„მხოლოდ უძლიერესები გადარჩებიან“ – საქართველოს მოდის ინდუსტრია და პანდემია

© photo: Sputnik / STRINGERდიზაინერ Vaska-ს ჩვენება Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს ფარგლებში
დიზაინერ Vaska-ს ჩვენება Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს ფარგლებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოდის ინდუსტრიამ, ისევე, როგორც სხვა სფეროებმა, პანდემიის გამოწვევა მიიღო და სერიოზული გადატრიალებისთვის მზადება დაიწყო. სხვა გამოსავალი არც არის – კორონავირუსმა მისი ჭირვეული, წუთებად გაწერილი არსებობის ყველა წესი დაარღვია და ახალი და უჩვეულო ნაბიჯებისკენ უბიძგა.

თავდაპირველად მთელ მსოფლიოში გაუქმდა ყველა ღონისძიება და ჩვენება, შემდეგ დაიხურა მაღაზიები, ზოგიერთი – სამუდამოდ. ინდუსტრიაში დაიწყო ბრძოლა გადარჩენისთვის.

იური აკოფოვის ფოტი - Sputnik საქართველო
თბილისელი ფოტოგრაფი ევროპის საუკეთესო პროფესიონალი ფოტოგრაფების სამეულში მოხვდა

კრიზისი სოლიდურ მოდის სახლებსა და მაღაზიებსაც კი შეეხო, რომლებიც პანდემიის მოულოდნელ შედეგებს ვერ გაუმკლავდნენ.

მსოფლიოში კორონავირუსი „უხილავ მტრად“ მონათლეს, პანდემია კი – უიარაღო ომად. სწორედ ამიტომ არაერთი მოდის ექსპერტი მიიჩნევს, რომ COVID-19-ის შემდეგ მსოფლიო მოდის სრულიად განსხვავებულ სფეროს მიიღებს. ზუსტად ისე, როგორც ორი მსოფლიო ომის შემდეგ მოხდა.

მაგრამ რა ელოდება ქართულ მოდის ინდუსტრიას, რომელმაც სულ ახლახან დაიწყო აღმასვლა მსოფლიო მოდის „ოლიმპზე“, რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდნენ და მომავალშიც აღმოჩნდებიან ქართველი დიზაინერები, რომელთა მიერ შექმნილ სამოსსაც მსოფლიო დონის ვარსკვლავები ერთიმეორის მიყოლებით ყიდულობდნენ, და როგორ მოახერხებენ გადარჩენას პოსტპანდემიურ პერიოდში, ამის შესახებ „Sputnik-საქართველოს“ წამყვანი მოდელიერები და მოდის ექსპერტები ესაუბრნენ.

გაყიდვები შეწყვეტილია - წარმოებაც გაჩერებულია

სოფო ჭყონია – Mercedes-Benz Fashion Week TBILISI-ს დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი. მსოფლიო დონის ვარსკვლავებმა და მაღაზიებმა სწორედ ამ კვირეულის წყალობით გაიცნეს ქართველი დიზაინერები და მათი კოლექციები.

როგორც სოფო ამბობს, 2021 წლამდე მოდის სფეროს გაუჭირდება, რადგან პირდაპირაა დამოკიდებული მრავალ ფაქტორზე და, პირველ რიგში, ფინანსებზე.

