10:20 27 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0322
  • 100 RUB4.4633
  • USD3.3255
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (943)
450 0 0

2020 წლის IV კვარტალში საქართველოში სამუშაო ძალამ შრომისუნარიანი მოსახლეობის 50% შეადგინა - წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით ნაკლები

თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. 2020 წლის IV კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 3,8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ამის შესახებ საუბარია საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის („საქსტატი") ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ანგარიშში.

უმუშევრობის დონის ზრდა მოსალოდნელი იყო მას შემდეგ, რაც „საქსტატი" უმუშევრობის დონის დათვლის ახალ სტანდარტზე გადავიდა.

საქართველოში ბიზნეს–სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 6,4%-ით შემცირდა>>

საქართველოს ხელისუფლებამ თებერვალში გააფართოვა მოქალაქეთა წრე, რომლებმაც 2020 წელს პანდემიის გამო სამსახური დაკარგეს და შეუძლიათ უმუშევართა დახმარების იმედი იქონიონ, ექსპერტები კი ფიქრობენ, რომ მისი დონე უახლოეს თვეებში კიდევ უფრო მოიმატებს.

უმუშევრობა ციფრებში

საქართველოში უმუშევრობის დონე 2020 წლის IV კვარტალში 3,8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით და 20,4% შეადგინა.

  • საქართველოში უმუშევრობის დონეს ითვლიან ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დასაქმებულთა და უმუშევართა რაოდენობის თანაფარდობის საფუძველზე.

„საქსტატის" მონაცემებით, უმუშევრობის დონე სოფლის ტიპის დასახლებებში შედარებით ნაკლებია ქალაქის ტიპის დასახლებების მაჩვენებელთან შედარებით - 2020 წლის IV კვარტალში, 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, უმუშევრობა ქალაქის ტიპის დასახლებებში 5,6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, სოფლის ტიპის დასახლებებში - 1 პროცენტული პუნქტით.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად უფრო მაღალია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში - 2020 წლის IV კვარტალში, 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ეს მაჩვენებელი მამაკაცებს შორის გაიზარდა 4,7 პროცენტული პუნქტით, ქალებში - 2,5 პროცენტული პუნქტით.

მოსახლეობის აქტიურობა

საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის IV კვარტალში საქართველოში სამუშაო ძალამ შრომისუნარიანი მოსახლეობის (15 წელს ზევით) 50% - წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით ნაკლები შეადგინა.

ეკონომიკურად აქტიურად მიიჩნევა 15 წლისა და უფროსი ასაკის მოქალაქე, რომელიც მუშაობს ან სთავაზობს საკუთარ შრომას. ამასთან, ის უმუშევრად ჩაითვლება, თუ გამოკითხვამდე შვიდი დღის განმავლობაში არ შეუსრულებია სამუშაო გამომუშავების მიზნით, ეძებდა სამუშაოს ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში და მზადაა დაიწყოს მუშაობა უახლოეს ორ კვირაში.

„სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე), წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 2.2 პროცენტული პუნქტით. დასაქმების დონე შემცირებულია როგორც ქალაქის ტიპის, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში, შესაბამისად 2.4 და 2.3 პროცენტული პუნქტით“, - აღნიშნულია „საქსტატის" მასალებში.

2020 წლის IV კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 67.3 პროცენტს შეადგენდა, რაც 1.7 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

აქტიურობის დონე მამაკაცებში უფრო მაღალია, ვიდრე ქალებში. IV კვარტალში ამ მაჩვენებელმა ქალებს შორის შეადგინა 39,5%, მამაკაცებს შორის - 62%. ქალების აქტიურობის დონე 2,2 პროცენტული პუნქტით შემცირდა, მამაკაცებისა კი 1,5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

უმუშევრებს საქართველოში ახლებურად ითვლიან

ოფიციალურად 2020 წლის ოქტომბრიდან ამოქმედებული ახალი სტანდარტების თანახმად, მეთოდოლოგია ითვალისწინებს თვითდასაქმებულთა კვალიფიკაციის შეცვლას. მანამ საქსტატი უმუშევრებს ითვლიდა 1982 წელს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული სტანდარტის მიხედვით.

ახალი სტანდარტებით, საკუთარ მეურნეობაში დასაქმებულები, რომლებიც პროდუქციის ნახევარზე მეტს პირადი მოხმარებისთვის აწარმოებენ, აღარ ჩაითვლებიან თვითდასაქმებულებად, არამედ იქნებიან მიჩნეული უმუშევრებად ან არასამუშაო ძალად.

საქართველოს სტატისტიკის სისტემა ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა>>

საქსტატში განაცხადეს, რომ ახალი სტანდარტის შემოღება გამოიწვევს დასაქმების დონის შემცირებას და უმუშევრობის დონის ზრდას.

სტატისტიკის სამსახურმა უმუშევრობის მაჩვენებლები ახალი სტანდარტით 2010 წლიდან განაახლა. ახალი მონაცემების თანახმად, უმუშევრობის დონემ 2010 წელს 27,2% შეადგინა, მაშინ როცა ადრე ეს მაჩვენებელი 17,4% იყო - 9,8 პროცენტული პუნქტით ნაკლები.

უმუშევრობა გაიზრდება

შრომის საკითხთა ექსპერტი მიხეილ კორძახია მიიჩნევს, რომ მომავალში ვითარება შრომის ბაზარზე და უმუშევრობის დონე უახლოეს თვეებში კიდევ უფრო გაიზრდება.

„ახლა შრომის ბაზარზე კრიტიკული სიტუაცია გვაქვს და უახლოეს თვეებში ის ალბათ კიდევ უფრო გაუარესდება... ასეთი ვითარება არა მხოლოდ საქართველოშია. მსოფლიოში ამჟამად ბიზნესისთვის სრული კატასტროფაა, დასაქმებულთა შესანარჩუნებლად კი ჯერ თავად ბიზნესი უნდა გადარჩეს“, - განუცხადა კორძახიამ Sputnik-საქართველოს.

ხელისუფლება დასაქმების პრობლემის მოსაგვარებლად სხვადასხვა ნაბიჯსა დგამს და ბიზნესს ეხმარება.

2020 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ქვეყანაში უმუშევრობის შესამცირებლად ცალკე უწყება ამოქმედდა - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო. ის ასრულებს შუამავლის როლს სამსახურის მაძიებლებსა და ბიზნესს შორის. ის აღრიცხავს სამსახურის მაძიებლებს, სწავლობს შრომის ბაზარს და ქვეყანაში შრომის ბაზრის საკითხებზე რეკომენდაციებს იძლევა.

 

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (943)

მთავარი თემები