ცვლილებები, პრობლემები, აღმოჩენები და ისევ რეფორმების მოლოდინი – 2019 წელი განათლებაში

გამოწერა
მიმდინარე სასწავლო წელი საქართველოს განათლების სისტემისთვის სტაბილური იყო თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ მინისტრი არ შეცვლილა...

დღეს კიდევ ერთი, 2018-2019 სასწავლო წელი მიიწურა საქართველოში. უმაღლესი სასწავლებლები კურსის დამამთავრებელი ან, სულაც, გამოსაშვები გამოცდებისათვის ემზადებიან, აბიტურიენტები კი – ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის. 

კვირიკაშვილის მთავრობის გადადგომის შემდეგ ვაშლების დარიგებით ცნობილი ალექსანდრე ჯეჯელავა, ხოლო შემდეგ მიხეილ ჩხენკელი აკადემიურმა და სიტყვაძუნწმა მიხეილ ბატიაშვილმა შეცვალა. მან გასული წლის 14 სექტემბერს იყალთოს აკადემიაში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად განათლების სისტემის რეფორმის პაკეტი წარმოადგინა. რეალურად, განათლების ახალი რეფორმა შეეხო მის ყველა რგოლს, დაწყებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებით, დასრულებული უმაღლესი სასწავლებლებითა და მეცნიერებით. რაც ყველაზე სასიხარულოა, 2019 წელს განათლების ბიუჯეტი 100 მილიონით გაიზარდა, 2022 წლისთვის კი მან მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტი უნდა შეადგინოს. ეტაპობრივად გაიზრდება პედაგოგთა ხელფასებიც. მინისტრის თქმით, 2022 წლისთვის კვალიფიციური პედაგოგების ხელფასები 1500-1800 ლარს გაუტოლდება.

მიხეილ ბატიაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს განათლების სამინისტროს პროექტებს მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმზე წარადგენენ

აზრთა სხვადასხვაობა და მოსწავლეების უსაზღვრო სიხარული გამოიწვია სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმებამ. ოპოზიციამ ეს ამბავი 2020 წლის არჩევნებს დაუკავშირა, თუმცა აბიტურიენტებისათვის, რომლებიც ჯერ 8 სასკოლო გამოცდას აბარებდნენ ამ პაპანაქებაში, შემდეგ კი 4 გამოცდას ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ნამდვილი შვება აღმოჩნდა. მიიღეს გადაწყვეტილება 2020 წლიდან უნარების ტესტის გაუქმებაზეც, რომელიც, მისი მომხრეების, მათ შორის გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის აზრით, ხელს უწყობდა პროცესის დემოკრატიზაციას. სხვათა შორის, მიმინოშვილმა ვრცელი წერილი მიუძღვნა თემას, რატომ არ უნდა დაწყებულიყო რეფორმა უნარების ტესტისა და სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმებით. მისი აზრით, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე უცხო ენებში მოსწავლეთა უნარებზე მეტად მათი მშობლების სოციალური მდგომარეობა და ის იკვეთებოდა, ვინ ემზადებოდა უკეთ კერძო რეპეტიტორთან, მაშინ, როცა უნარების ტესტი ნიჭიერ ახალგაზრდებს უხსნიდა გზას და ამ სოციალურ უთანასწორობას ათანაბრებდა.

სომხეთის განათლების მინისტრი არაიკ არუთინიანი და მისი ქართველი კოლეგა მიხეილ ბატიაშვილი - Sputnik საქართველო
სომხეთი საქართველოს მაგალითს იღებს - თბილისში ქართულ რეფორმებზე იმსჯელეს

მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი თვლის, რომ სწორედ ამიტომაა რეფორმა საჭირო, რომ სკოლის პროგრამა და მისაღები გამოცდების თემატიკა ერთმანეთს დაუახლოვდეს და მშობლებს უზარმაზარი ხარჯების გაღება არ უწევდეთ მოსწავლეების მისაღები გამოცდებისათვის მოსამზადებლად.

მართალია, მაია მიმინოშვილი საგამოცდო პროცესს ჩამოშორდა, მაგრამ ის ახლა „ქართულ ოცნებაში“ ფაქტობრივად HR-ის ფუნქციებს ასრულებს და მომავალ დეპუტატებს ავარჯიშებს ზოგად უნარებში...

2020 წლიდან მისაღებ გამოცდებზე სავალდებულო იქნება ქართული ენისა და ლიტარატურის, ასევე უცხო ენის გამოცდები. მესამე გამოცდად კი უნივერსიტეტები ფაკულტეტის მიხედვით თავად აირჩევენ, მათმა მომავალმა სტუდენტმა ისტორია ჩააბაროს თუ მათემატიკა.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
ბახტაძე: ფული უნდა დაიხარჯოს არა არჩევნებისთვის, არამედ ქვეყნის მომავლისთვის

მეორე უმნიშვნელოვანესი სიახლე სასწავლო წლის ბოლოს გაცხადდა. ესაა საპენსიო ასაკის პედაგოგებისთვის ჯილდოს, ე.წ. კომპენსაციის – ორი წლის ხელფასის შეთავაზება. სხვათა შორის, პედაგოგებს შეუძლიათ ჯერ გამოცდაზე გამოსცადონ საკუთარი თავი და შემდეგ მიიღონ ორწლიანი კომპენსაციის მიღებისა და სკოლიდან წასვლის გადაწყვეტილება. დღეისათვის საქართველოში 65 281 პედაგოგია. მათ შორის კერძო სკოლებში ასწავლის 7 826, ხოლო საჯაროში – 57 455. საპენსიო ასაკისაა 16 014 პედაგოგი. მათი უმეტესობა პრაქტიკოსი პედაგოგია, ანუ არ აქვთ ჩაბარებული პედაგოგის გამოცდები. ამჟამად სამინისტრო პედაგოგთა სქემაში ცვლილებებზეც ფიქრობს და მუშაობს, თუმცა ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა, როგორ შეიცვლება თამარ სანიკიძის დროს მიღებული პედაგოგების 4 კატეგორიად დაყოფის სქემა. ასევე დიდი თავსატეხია განათლების სისტემისათვის, როგორ მოიზიდონ ახალი და კვალიფიციური პედაგოგები სკოლაში. სამინისტრო მსურველებს პედაგოგიურ უნარებში გადამზადებასაც შესთავაზებს.

მიხეილ ბატიაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოში მასწავლებლებს ხელფასებს გაუზრდიან - დეტალებზე მინისტრმა ისაუბრა

საქართველოში კვლავ დიდ გამოწვევად რჩება ბავშვთა სიღარიბე და სოციალურად დაუცველი მოზარდებისთვის სრულფასოვანი განათლების მიღება. მთავრობა ამ კუთხითაც აპირებს ნაბიჯების გადადგმას და სოციალური ვითარების გამოსწორებას.

სასწავლო წელი დასრულდა. იმედია, საქართველოს 2 ათასზე მეტი სკოლა მომავალ სასწავლო წელს უკეთ მომზადებული შეხვდება. მთავრობა კი, როგორც ჩანს, 2020-ის პრიორიტეტად განათლებას დაასახელებს და სრულიად სამართლიანადაც. სწორედ განათლებას შეუძლია საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების დონის საბოლოო გამოსწორება.

 

ყველა ახალი ამბავი
0