04:13 20 ივნისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1229
  • 100 RUB4.3536
  • USD2.7871
არჩევნები მთაწმინდაზე

რატომ იქცა თბილისის ერთი ოლქის არჩევნები ასეთ მნიშვნელოვან მოვლენად

© Sputnik / Shota Nozadze
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
შუალედური და რიგგარეშე არჩევნები საქართველოში (100)
78 0 0

კვირას საქართველოში შუალედური საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. მიუხედავად იმისა, რომ ვაკანტური მხოლოდ ერთი დეპუტატის ადგილი იყო, ამ არჩევნებმა სერიოზული ვნებათაღელვა გამოიწვია.

მეორე ტურში გადამწყვეტ ბრძოლაში ერთმანეთს ორი კანდიდატი დაუპირისპირდა - ექიმი ვლადიმერ კახაძე, რომელიც მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ - დემოკრატიულმა საქართველომ“ წამოაყენა, და ორი ოპოზიციური პარტიის - „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი - ადვოკატი შალვა შავგულიძე.

ვინ და როგორ გაიმარჯვა?

პირველ ტურში, რომელიც 19 მაისს შედგა, კახაძემ გამარჯვებისთვის ხმათა აუცილებელი რაოდენობა (50% + 1 ხმა) ვერ მოაგროვა, კონკურენტს კი მხოლოდ 614 ხმით გაუსწრო.

შალვა შავგულიძე ლადო კახაძეს გამარჯვებას არ ულოცავს >>

არჩევნების პირველ ტურში საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა 34% გამოცხადდა. მაგრამ მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა აქტივობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და 41,23% შეადგინა - უბნებზე 18 ათასზე მეტი ამომრჩეველი მივიდა.

შედეგად, კახაძემ მეორე ტურში მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ხმათა 61,83%-ით გაიმარჯვა. ამგვარად, იგი საქართველოს პარლამენტის 150-ე დეპუტატი გახდა.

როგორც ადრე, ამჯერადაც მთაწმინდის რაიონში არჩევნებმა ინციდენტების გარეშე ჩაიარა. კენჭისყრაც და ხმების დათვლის პროცესიც მშვიდობიან გარემოში მიმდინარეობდა, აღნიშნეს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

სად ჩატარდა არჩევნები და ვინ მივიდა საარჩევნო უბნებზე

სულ მთაწმინდის რაიონში დაახლოებით 44 ათასი ამომრჩეველია რეგისტრირებული. ძირითადად, აქ ძირძველი თბილისელები ცხოვრობენ. ქალაქის სწორედ ამ ისტორიულ ნაწილშია თავმოყრილი ყველაზე მეტი ლამაზი და ღირსშესანიშნავი შენობა, რომელიც ტურისტებს იზიდავს.

Дом в Сололаки
© Sputnik / Ekaterina Mikaridze
სახლი სოლოლაკში

სწორედ მთაწმინდის რაიონში მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე პომპეზურად აღინიშნა მასშტაბური პროექტის - ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რესტავრაციის დასრულება. პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით 70 მილიონი ლარი დაიხარჯა.

მთაწმინდის რაიონში მდებარეობს საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სასახლეც. სწორედ ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევის შედეგად გათავისუფლებული დეპუტატის ადგილის დასაკავებლად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს კახაძე და შავგულიძე.

ზურაბიშვილის გარდა, მთაწმინდის ელექტორატია ასევე მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, ასევე ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.

დასკვნები

კენჭისყრის დასრულებიდან მეორე დღესვე „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. წინა დღეს ჩატარებული არჩევნები და სამომავლო გეგმები შეხვედრის მთავარი განსახილველი თემები იყო. შეკრებას მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უძღვებოდა.

„ჩვენმა გუნდმა ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საზოგადოების ნდობით სარგებლობს. ამას არჩევნების მეორე ტურის შედეგებიც ცხადყოფს. კიდევ ერთხელ ვულოცავ ბატონ ლადოს და მთაწმინდის მოსახლეობას გამარჯვებას“, - აღნიშნა უმრავლესობის დეპუტატმა სოფო კილაძემ.

2020 წლის დამდეგ საპარლამენტო არჩევნებს „ქართული ოცნება“ განახლებული გუნდით და კიდევ უფრო ძლიერი პოზიციებით შეხვდება, განაცხადა, თავის მხრივ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.

„ჩვენ უკვე დავიწყეთ ახალ პოლიტიკურ პროგრამაზე მუშაობა. დავიწყეთ ასევე კონსულტაციები, რომლებიც, ბუნებრივია, 2020 წლისთვის ისეთ შედეგს მოგვცემს, რომ „ქართული ოცნება“ საზოგადოების წინაშე განახლებული პოლიტიკური პროგრამითა და განახლებული გუნდით წარდგება... 2020 წლის არჩევნებს კიდევ უფრო ძლიერი პოზიციებით შევხვდებით“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

ბურჯანაძე აქცენტებს ცვლის და საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება >>

არჩევნების შედეგი გაკვეთილი აღმოჩნდა ოპოზიციისთვის, რომელიც იძულებული გახდა, ეღიარებინა, რომ მიზნის მისაღწევად მეტი ძალისხმევა უნდა დაეხარჯა.

