15:14 01 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7174
  • 100 RUB4.2829
  • USD3.1244
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
15610

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა სომხეთი გაანადგურა, ჩვენი მოჭიდავეები კი უკრაინიდან გუნდური პირველი ადგილით დაბრუნდნენ.

ქართველი ლეგიონერების ბრწყინვალე კვირა - სანიოლის მარტის სანაკრებო შეხვედრებისთვის საფიქრალი გაუჩნდა

„კვარა-შოუ“ ამჯერად „ლუჟნიკებზე“ დაიდგა. ყაზანის „რუბინის“ ქართველმა ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ რუსეთის პრემიერლიგაში საუკეთესოა. გასულ კვირას, რუსულმა გრანდმა მოსკოვის „სპარტაკმა“ ყაზანურ კლუბს უმასპინძლა და ქართველი ფეხბურთელისგან მწარე გაკვეთილიც მიიღო. ხვიჩამ პირველივე ტაიმი აქტიურად დაიწყო და მასზე უხეშობას მოწინააღმდეგეთა გაფრთხილებებიც მოჰყვა. მეორე ტაიმის 53-ე წუთზე კი კვარამ სერბ თანაგუნდელ დესპოტოვიჩს იდეალური საგოლე გადაცემა გაუკეთა, რასაც პირველი გოლიც მოჰყვა. შეხვედრის ბოლო წუთებამდე მოსკოველები ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდნენ, თუმცა მატჩის 89-ე წუთზე ჩვენებურის უძლიერესი დარტყმული მაქსიმენკოს ხელიდან გაუვარდა, რა დროსაც დესპოტოვიჩმა დამატებაზე ყველას დაასწრო და საბოლოო ანგარიში 0:2 დააფიქსირა.

Игрок Рубина Хвича Кварацхелия и игрок Краснодара Александр Мартынович
© photo: Sputnik / Максим Богодвид
ხვიჩა კვარაცხელია

მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრაში დუბლი სერბმა ფორვარდმა შეასრულა მაყურებელს და საფეხბურთო ექსპერტებს ხვიჩას აქტიურობა არ გამორჩენიათ. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კვლავ ქართველი დასახელდა, მოგვიანებით კი რუსულმა გამოცემამ „სპორტ-ექსპრესმა“ ქართველი შემტევი ტურის საუკეთესო ფეხბურთელადაც გამოაცხადა.

ქართველი ფეხბურთელის ბოლოდროინდელ მიღწევებზე რუსეთსა და ევროპაში კვლავ აქტიურად საუბრობენ. ხვიჩას „სპარტაკთან“ ბენეფისის შემდეგ კომენტარი მოსკოვური გუნდის ყოფილმა პრეზიდენტმაც გააკეთა.

„აი, ასეთი მოთამაშის ყიდვა იყო საჭირო. „სპარტაკს“ ამ ზამთარს კვარაცხელია უნდა ეყიდა ნებისმიერ ფასად, რასაც „რუბინი” მოითხოვდა. ამ შემთხვევაში გუნდს ეყოლებოდა კაცი, რომელიც ყველა ზონას შეაკავშირებდა და შეტევას გაამწვავებდა“ - განაცხადა ანდრეი ჩერვიჩენკომ რუსულ მედიასთან საუბრისას.

კვარაცხელიას დადგმული პერფორმანსით მოხიბლული დარჩა ყაზანური კლუბის გენერალური დირექტორი რუსტემ საიმანოვიც.

„ხვიჩამ, დესპოტოვიჩმა, მაკაროვმა - მთელმა გუნდმა შესანიშნავად ითამაშა. თუმცა, როგორც ჩანს, ხვიჩა სულ სხვა ლიგიდანაა“, - აღნიშნა საიმანოვმა.

მოშუშებული ტრავმის შემდეგ ფორმაში შედის საქართველოს ნაკრების სავარაუდო ახალწვეული გიორგი (ჟორჟ) მიქაუტაძეც. მიქაუტაძე ბელგიის მეორე დივიზიონის რიგით 21-ე ტურში საკუთარ გუნდს კვლავ ლიდერად მოევლინა. გასულ კვირას მიქაუტაძის "სერენმა" გასვლაზე ანგარიშით 4:2 "მოლენბეკი" დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში კი გიორგიმ გოლის გატანა და საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო. მან 90 წუთი შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათის მიღებაც მოასწრო. მიქაუტაძის საქართველოს ნაკრებში თამაში თითქმის გადაწყვეტილია, თუმცა ამ საკითხზე ოფიციალური ცნობები ჯერ კიდევ არ ვრცელდება.

