დასავლეთმა მელიას დაკავება დაგმო – თბილისს პასუხი არ დაუყოვნებია

© Sputnik / STRINGERნიკა მელია
ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2021
გამოწერა
ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე სამშაბათს, დილით სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.

თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავება დასავლეთის ქვეყნების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა.

ერთიმეორის მიყოლებით განცხადებები გააკეთეს აშშ-ის, ევროკავშირის, ნატოსა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებმა. ოფიციალურ თბილისს პასუხი არ დაუყოვნებია. 

გიორგი ვოლსკი - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2021
ვოლსკი: ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გააანალიზონ, ვის ინტერესებს ემთხვევა დესტრუქციული პროცესი

მელია სამშაბათს, დილით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს. მისი სახელი ფიგურირებს 2019 წლის 20–21 ივნისის მასობრივი არეულობის ორგანიზების საქმეში. ოპოზიციონერმა უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე, პროკურატურამ კი გამოძიების დასრულებამდე მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება მოითხოვა. 17 თებერვალს სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

მელიამ ხელისუფლებას ბრალი დასდო პოლიტიკური პროცესებისგან მისი იზოლირების მცდელობაში და სასამართლოს გადაწყვეტილებას ფაქტობრივად დაუმორჩილებლობა გამოუცხადა.

აშშ შეშფოთებულია

აშშ-ის საელჩო „ღრმა შეშფოთებას“ გამოხატავს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ოპოზიციური პარტიის ლიდერის საკუთარ შტაბ–ბინაში დაკავების გამო, საელჩომ შესაბამისი განცხადება გაავრცელა.

„ვწუხვართ, რომ შეერთებული შტატებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები თავშეკავებისა და დიალოგისკენ უგულებელყოფილი იყო. შეძრწუნებული ვართ კრიზისის დროს საქართველოს ხელმძღვანელი პირების მიერ გამოყენებული განხეთქილების გამომწვევი რიტორიკით. ძალისმიერი მეთოდები და აგრესია არ არის საქართველოს პოლიტიკური უთანხმოებების გადაჭრის გზა. დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. 
არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2021
თალაკვაძე: მომხდარზე პასუხისმგებლობა ნიკა მელიას თანაგუნდელებს ეკისრება

ნიკა მელიას დაპატიმრება უყურადღებოდ არც ამერიკელ კონგრესმენ ადამ კინზინგერს დაუტოვებია, რომელმაც ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებას „აღმაშფოთებელი“ უწოდა.

„დაძაბული მდგომარეობის გათვალისწინებით, მოვუწოდებ მთავრობას, თავი დაანებოს ამ დრამატულ მოქმედებას. ჩვენ ყველაფერს ვუყურებთ. მე პირდაპირ ეთერში ვადევნებდი თვალს ამ რეიდს. მე, როგორც საქართველოს ფრაქციის თანათავმჯდომარე, აღშფოთებული ვარ. ჩვენ ეს-ესაა მივიღეთ საქართველოს დახმარების აქტი“, – დაწერა კინზინგერმა თავის Twitter-ზე.

მელიას დაკავებასთან დაკავშირებით მოსაზრება გამოთქვა აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილმა მოადგილემ მაიკლ კარპენტერმაც.

„მეტად სამწუხარო მოვლენები მიმდინარეობს საქართველოში ოპოზიციური პარტიის ცენტრალური ოფისის შტურმთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და ჯერ კიდევ შესაძლებელია ვითარების დეესკალაცია“, – დაწერა კარპენტერმა Twitter-ში.

ნატოში შეშფოთებული არიან

ნატოს გენერალური მდივნის სპეცწარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავება „ღრმა შეშფოთებას იწვევს“. 

„ნაცმოძრაობის“ ოფისის შტურმი - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2021
მთავრობის სახლთან ოპოზიციის მომხრეები იკრიბებიან

„ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს საქართველოში მოვლენების განვითარებას. მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაპატიმრება ღრმა შეშფოთებას იწვევს. ნატო ელის, რომ საქართველო, როგორც ახლო პარტნიორი და ასპირანტი ქვეყანა, შეინარჩუნებს ევროატლანტიკურ დემოკრატიულ სტანდარტებს, რომელთა მისაღწევად და შესანარჩუნებლად მან ამდენი იშრომა“, – დაწერა აპატურაიმ.

მისი სიტყვებით, პოლიტიკური უთანხმოება უნდა გადაიჭრას დიალოგის გზით, „პოლარიზების გამომწვევი რიტორიკისგან კი თავის შეკავება ჯობს“.

ევროკავშირი დიალოგის მომხრეა

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ აუცილებელია მხარეებს შორის საერთო ენის გამონახვა.

„ესკალაციის ლოგიკა იმარჯვებს. პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება. ყველა მხარემ უნდა იტვირთოს პასუხისმგებლობა და იმოქმედოს ქართველი ხალხისა და ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით. არ შეიძლება საერთო ენის გამონახვის მცდელობებზე უარის თქმა“, – აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში. 