„ჩვენ ნამდვილად ვერ შევძელით, მოგვეპოვებინა საზოგადოების საკმარისი ნდობა, რომელიც აუცილებელია, რათა „ოცნება“ სახლში გავუშვათ. მაგრამ წინ სხვა არჩევნებია. და ამ არჩევნებისთვის ჩვენ უკეთ მოვემზადებით“, - განაცხადა პარტია „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა ოთარ კახიძემ.

თავდაცვითი რეაქცია

„ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა ძალების მობილიზება იმისათვის, რომ მოწინააღმდეგეს მეორე ტურში ვერ გაემარჯვა, მიიჩნევს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე.

„გამარჯვების შემთხვევაში ოპოზიცია იწყებს პროპაგანდას, რომ - თუ ამ შემთხვევაში გავიმარჯვეთ, ესე იგი „ქართული ოცნების“ დამარცხება შესაძლებელია და გადმოდით ჩვენს მხარეზე. ანუ შემდგომში ეს ნამდვილ ელექტორატზე იქონიებს გავლენას. ამიტომ მნიშვნელოვანია ნებისმიერი ბრძოლა“, - განუცხადა საყვარელიძემ „Sputnik-საქართველოს“.

ექსპერტის აზრით, კახაძის გამარჯვება არჩევნების მეორე ტურში სავსებით მოსალოდნელი იყო.

„შავგულიძემ და მისმა თანამებრძოლებმა ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს... შავგულიძეს თავისი კანდიდატურა დამოუკიდებელ კანდიდატად რომ წამოეყენებინა, შესაძლოა, მას მეტი წარმატებისთვის მიეღწია. ის კი შეუერთდა პარტიას, თანაც ისეთ პარტიას, რომელიც ფაქტობრივად გაიგივებულია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“. ქართველ ამომრჩეველს კი არ სურს „ნაციონალური მოძრაობა“. ამიტომ არ უნდა ისინიც, ვინც ადრე მასთან ერთად იყო, დღეს კი სახელწოდება შეიცვალეს“, - ხაზი გაუსვა საყვარელიძემ.

ვის მისცეს ხმა

შავგულიძე ორი ოპოზიციური პარტიის - „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ სახელით იყრიდა კენჭს.

პარტია „ევროპული საქართველო“ დააფუძნეს ავტორიტეტულმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც რამდენიმე წლის წინ ყოფილ მმართველ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ გამოეყვნენ. „თავისუფალი დემოკრატები“ კი ადრე „ქართული ოცნების“ წევრები იყვნენ. მათ კოალიცია მის გაუქმებამდე რამდენიმე წლით ადრე დატოვეს. 2016 წლიდან ქვეყანას მართავს პარტია, რომელიც თავის დროზე კოალიციის ღერძს წარმოადგენდა.

Лидер Сбободных демократов Шалва Шавгулидзе
შალვა შავგულიძე

61 წლის შალვა შავგულიძისთვის ეს არჩევნები პირველი საპარლამენტო არჩევნები არ ყოფილა, თუმცა პირველი იყო, როგორც ოპოზიციონერისთვის.

2012 წელს შავგულიძე, როგორც „ქართული ოცნების“ კოალიციის წევრი, დეპუტატად ვაკის რაიონში აირჩიეს. იგი კენჭს იყრიდა „თავისუფალი დემოკრატების“ კვოტით. პარტიამ კოალიცია 2013 წელს დატოვა და ოპოზიციაში გადავიდა.

65 წლის ვლადიმერ კახაძისთვის ეს არჩევნები საქართველოს პარლამენტში მოსახვედრად რიგით მეორე მცდელობა იყო, რომელიც ამჯერად წარმატებით დაგვირგვინდა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იგი კენჭს იყრიდა მთაწმინდის რაიონში, როგორც „სახელმწიფო ხალხისათვის“ პარტიის წარმომადგენელი, თუმცა მოსახლეობის საჭირო მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.

კახაძეს დიდი გამოცდილება აქვს მედიცინაში და ცოტაოდენი - პოლიტიკაში.

Ладо Кахадзе
ლადო კახაძე

ცოტას თუ ახსოვს, რომ კახაძე 1998-დან 2002 წლამდე თბილისის პირველი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე იყო. სამაგიეროდ კახაძეს კარგად იცნობენ, როგორც გამოცდილ ექიმს.

მთელი მისი ცხოვრება მედიცინას უკავშირდება. იგი ექიმად მუშაობდა სხვადასხვა კლინიკაში. ბოლო დროს იყო კონსულტანტი ოფთალმოლოგიურ კლინიკა „მზერაში“, მანამდე მუშაობდა კონსულტანტად სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“ და სამედიცინო კომპანია Oxford Medical Georgia-ში.

კახაძე „საქართველოს კრიმინოლოგიური აკადემიის“ საპატიო აკადემიკოსი და ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტია.

2018 წელს კახაძე თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა.

თემები:
შუალედური და რიგგარეშე არჩევნები საქართველოში (100)

მთავარი თემები