Торнике Окриашвили. Матч между сборными Грузии и Македонии по футболу при пустых трибунах на стадионе Динамо Арена
© photo: AFP 2020 / VANO SHLAMOV
თორნიკე ოქრიაშვილი

გადავინაცვლოთ კვიპროსის ჩემპიონატში, სადაც თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“ ისევ ქართველი თავდამსხმელების თორნიკე ოქრიაშვილისა და გიორგი ქვილითაიას წყალობით შეძლო თამაშის გადარჩენა. ჩემპიონატის 27-ე ტურში ქეცბაიას გუნდმა ლიმასოლის „აპოლონს“ უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ ქართველებით დაკომპლექტებული კლუბი 2:0-ს აგებდა თამაშის შემოტრიალება მაინც შეძლო. შეხვედრის 65-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან ფამაგუსტელთა წამოწყებული შეტევა თორნიკე ოქრიაშვილმა დააგვირგვინა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, ხოლო 79-ე წუთზე გიორგი ქვილითაიამ პენალტის ნიშნულიდან გატანილი გოლით საბოლოო ანგარიში 2:2 დააფიქსირა. ოქრიაშვილს კვიპროსის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 12 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ქვილითაიას ანგარიშზე 22 თამაშში 13 გოლია.

საბერძნეთის თასის გათამაშებაში საკუთარი შეხვედრა მოიგო ნიკა ნინუას „პაოკმა“. მიუხედავად იმისა, რომ ბერძნული გუნდის სამწვრთნელო შტაბში ნინუას არც თუ ხშირად ენდობიან ნიკა მასზე გაცემულ ავანსებს მაინც ამართლებს. „პაოკმა“ შეხვედრა ბაჩანა არაბულისა და გუგა ფალავანდიშვილის „ლამიასთან“ ჩაატარა და ფრედ 1:1 ითამაშა.

ნიკამ მატჩი „პაოკის“ სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მე-14 წუთზე ანგარიში გახსნა. ნინუამ საჯარიმოს გარედან შესრულებული ზუსტი დარტყმით გაიტანა. საგოლე გადაცემა კი ქართველ ფეხბურთელს დორტმუნდისა და მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა ნახევარმცველმა, იაპონელმა შინჯი კაგავამ გაუკეთა.

თავის მხრივ შესანიშნავი მატჩი გამოუვიდა საქართველოს ნაკრების შემტევ ნახევარმცველს და თურქული „ანგარაგიუჯუს“ ფეხბურთელს საბა ლობჟანიძესაც. საბამ თურქეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტს „გალათასარაის“ ულამაზესი გოლი გაუტანა და მისი წყალობით გუნდმა სენსაციური გამარჯვებაც იზეიმა.

ლობჟანიძემ მატჩის 55-ე წუთზე ჯერ „გალათასარაის“ ცენტრალური მცველი ბავშვივით მოატყუა, შემდეგ კი მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო და სხვაობა ორამდე გაზარდა. მატჩის მიწურულს მეტოქემ „ანგარაგიუჯუს“ ერთი საპასუხო გოლი გაუტანა და საბოლოოდ საბას გუნდმა 2:1 იმარჯვა.

კარგი სიახლეებია საქართველოს ახალგაზრდა ვარსკვლავის გიორგი ჩაკვეტაძის გარშემოც. გიორგი, რომელიც გასული წლის 4 ოქტომბრის შემდეგ ტრავმის გამო ძირითადი გუნდის შემადგენლობაში არც კი გამოჩენილა ბელგიური „გენტის“ მწვრთნელმა ჰეინ ვან ჰაეზებრუკმა ჩაკვე ბელგიის თასზე ეუპენთან მატჩის წინ გაფართოებულ შემადგენლობაში შეიყვანა. მართალია ჩაკვეტაძეს აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა წუთითაც არ მიუღია, მაგრამ მისი აქტიურ ფეხბურთში დაბრუნება ქართული ფეხბურთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და იმედის მომცემია.

რამდენიმე დღის წინ ასევე მნიშვნელოვანი ინფორმაცია გავრცელდა საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტნის გურამ კაშიას შესახებ. როგორც ჩანს გამოცდილმა მცველმა არჩევანი თბილისის „ლოკომოტივზე“ შეაჩერა და ის მომდევნო ერთი წლის განმავლობაში „რკინიგზელთა“ ღირსებას დაიცავს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები მარტში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს გამართავს. საინტერესოა თუ რა გადაწყვეტილებებს მიიღებს ნაკრების ახალი თავკაცი ვილი სანიოლი და რა შემადგენლობას შეარჩევს ის მომავალი შეხვედრებისთვის. ფაქტია, რომ ქართველი ფეხბურთელები ბოლო დღეებში თავს მაღალი შედეგიანობითა და ძალიან კარგი თამაშით იჩენენ.

