშორისო ქსელი, ბედის ირონიით, სანქტ-პეტერბურგშია ბაზირებული − უფრო სწორად, სენტ-პიტერსბერგში (ფლორიდა).

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня-მ განაცხადები გაუგზავნა Facebook-ს, რათა გაეგო: ვინ მოდერირებს კონტენტს, შეიძლება თუ არა ჩაითვალოს ორგანიზაცია StopFake მიკერძოებულად და რის საფუძველზე წაიშალა ჟურნალისტების აკაუნტები, რომლებმაც მოდერატორების უკრაინელ ულტრამემარჯვენეებთან კავშირის შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია. გარდა ამისა, რედაქცია დაინტერესდა იმითაც, რატომ არ გახსნა კორპორაციამ ოფისი რუსეთში. სააგენტო ამ დროისთვის პასუხს ელოდება.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

მთავარი თემები