„ჩვენი დიზაინერები დამოკიდებული არიან საერთაშორისო ბაზარსა და შესყიდვებზე, – განუცხადა ჭყონიამ „Sputnik-საქართველოს“. – საქართველოში არ არის ფართო ასპარეზი, ისეთი საქმიანობის ველი, როგორიც საზღვარგარეთ. გაუქმდა მრავალი შეკვეთა, ღონისძიება. 2021 წლამდე არც არაფერი იგეგმება. ძალიან რთულია მსგავსი ღონისძიებების დაგეგმვა იმ შეზღუდვების გათვალისწინებით, რომლებიც ქვეყანაში და მთელ მსოფლიოშია დაწესებული. ეს ყველაფერი, რასაკვირველია, ნეგატიურად აისახება ქართველი დიზაინერების ბიზნესზე“.
სოფო ჭყონია - Sputnik საქართველო
სოფო ჭყონია მოდის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანების სიაში შეიყვანეს

პროგნოზის გაკეთებაც კი ძალიან რთულია, რომ აღარაფერი ვთქვათ საქმის კეთებაზე, ამბობს ექსპერტი. ამასთან, ჭყონიას მიაჩნია, რომ ქართველმა დიზაინერებმა მთელი ძალით უნდა სცადონ საკუთარი თავისა და ნიშის შენარჩუნება. როგორც სოფო ამბობს, ისინი მიჩვეული არიან კრიზისის პირობებში მუშაობას.

„ახლა ყველაზე მეტად ამერიკელ და ევროპელ დიზაინერებს უჭირთ, რომელთაც წარმოება აქვთ ჩინეთში, იტალიასა და სხვა ქვეყნებში, – ამბობს სოფო ჭყონია. – ყველა გაჩერდა პანდემიის პერიოდში. ქართველი დიზაინერები კი ყველაფერს საქართველოში აწარმოებენ და ეს დიდი პლუსია. ასე ვთქვათ, ეს მარტივი გამოსავალია ვითარებიდან, რათა წარმოება არ შეჩერდეს. თუმცა არის სხვა პრობლემა – ფინანსები. თუ ისინი საქონელს ვერ გაყიდიან, არც წარმოება იმუშავებს“.

© photo: Sputnik / STRINGERდიზაინერ Vaska-ს ჩვენება Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს ფარგლებში
„მხოლოდ უძლიერესები გადარჩებიან“ – საქართველოს მოდის ინდუსტრია და პანდემია - Sputnik საქართველო
დიზაინერ Vaska-ს ჩვენება Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს ფარგლებში

საზღვარგარეთ, ჭყონიას თქმით, მოდა ეკონომიკის ნაწილია. ამიტომ სახელმწიფოები მის გადასარჩენად დიდ სახსრებს გამოყოფენ. თუმცა საქართველოში, მოდის ინდუსტრიის კრიზისის გარდა, იმდენად ბევრი პრობლემაა, რომ ქართველ დიზაინერებს ეუხერხულებათ კიდეც თავიანთ სირთულეებზე საუბარი, მით უმეტეს, ფინანსური დახმარების თხოვნა, ამბობს ჭყონია. დიზაინერებიც, კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებიც თვითგადარჩენის რეჟიმში იმყოფებიან.

როგორი იქნება პოსტპანდემიური Mercedes-Benz Fashion Week TBILISI?

Mercedes-Benz Fashion Week TBILISI-ს გაზაფხულის სეზონი ჩავარდა, მაგრამ წინაა შემოდგომის სეზონი. იმ შემთხვევაში, თუ ისიც ვერ ჩატარდება, ორგანიზატორებმა, შესაძლოა, ონლაინ რეჟიმს მიმართონ.

© photo: Sputnik / STRINGERდიზაინერ Vaska-ს ჩვენება Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს ფარგლებში
„მხოლოდ უძლიერესები გადარჩებიან“ – საქართველოს მოდის ინდუსტრია და პანდემია - Sputnik საქართველო
დიზაინერ Vaska-ს ჩვენება Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს ფარგლებში

ამას, რა თქმა უნდა, თავისი მინუსები აქვს – ქართული მოდის კვირეულებზე ხომ მრავალრიცხოვანი სტუმრები და მყიდველები ადგილზე ეცნობიან დიზაინერებსა და მათ შემოქმედებას. ვირტუალურ სივრცეში გაცილებით რთულია თავის წარმოჩენა და პროდუქციის გაყიდვა.