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსს ინარჩუნებს

ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-3 ტურში საქართველოს ნაკრებმა სომხეთის ნაკრებს უმასპინძლა და ანგარიშით 5:0 გაანადგურა. ჩვენი ნაკრებისთვის ჯგუფში თითოეული მატჩი მნიშვნელოვანია, რადგან ჯგუფში კონკურენციას უძლიერესი რუსეთისა და საფრანგეთის გუნდები გვიწევენ.

ჩვენებმა თამაში ძალიან კარგად დაიწყეს და მატჩის მე-4 წუთზე ქართველები უკვე ორბურთიანი უპირატესობით გაიჭრნენ წინ. შეხვედრის დეპიუტშივე პირველი ორი გოლის გატანა საქართველოს ნაკრებიდან ელისანდრუმ შეძლო. პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობის შემდეგ ავთანდილ ასათიანის გუნდმა თამაში შედარებით დაამშვიდა და შედეგად პირველ ტაიმში აღარაფერი შეცვლილა.

საქართველოს უპირატესობით დაიწყო მეორე ტაიმიც. სომეხმა ფეხბურთელებმა ჩვენების აქტიურ შეტევებს ვერ გაუძლეს, რასაც ელისანდრუს მესამე გატანილი გოლიც მოჰყვა. აქედან სამ წუთში სტუმრებს ახლო მანძილიდან დარტყმის შედეგად არჩილ სებისკვერაძემ კიდევ ერთი გოლი „აჩუქა“. მატჩის მიწურულს კი სებისკვერაძემ სომხებს სამშობლოში ბოლო, მე-5 გოლი გაატანა და თამაშიც დასრულდა.

საქართველოს ნაკრებს სამ ტურში 4 ქულა აქვს და ამ დროისთვის ჯგუფში მე-2 ადგილზეა. ჩვენს ჯგუფში გამართულ მეორე შეხვედრაში ფრანგები ფავორიტ რუსებთან დამარცხდნენ, რამაც ცხრილში ჩვენი პოზიციები კიდევ უფრო გაამყარა. ავთანდილ ასათიანის გუნდი მომდევნო მატჩს 10 მარტს, სტუმრად სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

ქართველი მოჭიდავეების ტრიუმფი კიევში - ჩვენი ნაკრები უკრაინიდან საუკეთესო შედეგით დაბრუნდა

გასულ კვირას კიევში სახელოვან უკრაინელ მოჭიდავეთა და მწვრთნელთა მემორიალის ტურნირი გაიმართა, რომელშიც საქართველოს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ფანტასტიკურად იასპარეზეს. ქართულ ყულაბაში ჯამში 15 მედალია, აქედან 11 მედალი ბერძნულ-რომაული ნაკრების ანგარიშზეა, ხოლო 4 თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა აიღეს.

აღსანიშნავია, რომ ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის 10 წონით კატეგორიიდან 8 კატეგორიის ფინალში ქართველმა იჭიდავა, აქედან ორში ქართული ფინალი შედგა. კიევის ტურნირზე ოქროს მედლებს ნუგზარ წურწუმია (55კგ), ლერი აბულაძე (63კგ), რამაზ ზოიძე (67კგ), აივენგო რიკაძე (82კგ) და იაკობ ქაჯაია (130კგ) დაეუფლნენ.

ფინალში მარცხის შედეგად ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ ჯონი ხეცურიანი (67კგ), შმაგი ბოლქვაძე (72კგ), ლაშა გობაძე (87კგ), გიორგი მელია (97კგ) და ზვიად პატარიძე (130კგ). ბრინჯაოს მედალი კი რამაზ სილაგავას (55კგ) ანგარიშზეა.

რაც შეეხებათ თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქართველებს გიორგი იანტბელიძის გუნდმა კიევში ოთხი მედალი მოაგროვა. ოქროს მედლები სამშობლოში ნიკა კენჭაძემ (79კგ) და ირაკლი მწითურმა (92კგ) წამოიღეს, ხოლო ბრინჯაოს მედლებს გიორგი სულავა (74კგ) და გივი მაჭარაშვილი (125კგ) დაეუფლნენ.

