საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი მუშაობას იწყებს

© photo: Sputnikპარლამენტის შენობა
პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტის პირველ სხდომას ბოიკოტს უცხადებენ – ისინი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულს უწოდებენ.

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარასკევს, 12:00 საათზე მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას გახსნის.

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ ნომინალურად 90 დეპუტატი ეყოლება, რვა ოპოზიციურ პარტიას კი 60. მაგრამ რეალურად საქმე სულ სხვანაირადაა.

არჩევნების შედეგებით საქართველოს პარლამენტში ადგილების გადანაწილება 

პარტია/ბლოკი ადგილების რაოდენობა
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“

90
„ძალა ერთობაშია – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

36
„ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ 5
„ლელო საქართველოსთვის“ 4
„სტრატეგია აღმაშენებელი“ 4
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ 4
„გირჩი“ 4
„მოქალაქეები“ 2
„ლეიბორისტული პარტია“ 1

რვა ოპოზიციური პარტია, რომლებმაც მანდატები მოიპოვეს, ქუჩაში ან ოფისებში იქნებიან და არა სხდომაზე. ისინი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ. თუმცა, სადეპუტატო მანდატებზე საბოლოოდ უარის თქმას მათგან მხოლოდ შვიდი აპირებს. 

მემორანდუმის ხელმოწერა - Sputnik საქართველო
„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი გადაიდო

პარტია „მოქალაქეების“ ორმა დეპუტატმა გადაწყვიტა, ჯერჯერობით ბოიკოტის რეჟიმში დარჩეს და დაელოდოს მმართველი პარტიის სამომავლო ნაბიჯებს.

დანარჩენი პარტიები პირველივე სხდომის პარალელურად გეგმავენ პარტიული სიების გაუქმებას და სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმის შესახებ განცხადების დაწერას.

ასე რომ, პირველ სხდომას მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატები დაესწრებიან. სხდომათა დარბაზში ოპოზიციონერი დეპუტატების ადგილები, საქართველოს ისტორიაში პირველად, თავისუფალი იქნება.

სამაგიეროდ, დარბაზში იქნებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რომლებიც ბოლო დღემდე ცდილობდნენ ოპოზიციისა და ხელისუფლების შერიგებას, რათა ქვეყანას მრავალპარტიული პარლამენტი ჰყოლოდა.

დაძაბული დღე

პირველი სხდომა ახალგაზრდული ორგანიზაციების აქციის ფონზე გაიმართება, რომლებიც თითოეული დეპუტატის დახვედრას და ერთპარტიული პარლამენტის წინააღმდეგ საკუთარი პროტესტის დაფიქსირებას გეგმავენ.

რომ არ ჩაიშალოს სხდომა, პარლამენტის შენობის ყველა შესასვლელი გადაკეტილია სპეციალური ბარიერებით, სადაც თითქმის ერთი კვირაა პოლიციის თანამშრომლები მორიგეობენ. 

აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო
პროტესტის ექვსი დღე პარლამენტთან: სიტუაცია კვლავ დაძაბულია

მიმდებარე ტერიტორიაზე გაშლილია კარვებიც, რომლებშიც ახალგაზრდობა ღამეს ათევს. ერთპარტიული პარლამენტის პროტესტის ნიშნად ისინი ყოველ ღამით აღნიშნულ ბარიერებზე საბჭოთა სიმბოლიკას ხატავენ.

პარალელურად ამ დღეს ექვსი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღში სადეპუტატო მანდატებზე უარს საჯარო განცხადებაზე ხელმოწერით დააფიქსირებენ.

კიდევ ერთი პარტია „პატრიოტთა ალიანსი“, მართალია, აღნიშნულ აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს, მაგრამ ოპოზიციას ოფისიდან დაუჭერს მხარს და მანდატებზე უარის თქმის ანალოგიური იურიდიული პროცედურების გავლას აპირებს.

ოპოზიციის ბუნტი

ოპოზიციის ლიდერები მიიჩნევენ, რომ იმ პარლამენტში, რომლის არჩევნებიც გააყალბეს, მათი ადგილი არ არის.

ისინი საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოების შუამავლობით თითქმის ერთი თვეა ცდილობენ „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმების მიღწევას რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით. 

პარლამენტი - Sputnik საქართველო
კობახიძე: ახალ პარლამენტში ოპოზიცია იქნება

მოლაპარაკებების შედეგად მათ შეძლეს მხოლოდ მინიმალური წინასწარი შეთანხმების მიღწევა საარჩევნო სისტემის რეფორმის საკითხზე, რასაც მოითხოვენ ოპოზიციის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მაგრამ მთავარი მოთხოვნები – რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება – მაინც გადაუჭრელი დარჩა.

ერთადერთი პარტია, რომელიც „ქართული ოცნების“ დაპირებებმა დააკმაყოფილა და რომელიც არ გეგმავს მანდატებზე უარის თქმას, პარტია „მოქალაქეებია“.

