11:54 06 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3476
  • 100 RUB4.2963
  • USD2.9562
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
144 0 0

პანდემიის პერიოდს ზოგმა „სიკეთის ეპიდემია“ უწოდა. ჩვენ გვერდით არსებობენ ადამიანები, რომლებიც ივიწყებენ ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს, სამსახურს, პირად პრობლემებს და თავს უძღვნიან მათ, ვისაც ძალიან უჭირს.

ნათია ქვარცხავა

მართლაც, ახლა ყველა იმას აკეთებს, რაც შეუძლია, რისი ძალაც შესწევს: ზოგი გაჭირვებულებს ფინანსურად ეხმარება, ზოგი ახალ ინფორმაციას აწვდის, ზოგიც მოხალისე ხდება. მთელი მსოფლიოსთვის ამ რთულ დროში ხომ ნებისმიერ, თუნდაც მცირე დახმარებას ოქროს ფასი აქვს.

ჩვენ გიამბობთ ადამიანებზე, რომლებმაც COVID-19-ის პანდემიის დროს განსაკუთრებული სოლიდარობა გამოავლინეს და ბევრ შეჭირვებულს დაეხმარნენ.

გიორგი კეკელიძე

ცნობილი მწერალი, პოეტი, ტელეწამყვანი და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე კარანტინის გამო ნაკლებ აქტიური არ გამხდარა. პირიქით, მისი სოციალური აქტივობა და რისკ-ჯგუფის ადამიანების მხარდაჭერა შესამჩნევად გაიზარდა. 

Писатель, поэт, глава Национальной парламентской библиотеки Георгий Кекелидзе
Courtesy of Giorgi Kekelidze
მწერალი, პოეტი, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე

კეკელიძემ დააფუძნა ყოველთვიური სტიპენდია გოგონასთვის, რომლის დედაც ესპანეთში კორონავირუსისგან გარდაიცვალა. მისი ფონდი „გურული დღიურები“ მეხუთეკლასელი ანანო ნაჭყებიასთვის შეიძენს სასკოლო ინვენტარს და გოგონას სკოლის დამთავრებამდე განათლებასთან დაკავშირებულ სხვა ტიპის დახმარებას აღმოუჩენს. 

გარდა ამისა, გიორგი ეხმარება შეჭირვებულ ოჯახებს გურიის რეგიონიდან. კვირაში ერთხელ სტუმრობს საქართველოს იმ მხარეს, სადაც დაიბადა და სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე სამ ოჯახს დახმარებას უწევს. კამპანია მან მეგობრებთან ერთად წამოიწყო. ამ რთულ პერიოდში გიორგი კეკელიძისგან დახმარებას იღებს ბიბლიოთეკის ყველა ხანდაზმული თანამშრომელი: მათ ამარაგებენ პროდუქტებითა და პირველადი საჭიროების ნივთებით.

ქვეყნის მთავარი ბიბლიოთეკარი ასევე ხშირად ჩუქნის ადამიანებს წიგნებს სხვადასხვა აქციის, კონკურსისა და პროექტის ფარგლებში. გიორგის მთავარი მიზანი ხომ წიგნების პოპულარიზაცია და განათლების გავრცელებაა.

გიორგი შენგელია

2019 წლის სექტემბერში ქართველმა სტუდენტმა გიორგი შენგელიამ გრანტების კონკურსში გაიმარჯვა და ჟენევის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოხვდა, თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო მას ქვეყნის დატოვება მოუწია. 

ამ არასტაბილურ ვითარებაში გიორგიმ გადაწყვიტა სამშობლოში დაბრუნება. სახლში უსაქმოდ რომ არ მჯდარიყო, სოციალურ ქსელში, თავის ფეისბუქ-გვერდზე გამოაცხადა, რომ მზადაა ითანამშრომლოს კომპანიებთან და უსასყიდლოდ შექმნას მათთვის გრაფიკული დიზაინი.

„როდესაც დავბრუნდი და დავინახე, რომ კარანტინში ადამიანები იბრძვიან და ყველაფერს აკეთებენ, რათა ერთობლივი ძალით გაუმკლავდნენ ამ პერიოდს, მეც გადავწყვიტე დახმარება, - ამბობს ირაკლი. - დავწერე მხოლოდ ერთი წინადადება - „უფასო დახმარება მათთვის, ვინც ახლა მუშაობს“. ორ დღეში ჩემი ფოსტა მოთხოვნებით გაივსო“.

ამ დროის განმავლობაში სტუდენტმა სხვადასხვა კომპანიისთვის 13 ლოგოტიპი შექმნა. გიორგი გაჩერებას არ აპირებს. როგორც ამბობს, ადამიანებს მანამ დაეხმარება, სანამ ქვეყანაში შეზღუდვებს არ მოხსნიან, შემდეგ კი გეგმავს ფირმებთან თანამშრომლობას შეღავათიან ფასად.