თბილისის „დინამომ“ წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე ყველა მატჩი უშანსოდ დათმო

თბილისის „დინამომ“ წყალბურთში გასულ კვირას ოთხი შეხვედრა ჩაატარა და ოთხივეში უშანსოდ დამარცხდა. პირველ შემთხვევაში დინამოელები გერმანულ „ჰანოვერთან“ განადგურდნენ ანგარიშით 3:10. შემდეგ ქართველი წყალბურთელები „ტელეკომ ბუდაპეშტს“ შეხვდნენ და მსგავსად წინა თამაშისა არც ჰქონიათ ჩვენებს გამარჯვების შანსი. თბილისის „დინამო“ მასპინძლებთან კვლავ დიდი ანგარიშით 4:11 დამარცხდა. დინამოელების საშინელი სტატისტიკა იტალიურ „ბრეშასთან“ გაგრძელდა. ჩვენებურებმა იტალიელებთან ძალიან ცუდად იასპარეზეს და შედეგიც სახეზეა, თბილისური კლუბი „ბრეშასთან“ 6:14 დამარცხდა.

ქართული კლუბს ბოლოს ესპანურმა ბარსელონეტამ მოუგო. პირველი ტაიმი ჩვენმა გუნდმა 0:7 წააგო და საკმაოდ სოლიდური ჩამორჩენის შემდეგ თამაშში დაბრუნება ვეღარ მოახერხა. უნდა აღინიშნოს, რომ ბარსელონეტამ საქართველოს ჩემპიონს სამი პერიოდი მოუგო და შეხვედრაშიც დიდი სხვაობით გაიმარჯვა.

ამ შეხვედრით კი დეიან სტანოევიჩის გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ზედიზედ მე-4 მარცხი განიცადა და ჯგუფში 1 მოგებითა და 6 წაგებით ბოლო ადგილზეა. დინამო თბილისი მომდევნო ტურის მატჩს 20 აპრილს, უნგრული „იადრანის“ წინააღმდეგ ჩაატარებს. აღსანიშნავია, რომ „დინამოს“ ჯგუფში ერთადერთი გამარჯვება სწორედ „იადრანთან“ აქვს მოპოვებული.

„ბორჯღალოსნებმა“ დაძაბულ ბრძოლაში პორტუგალიას სძლიეს

რაგბი ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები პორტუგალიას ესტუმრა და 29:16 დაამარცხა. "ბორჯღალოსნებმა" მეტოქე გუნდისთვის ხუთი ლელოს დადება შეძლეს.

შეხვედრის მე-5 წუთზე საღინაძე დაჯარიმდა და სამუელ მარკეშმა ჯარიმა საკმაოდ რთული პოზიციიდან გაიტანა. შეხვედრა პორტუგალიის სრული უპირატესობით გაგრძელდა და მე-14 წუთზე მარკეშმა საკმაოდ იოლი პოზიციიდან კიდევ ერთი საჯარიმო დარტყმა შეასრულა.

მატჩის მე-19 წუთზე „ბორჯღალოსნებმა" მეტოქე შერკინებაში დაჩაგრეს, ჯარიმა აუტში დაარტყეს და მოლით შეუტიეს. ბოლოს გელა აფრასიძის პასით მირიან მოდებაძემ თამაშის პირველი ლელო გაიტანა. ჩვენმა ნაკრებმა მეორე ლელო 24-ე წუთზე დადო და წინ გავიდა. გარდასახვა ამჯერად მათიაშვილმა გააფუჭა, თუმცა ნაკრები ოთხი ქულით წინ გავიდა. შეხვედრის 33-ე წუთზე უბურთო მოთამაშის შებოჭვისთვის გიორგი კვესელაძე 10 წუთით გააძევეს. 36-ე წუთზე კი კაცნაკლულ "ბორჯღალოსნებს" როდრიგუ მარტამ ლელო გაუტანა.

„ბორჯღალოსნებმა" 49-ე წუთზე გიორგი მელიქიძის ლელოთი და მათიაშვილის გარდასახვით უპასუხეს და წინ გავიდნენ ანგარიშით 16:17. მატჩის 65-ე წუთზე 14 კაცით მოთამაშე „ბორჯღალოსნებმა" შალვა მამუკელაშვილის წყალობით კიდევ ერთი ლელო გაიტანეს და ანგარიში გაზარდეს.

ბოლო წუთზე „ბორჯღალოსნებმა" მე-4 ლელო გაიტანეს, რასაც წარმატებული გარდასახვა მოჰყვა და საბოლოო ანგარიში 29:16 დაფიქსირდა.

 

მთავარი თემები