© photo: Sputnik / STRINGERდიზაინერ Salome-ს ჩვენება Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს ფარგლებში
„მხოლოდ უძლიერესები გადარჩებიან“ – საქართველოს მოდის ინდუსტრია და პანდემია - Sputnik საქართველო
დიზაინერ Salome-ს ჩვენება Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს ფარგლებში

„როდესაც დიზაინერს და ბრენდს იცნობენ, – ამბობს სოფო ჭყონია, – მეტი ონლაინ შეკვეთაა. მაგრამ როდესაც დიზაინერი ან ბრენდი ახალია, მისი ნდობა რთულია. სწორედ ამიტომ ვანიჭებთ უპირატესობას სტუმრების საქართველოში მოწვევას, რათა მათ საკუთარი თვალით ნახონ ყველაფერი. თუ სტუმარი ჩვენებას არ დაესწრება, არ გაეცნობა ახალ სახეებს, კოლექციებს, ჩვენს დიზაინერებს ძალიან გაუჭირდებათ“.

გადარჩებიან უძლიერესები

ასეთ პირობებში უკვე ცნობილი დიზაინერები შეიძლება გადარჩნენ, მაგრამ ახლებს მსოფლიო მოდის რუკაზე ფეხის მოკიდება გაუჭირდებათ.

София Чкония организатор Mercedes Benz Fashion Week Tbilisi - Sputnik საქართველო
სოფო ჭყონია: ქართველები უცხოეთში უფრო აღწევენ წარმატებას, აქ სტიმულს გიკლავენ

ჩვენ ვხედავთ, როგორ იცვლება მოდის სფერო პანდემიის გავლენით, აღნიშნავს ჭყონია. მალე მომხმარებლის ხასიათიც შეიცვლება: თუ ადამიანი გადაწყვეტს რამის შეძენას, შეიძენს ისეთს, რაც დიდხანს გაუძლებს. ამიტომ მასობრივი წარმოება უკანა პლანზე გადავა, წინ კი წამოიწევს შემოქმედებითი მხარე.

„სწორედ ამიტომ ეს პერიოდი ქართველმა დიზაინერებმა უნდა გამოიყენონ იმისთვის, რომ უფრო აქტიურები და კრეატიულები გახდნენ. ეს სერიოზული გადახალისება იქნება. გადარჩებიან უძლიერესები, უფრო შემოქმედებითები. ყველა ვეღარ შეძლებს დიზაინერობას. რაღაც დროის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ინერციით იმოძრავებენ, მაგრამ შემდეგ საქმიანობას დაასრულებენ. ეს ასეც უნდა იყოს“, – დარწმუნებულია ჭყონია.

პანდემია, როგორც შთაგონების წყარო

კრისტიან დიორის ყველაზე უჩვეულო კოლექციები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაჩნდა, ამბობს სოფო ჭყონია. მისი აზრით, გენიალური სწორედ კრიზისის დროს იბადება. ეს პერიოდი ხელოვანებმა უნდა გამოიყენონ, როგორც კარგი შესაძლებლობა შთაგონებისთვის.

მოდის კვირეული Mercedes Benz Fashion Week Tbilisi - Sputnik საქართველო
დავეხმაროთ ხელოვნებას: საქართველო შეუერთდა კამპანიას Culture is not cancelled

„ახლა, მაგალითად, მოდაში ახალი ტენდენცია გაჩნდა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ და ვიზრუნოთ ეკოლოგიაზე, ხშირად არ უნდა განვაახლოთ გარდერობი და ვისწავლოთ ტანსაცმლის რაც შეიძლება დიდხანს ხმარება. აქედან ახალი ტრენდი – ერთი და იმავე სამოსით შეიძლება სხვადასხვა ღონისძიებაზე მისვლა. ცნობილ ადამიანებზე ვსაუბრობ“, – დასძენს ჭყონია.