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2021
„ეს დიქტატურის დამყარებაა“ – ბურჯანაძე მელიას დაკავებაზე

მელიას დაკავების შესახებ განცხადება გააკეთა საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა მარკ კლეიტონმაც, რომელმაც მხარეებს ვითარების გამწვავებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა.

„გაოგნებული ვარ სცენებით, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ ოფისთან დილით განვითარდა. ძალადობა და ქაოსი თბილისში – უკანასკნელი რამაა, რაც დღეს საქართველოს სჭირდება. ყველა მხარეს მოვუწოდებ, იმოქმედონ თავშეკავებულად დღესაც და ახლო მომავალშიც“, – დაწერა დიპლომატმა Twitter-ში.  

თბილისის პასუხი

საერთაშორისო პარტნიორები მალე დარწმუნდებიან, რომ სახელმწიფოს ღირსების დაცვა, კანონის აღსრულება და პოლიტიკის დეკრიმინალიზაცია ხელს შეუწყობს პოლარიზაციის შემცირებას ქვეყანაში, განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. 

პოლიცია  „ნაცმოძრაობის“ ოფისთან - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2021
შსს „ნაცმოძრაობის“ ოფისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაღებულ ვიდეოკადრებს ასაჯაროებს

„დღეს მოვისმინეთ საერთაშორისო პარტნიორების მთელი რიგი განცხადებები ნიკანორ მელიას დაპატიმრების შესახებ. ჩვენთვის გასაგებია, რომ საერთაშორისო პარტნიორებს აქვთ შიში საქართველოში პოლიტიკური პროცესების შემდგომ პოლარიზაციასთან დაკავშირებით, რამაც პოლიტიკური სისტემა ურთიერთობების დასავლურ სტანდარტებს შეიძლება დააშოროს. თუმცა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ძალიან მალე დარწმუნდებიან, რომ პოლარიზაციის შემცირებისკენ გზა სწორედ რომ სახელმწიფოს ღირსების განუხრელ დაცვაზე, სამართლებრივი სახელმწიფოსა და სამართლის უზენაესობის პრინციპების რეალიზებაზე გადის“, – აღნიშნა კობახიძემ.

მისი თქმით, წინა წლებმა ცხადყო, რომ პოლიტიკაში კრიმინალისადმი სახელმწიფოს ლოიალურმა დამოკიდებულებამ არა მხოლოდ გააღრმავა პოლიტიკური პროცესების პოლარიზება და რადიკალიზაცია, არამედ განაპირობა პარლამენტის საბოტაჟი, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია ახორციელებდა, მიუხედავად საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდებისა.

კობახიძემ აღნიშნა ასევე, რომ ევროატლანტიკურ ოჯახში მოქმედებს მარტივი პრინციპი – პოლიტიკოსი, რომელიც სჩადის დანაშაულს, მაგალითად, იჭრება კონსტიტუციური ორგანოების შენობებში, აკოტრებს კერძო ბანკებს ან ტელევიზიებს, ბიუჯეტიდან იპარავს ათეულობით მილიონს და ა.შ. – არ რჩება პოლიტიკაში.

ექსპერტის მოსაზრება

პოლიტიკოსს კანონის დარღვევის უფლება არ აქვს, განაცხადა ქართველმა ექსპერტმა ლევან ნიკოლეიშვილმა.

„დამისახელეთ დასავლეთის თუნდაც ერთი ცივილიზებული ქვეყანა, სადაც კანონი არ სრულდება და სადაც არ სჯიან დამნაშავეს სათანადო საპოლიციო ღონისძიებების შესაბამისად? არც ერთი ასეთი ქვეყანა არ არსებობს. დამისახელეთ ქვეყანა, სადაც ვინმე დაგეგმავს სახელმწიფო ორგანოში ან პარლამენტში შეჭრას და ეს არ აღიკვეთება“, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე. 

შტურმი ნაცმოძრაობის ოფისზე - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2021
მესამე სექტორი: პროცესების მომავალ გამწვავებაზე პასუხისმგებლობა მმართველ ძალას ეკისრება

ამასთან, ექსპერტმა ისაუბრა ორმაგ სტანდარტებზე, რომლებიც დასავლეთის პოლიტიკაში შეინიშნება – „კაპიტოლიუმში შეჭრას გმობენ, საქართველოს პარლამენტზე შტურმი კი უნდა წახალისდეს?“

„სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ ვნახეთ კადრები, როგორ უმკლავდებოდნენ შესაბამისი სტრუქტურები კანონის დაცვით სენატში შეჭრილ ადამიანთა ჯგუფს. რატომ? იმიტომ რომ მათთვის კანონი და მისი დაცვა უმთავრესი ღირებულებაა. კანონი უნდა შესრულდეს. სახელმწიფომ ადეკვატურად უნდა იმოქმედოს. წინააღმდეგ შემთხვევაში იქნება ქაოსი, დესტაბილიზაცია, რისკენაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი ბელადი სააკაშვილი ისწრაფვიან“, – დაასკვნა ექსპერტმა.

ყველა ახალი ამბავი
0