ნესტან ჩიტაია

ფოლკლორული ჯგუფ Bani-ს საკონცერტო დირექტორი, ბლოგერი და აქტივისტი ნესტან ჩიტაია მეგობრებთან ერთად ქველმოქმედებით იყო დაკავებული და პანდემიამდეც ეხმარებოდა სოციალურად დაუცველ ოჯახებს. 

Брифинг : Российско-Грузинский молодежный форум – программа и участники
SPUTNIK / LEVAN AVLABRELI
ფოლკლორული ჯგუფ Bani-ის საკონცერტო დირექტორი ნესტან ჩიტაია

მაგალითად, მათ შეძლეს ზაფხულში ბავშვების გაგზავნა უფასო ბანაკში, სადაც მოზარდებს სხვადასხვა დისციპლინას ასწავლიდნენ და ექსკურსიებზე დაჰყავდათ.

ასე რომ, პანდემია ნამდვილად არ არის საფუძველი დახმარების შეწყვეტისა, გადაწყვიტა აქტივისტმა. პირიქით. შედეგად - ნესტანმა და მისმა თანამოაზრეებმა ამ საქმის გაგრძელების საშუალება გამონახეს. 

როგორც ცნობილია, ახლა საქართველოს სკოლები იძულებული არიან, დისტანციურ რეჟიმში იმუშაონ. ზოგიერთ მოსწავლეს კი სახლში არათუ ინტერნეტზე არ მიუწვდება ხელი, არამედ კომპიუტერი, ნოუთბუქი, მობილური ტელეფონიც კი არ გააჩნია. ამიტომ მოხალისეებმა სწორედ ასეთი ადამიანების დახმარება გადაწყვიტეს.

„ონლაინ–სწავლება გაგრძელდება, სკოლები ხომ სექტემბრამდე არ გაიხსნება. შესაბამისად, ბავშვები არ დადიან საგანმანათლებლო ცენტრებში. თუ ამ მომენტს ხელიდან გავუშვებთ, არ მივცემთ მათ განათლებას, თავისუფალ დროს იმაზე დახარჯავენ, რაც მაინცდამაინც არ სჭირდებათ“, - აღნიშნავს ჩიტაია.

ნესტანმა მეგობრებთან ერთად რამდენიმე დღეში სოციალური ქსელების მეშვეობით შეაგროვა თანხა, შეიძინა ნოუთბუქები და გადასცა ოჯახებს, რომელთა შვილებსაც ისინი ძალიან სჭირდებოდათ. ამ ადამიანებმა მოხალისეებისგან მიიღეს ასევე სხვა აუცილებელი პროდუქტებიც. რა შეიძლება ითქვას - შესანიშნავია!

ნინო ფურცელაძე

თბილისელმა ნინო ფურცელაძემ სახელი მას შემდეგ გაითქვა, რაც მეგობრებთან ერთად გაჭირვებული ადამიანებისთვის უფასო კვების ერთგვარი პუნქტი გახსნა. ესაა სპეციალური მაგიდა, რომელიც ახალგაზრდებმა ერთ-ერთ მაღაზიასთან დადგეს. ნებისმიერ მსურველს შეუძლია რამის შეძენა და პროდუქტის დატოვება მათთვის, ვისაც ეს განსაკუთრებით სჭირდება, მაგრამ ფული არ აქვს. 

აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით ასეთივე „კეთილი მაგიდა“ გაჩნდა დედაქალაქის კიდევ ერთ ადგილზე. ის ყოველდღე ივსება ახალი პურით, ბურღულეულით, ზეთითა და სხვა პროდუქტებით. დაგვეთანხმებით, მარტივი და გენიალურია!

მარია ტურავა

მარია ტურავა სამეგრელოდანაა. მანაც გადაწყვიტა გაჭირვებულების დახმარება. 29 წლის მკერავმა ქალაქ ხობიდან დაიწყო დამცავი ნიღბების კერვა მთელი სოფლისთვის. ნიღბებს მეზობლებს სრულიად უფასოდ ურიგებს. მარია დღეში 100-მდე ნიღაბს კერავს. 

„თავდაპირველად ყველას ძალიან უკვირდა, რატომ ვაკეთებდი ამას უფასოდ, - ამბობს ტურავა. - ვუხსნიდი, რომ სიკეთეს იმ იმედით არ ვაკეთებდი, რომ ის უკან დამიბრუნდებოდა. უბრალოდ მინდა ადამიანებს დავეხმარო და მხარში დავუდგე მათ. ყველაფერი უსასყიდლოდ. სწორედ ამ შემთხვევაში ვიქნები კმაყოფილი საკუთარი თავით“.

ესაა იმ ადამიანების მცირე ნაწილი, რომლებმაც პანდემიის დროს ხელი არ ჩაიქნიეს, გადაწყვიტეს წვლილი შეეტანათ ვითარების გამოსწორებაში და ასობით ადამიანს დახმარებოდნენ. სიკეთე ვირუსივით გადამდებია და იმედი გვაქვს, ეს სტატია ირგვლივ მყოფების დახმარების სურვილს ბევრს აღუძრავს. თესეთ სიკეთე და ის დაგიბრუნდებათ!

მთავარი თემები