პანდემია უკვალოდ არ გაქრება: მან უკვე მიაყენა დიდი ზიანი კაცობრიობას, მაგრამ ამავე დროს ბევრი რამ ასწავლა. ადამიანებმა აღმოაჩინეს, რომ მრავალი ნივთი, რომელიც ეპიდემიამდე მათ შეუცვლელად მიაჩნდათ, სინამდვილეში არც ისე საჭირო აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ დღეს ადამიანები ნაკლებად არიან დამოკიდებული მატერიალურ ნივთებზე. მოდა ხომ იმ ეპოქის განსახიერებაა, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს.

სრული გაურკვევლობა

ქეთი ჩხიკვაძის მოდის სახლი – ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. პარიზი – მოდის გული – უკვე დიდი ხანია ქეთისთვის მეორე სახლია, ფრანგები კი – მთავარი პარტნიორები. ჩვენებები, გადაღებები, პროექტები, შეხვედრები... COVID-19 ბრენდზე, რა თქმა უნდა, ნეგატიურად აისახა, მაგრამ დიზაინერი მაინც ოპტიმისტურადაა განწყობილი.

© photo: courtesy of Keti Chkhikvadzeქართველი დიზაინერი ქეთი ჩხიკვაძე
„მხოლოდ უძლიერესები გადარჩებიან“ – საქართველოს მოდის ინდუსტრია და პანდემია - Sputnik საქართველო
ქართველი დიზაინერი ქეთი ჩხიკვაძე

„ალბათ, სულ მცირე, ექვსი თვე სრულ გაურკვევლობაში ვიქნებით, – ამბობს ქეთი, – ასე რომ, ახლა აზრი არ აქვს რაიმე სტრატეგიასა და გეგმებზე ფიქრს. შემცირდა ონლაინ გაყიდვებიც, ნაკლები მოთხოვნილებაა საღამოს კაბებზე. მაგრამ ჩემი სტრატეგია ისაა, რომ კონცეფცია არ შეიცვლება და შევეცდები მაქსიმალურად გავუძლო ამ კრიზისს, შევქმნა ახალი კოლექცია ნაკლები რაოდენობით, მაგრამ მაინც, და დაველოდო მოვლენების განვითარებას“.

მიძინებული მოდა თანდათანობით მოდის გონს, ფიქრობს ჩხიკვაძე. გაჩნდა ახალი შეკვეთები ძველი კლიენტებისგან, მაგრამ მაღაზიები, რომლებიც დიდ შეკვეთებს იძლეოდნენ, ჯერ ჩუმად არიან. თუმცა მოდელიორი დარწმუნებულია, რომ მოდა აუცილებლად გაუძლებს და გადარჩება, მაგრამ ჯერ არ არის ცნობილი, რა სირთულეების გადალახვა მოუწევთ დიზაინერებს.

„შესაძლოა, ყველაფერი არც ისე ცუდად განვითარდეს, როგორც წარმოგვიდგენია, – ამბობს ჩხიკვაძე. – მთლიანობაში მოდა უკავშირდება ეკონომიკას. ეკონომიკა ყველგან ცუდ მდგომარეობაშია, ამიტომ რეალობა ასეთია – ჯერ მხოლოდ გაურკვევლობა“.

მონიკა ბელუჩი ემზადება გადაღებისთვის ჩხიკვაძის სამოსში

ვიდრე მოდის სამყარო განახლებისთვის ემზადება, მსოფლიო ვარსკვლავი, მსახიობი და მოდელი მონიკა ბელუჩი აგვისტოს ფოტოსესიისთვის ქართველი დიზაინერის ტანსაცმელს არჩევს. ბელუჩისა და ჩხიკვაძეს წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება აქვთ, ასე რომ, მსახიობმა კამერის წინაშე ქართველი დიზაინერის სამოსით პოზირება ისურვა.

