ბრძოლა მთაწმინდისთვის: ვის შეხვდება ზურაბიშვილის ადგილი საქართველოს პარლამენტში

© Sputnik / Alex Shlamovარჩევნები მარნეულში
არჩევნები მარნეულში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპერტთა ისაუბრეს იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მმართველი პარტიისთვის პარლამენტის შუალედურ არჩევნებში თავისი კანდიდატის გაყვანა

პოლიტოლოგები პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურში მმართველი პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატის, ექიმ ვლადიმერ კახაძის გამარჯვებას პროგნოზირებენ.

კენჭისყრა მხოლოდ თბილისის მთაწმინდის რაიონში გაიმართება.

„ქართულ ოცნებას" განახლების მეორე ტალღა ელოდება >>

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 9 ივნისს ჩატარდება. კახაძის კონკურენტი ორი ოპოზიციური პარტიის - „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და „თავისუფალი დემოკრატების“ - ერთიანი კანდიდატი, ადვოკატი შალვა შავგულიძეა.

ყოფილმა მმართველმა პარტიამ - „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელიც „ქართული ოცნების“ მთავარ კონკურენტად მიიჩნევა, გადაწყვიტა ამ არჩევნებზე თავისი კანდიდატი არ წამოეყენებინა, რითაც მხარი დაუჭირა „ევროპულ საქართველოს“. „ევროპული საქართველო“ -შედარებით ახალგაზრდა პარტიაა. მისი დამფუძნებლები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „ნაცმოძრაობიდან“ წასული გამოცდილი პოლიტიკოსები არიან.

ექსპერტების მოსაზრება

დამდეგი არჩევნების შედეგი, ისევე როგორც ადრე, დამოკიდებულია არა კანდიდატების, არამედ პარტიების მხარდაჭერაზე.

„არჩევნები მთაწმინდაზე დიდწილად ორ პარტიას შორის არჩევნები იქნება. თუმცა ადრე მიმაჩნდა, რომ ამ განმეორებით არჩევნებში გადამწყვეტი ფაქტორის როლს პიროვნებები, კერძოდ, შავგულიძე და კახაძე შეასრულებდნენ. მაგრამ პოლიტიკური დამცველების გააქტიურებამ და თავად შავგულიძის პოლიტიზებამ, ვფიქრობ, ეს არჩევნები „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მწვავე დაპირისპირებად აქცია“, - განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე ფიქრობს, რომ ოპოზიციის კანდიდატის გამარჯვების შანსი დიდი არ არის. მით უმეტეს, რომ მეორე ტურში ამომრჩევლები, როგორც წესი, პასიურობენ.

ეკა ბესელია - Sputnik საქართველო
ბესელიას ბრძოლა „სამართლიანობისთვის“ ახალ ეტაპზე გადადის

„ახლა შალვა შავგულიძის მხარდაჭერა არ ავნებს არცერთ ოპოზიციურ პარტიას ან ლიდერს. ის, რაც შუალედური არჩევნების დროს მოხდა, არ ყოფილა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მარცხი, ეს მთელი ოპოზიციის მარცხის ტოლფასი იყო“, - განუცხადა ლაგაზიძემ გაზეთ „რეზონანსს“.

პოლიტოლოგი პეტრე მამრაძე დარწმუნებულია, რომ მმართველი პარტია ყველა შესაძლო რესურსს იყენებს, რათა არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატის გამარჯვება არ დაუშვას.

„ჩემი აზრით, გამარჯვების მეტი შანსი მმართველი დაჯგუფების, „ოცნების“ კანდიდატს - კახაძეს აქვს... ვფიქრობ, ამ შემთხვევაში, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული რესურსი იმარჯვებს. და „ქართული ოცნება“ შეძლებს იმ ამომრჩევლის მობილიზებას და არჩევნებზე მოყვანას, რომელიც მის კანდიდატს მისცემს ხმას“, - განუცხადა მამრაძემ „Sputnik-საქართველოს“.

პრემიერი: საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მთაწმინდაზე მშვიდ გარემოში გაიმართება >>

პოლიტიკური ექსპერტის, გია ხუხაშვილის აზრით, თუ შავგულიძე არჩევნებში გაიმარჯვებს, ეს „ქართული ოცნებისთვის“ დიდი დარტყმა იქნება.

„შავგულიძის გამარჯვება, რასაკვირველია, ნიშნავს „ევროპული საქართველოს“ რეანიმაციას ქართულ პოლიტიკაში და ეს იქნება უზარმაზარი დარტყმა „ქართული ოცნებისთვის“. არა მგონია, რომ „ევროპულ საქართველო“ ძალაუფლებაზე პრეტენზიას აცხადებდა, თუმცა დინამიკა იქით მიდის, რომ ისინი გაძლიერდებიან“, - აღნიშნა ხუხაშვილმა „რეზონანსთან“ საუბრისას.

პარლამენტის შუალედური არჩევნების პირველი ტური 19 მაისს გაიმართა. დეპუტატის ადგილისთვის 20 კანდიდატი იბრძოდა, მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, მთავარი კონკურენტები ვლადიმერ კახაძე და შალვა შავგულიძე აღმოჩნდნენ. პირველმა ამომრჩევლების ხმათა 41,01% მიიღო, მეორემ კი - 36,84%.

დეპუტატთა 150 ადგილიდან ერთი 2018 წლის დეკემბერში სალომე ზურაბიშვილის საქართველოს პრეზიდენტად არჩევის შემდეგ გათავისუფლდა. ზურაბიშვილმა საპარლამენტო არჩევნებში 2016 წლის ოქტომბერში მთაწმინდის რაიონში გაიმარჯვა.

ყველა ახალი ამბავი
0