თუმცა, პარლამენტის პირველ სხდომას „მოქალაქეების“ წარმომადგენლები – ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი არ დაესწრებიან. მათ ბოიკოტის რეჟიმში დარჩენა გადაწყვიტეს.

ასე რომ, საქართველოს პარლამენტში ნომინალურად 92 დეპუტატი იქნება – 90 „ქართული ოცნებიდან“ და ორი – პარტია „მოქალაქეებიდან“.

ეს „ქართულ ოცნებას“ მუშაობასა და კანონების მიღებაში ხელს არ შეუშლის. გასულ წელს ოპოზიცია ნახევარი წლის განმავლობაში არ ესწრებოდა სხდომებს, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მმართველი პარტიისთვის სასამართლო რეფორმის გატარებასა და ქვეყნისთვის რიგი მნიშვნელოვანი კანონების მიღებაში.

ოპოზიციისთვის ტკბილ-მწარე შეთავაზება

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ თითოეულმა პარტიამ თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ხოლო მათი მხრიდან კომპრომისზე წასვლის მცდელობა მაინც იყო. 

საპროტესტო აქციის მინაწილეები - Sputnik საქართველო
შეთანხმების ბოლო შანსი – „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მოლაპარაკებების დასკვნითი რაუნდი

„ქართულ ოცნებაში“ მზად იყვნენ რიგგარეშე არჩევნები დაენიშნათ იმ შემთხვევაში, თუ პირველივე სხდომაზე დაკომპლექტებული დროებითი საპარლამენტო კომისია ხმებს გადაითვლის და დაადგენს არჩევნების შედეგების თუნდაც 1%-იან შეუსაბამობას „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ.

ამის პარალელურად „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება დააკმაყოფილოს ოპოზიციური პარტიების სურვილი, დატოვონ პარლამენტი და შეუწყვიტოს მათ სახელმწიფო დაფინანსება. ამასთან, პირობა დადო, რომ მიიღებს კანონს, რომელიც აუკრძალავს ყოფილ მმართველ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებში მონაწილეობას მისი დამფუძნებლის მიხეილ სააკაშვილის ფაქტორის გამო.

შეკვეცილი პარლამენტი

90 დეპუტატის ყოფნა ხელს არ შეუშლის საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის ლეგიტიმურობას, თუმცა მისი უფლებამოსილება სრული არ იქნება. 

პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო
საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი მუშაობას იწყებს – რას ითვალისწინებს რეგლამენტი

პარლამენტი ასეთი შემადგენლობით ვერ შეძლებს საქართველოს კონსტიტუციასა და მიწის შესახებ კანონში ცვლილებების მიღებას, ასევე ქვეყნის პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებას და იმ შეთანხმებების რატიფიცირებასა ან გაუქმებას, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ან სახელმწიფო საზღვრის ცვლილებებს ეხება.

გარდა ამისა, პარლამენტში ვერ შეიქმნება დროებითი საგამოძიებო კომისია, რამდენადაც, რეგლამენტის თანახმად, კომისიის შემადგენლობაში მინიმუმ ნახევარი ოპოზიციის წარმომადგენლები უნდა იყვნენ.

შეკვეცილი პარლამენტის არსებობა ასევე ნეგატიურ გავლენას მოახდენს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე.

პირველად ისტორიაში

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნები მრავალი ფაქტორის გამო ქვეყნისთვის ისტორიული გახდა. 

ალეკო ელისაშვილი - Sputnik საქართველო
სკანდალი ქართულ ოპოზიციაში: იქნება თუ არა საქართველოს პარლამენტი ერთპარტიული

მართალია, არჩევნები საქართველოსთვის ჩვეულ სტილში, შერეული სისტემით ჩატარდა, მაგრამ ამჯერად მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობა მხოლოდ 30-ია და არა 73, როგორც ეს იყო ბოლო 15 წლის განმავლობაში. ამასთან, ყველა 30 ადგილი მმართველმა პარტიამ დაიკავა, რადგანაც საქართველოს ისტორიაში პირველად ოპოზიციამ არჩევნების მეორე ტურს სრული ბოიკოტი გამოუცხადა.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გამორჩეული იყო მონაწილე პარტიების რეკორდულად დიდი რაოდენობით და ყველაზე დაბალი გამსვლელი ბარიერით (1%).

არჩევნები რეკორდული საქართველოსთვის შედეგების მიხედვითაც გახდა. მმართველმა პარტია „ქართლი ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ საქართველოს ისტორიაში პირველად შეძლო ხელისუფლების მესამე ვადით შენარჩუნება.

თუ ოპოზიცია საკუთარ გადაწყვეტილებაში მტკიცე იქნება, საქართველოს პარლამენტი ახალ რეკორდს დაამყარებს და საქართველოს პირველი ერთპარტიული პარლამენტი ეყოლება.

ყველა ახალი ამბავი
0