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშიმონიკა ბელუჩი
„მხოლოდ უძლიერესები გადარჩებიან“ – საქართველოს მოდის ინდუსტრია და პანდემია - Sputnik საქართველო
მონიკა ბელუჩი

„აგვისტოში აუცილებლად გავემგზავრები პარიზში, – ამბობს ჩხიკვაძე. – ეს პროცესები როგორმე უნდა აღდგეს. ყველა ელოდება, როდის და სად შეძლებს ბრენდული ტანსაცმლის ჩაცმას. მოდა შოკიდან უნდა გამოვიდეს და ხელახლა ამუშავდეს“.

პანდემია მოდას მეტ კრეატივს შესძენს?

თათა ქართველიშვილი – სააგენტო TATA PR Agency-ს დამფუძნებელი – ცხოვრობს და მუშაობს ლოს-ანჯელესში. მისი სააგენტო ჰოლივუდში ქართველი დიზაინერების პროდუქციის პოპულარიზაციას ეწევა, თანამშრომლობს მსოფლიო დონის ვარსკვლავებთან და მათ სტილისტებთან.

© photo: courtesy of Tata Qartvelishvili თათა ქართველიშვილი
„მხოლოდ უძლიერესები გადარჩებიან“ – საქართველოს მოდის ინდუსტრია და პანდემია - Sputnik საქართველო
თათა ქართველიშვილი

მაგალითად, არცთუ ისე დიდი ხნის წინ ამერიკელმა მომღერალმა ლედი გაგამ სწორედ Tata PR Agency-ს მეშვეობით შეუკვეთა ანუკი არეშიძის (Anouki) შავი ტყავის კაბა, რომლითაც არაერთი ტაბლოიდის გარეკანზე გამოჩნდა.

თათა ქართველ დიზაინერებს ურჩევს, ყურადღება გაამახვილონ ნატურალურ ქსოვილებზე, შექმნან მცირე კოლექციები, დიდი ყურადღება დაუთმონ ონლაინ გაყიდვებს და, რაც მთავარია, ადგილობრივ ბაზარზე გააკეთონ აქცენტი.

თათას სიტყვებით, მოდის სფერო პანდემიამდეც სერიოზულ პრობლემებს განიცდიდა, თუმცა კორონავირუსმა ვითარება გააღრმავა და ინდუსტრიას სერიოზული ცვლილებებისკენ უბიძგა.

ბაკურ ბაკურაძე - Sputnik საქართველო
ბაკურ ბაკურაძე: ამას ვამბობ პირველად, იმ პერიოდში საკმაოდ წარმატებული დიზაინერი გავხდი

„ერთმნიშვნელოვნად ნაკლები ტანსაცმელი დამზადდება. დიზაინერები შექმნიან მცირე, მაგრამ კრეატიულ კოლექციებს. მოდა უფრო გააზრებული და ფასეული უნდა გახდეს. არ არის გამორიცხული, ერთი წლის განმავლობაში დიზაინერებმა ოთხივე სეზონისთვის ორ-ორი ან თითო კოლექცია შექმნან. ეს, თავის მხრივ, მოდის ინდუსტრიის მკვეთრ ვარდნას გამოიწვევს“, – ამბობს ქართველიშვილი.

ამასთან, თათას აზრით, მომხმარებლები მომავალში ყურადღებას მიაქცევენ ისეთ ტანსაცმელს, რომელიც დროის გამოწვევას გაუძლებს და დიდხანს დარჩება გარდერობში.

ერთი სიტყვით, კრიზისი ნათელია. თათას თქმით, შესანიშნავი იქნება, თუ სახელმწიფო ქართულ ბრენდებს, რომლებიც წარმატებული არიან, მაგრამ არასაკმარისად ძლიერი საიმისოდ, რომ ეს გარდამტეხი მომენტი დამოუკიდებლად გადალახონ, ერთჯერად დახმარებას მაინც აღმოუჩენს.

ყველა ახალი ამბავი
0