ბაზარში გასეირნება – რა ჯდება სააღდგომო სუფრა საქართველოში

© Sputnik / Natia Kvartskhavaთბილისის ბაზარი სააღდგომოდ
თბილისის ბაზარი სააღდგომოდ - Sputnik საქართველო
გამოწერა
კულიჩი, კვერცხი და ჩაქაფული – საქართველოში სააღდგომო სუფრის მთავარი ატრიბუტები.

ნათია ქვარცხავა

ყველა დიდი დღესასწაულის წინ რეპორტაჟების მომზადება პროდუქტების ფასებზე Sputnik-ისთვის, შეიძლება ითქვას, ტრადიციად იქცა, რომელიც არც ამჯერად დაირღვა და რედაქციის კორესპონდენტი ფასების შესასწავლად ე.წ. დეზერტირების ბაზრისკენ გაემართა.

აღსანიშნავია, რომ ბაზარში სიარული საკმაოდ საინტერესო პროცესია. მაგრამ არა პროდუქტების საყიდლად და მძიმე პარკების სათრევად, რის შემდეგაც ჩნდება შეგრძნება, რომ მკლავები ჩამოგწყდა, არამედ უბრალოდ გასასეირნებლად და ადამიანების დასათვალიერებლად. ეს მინიშნება უფრო ტურისტებისთვისაა.

ვნების კვირა დაიწყო: რა დაიშვება და რა იკრძალება ვნების შვიდეულში>>>

ბაზარში გასეირნებისას ყურადღების მიღმა არ დაგრჩებათ გამყიდველის რეაქცია, როდესაც ფასს ეკითხებით, პასუხის მოსმენის შემდეგ კი მადლობას უხდით და ისე მიდიხართ, რომ არაფერს ყიდულობთ. ყველაფერი დაახლოებით ასე ხდება: დახლს უახლოვდებით, გიღიმიან, ალერსიან სიტყვებს არ იშურებენ, მაგრამ თუ არაფერს იყიდით, გამყიდველის გამომეტყველება და დამოკიდებულება მაშინვე იცვლება და რიტორიკულ კითხვას სვამს: „რაღას მეკითხებოდი?!“ მათი გაგებაც შეიძლება – ვინ იცის, რამდენი ასეთი „ცნობისმოყვარე“ ადამიანი მიდის მათთან და ერთსა და იმავე კითხვას უსვამს (ეს კითხვაც რიტორიკულია)...

დავუბრუნდეთ პროდუქტებს, რომელთა გარეშეც სააღდგომო სუფრა წარმოუდგენელია. პირველ რიგში, ესაა კვერცხი, რომელიც უნდა შეიღებოს წითლად და სააღდგომო კულიჩი. კიდევ კერძი, რომელიც ბევრს გაზაფხულის ასოციაციას აღუძრავს – ჩაქაფული. როგორც წესი, ჩაქაფული ბატკნის ხორცით მზადდება, მაგრამ ხშირად ცხვრის ან ხბოს ხორცსაც იყენებენ. 

© Sputnik / Natia Kvartskhavaსააღდგომო კულიჩები
ბაზარში გასეირნება – რა ჯდება სააღდგომო სუფრა საქართველოში - Sputnik საქართველო
სააღდგომო კულიჩები

ჩაქაფულის მნიშვნელოვანი ინგრედიენტი ბევრი მწვანილია – ტარხუნა, მწვანე ხახვი და ქინძი. ერთი პატარა კონა საკმაოდ ძვირი – 40-60 თეთრი ღირს. ფასები იცვლება იმის მიხედვით, ვინ და სად ყიდის მწვანილს. საერთოდ, ბაზრის შესასვლელ-გასასვლელებში პროდუქტი უფრო ძვირია, ამიტომ აჯობებს არ დაიზაროთ და შიგნით შეხვიდეთ.

ჩაქაფულის მეორე აუცილებელი ინგრედიენტი – მწვანე ტყემალი ეს-ესაა დახლებზე გამოჩნდა. ჯერ ძალიან წვრილი და მჟავეა, თუმცა ჩაქაფულს სწორედ ასეთი მჟავე ტყემალი უხდება. ერთ ჭიქა ტყემალს ერთ-ორ ლარად იყიდით. ერთ კილოგრამში კი 6 ლარის გადახდა მოგიწევთ. ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ სხვადასხვა გამყიდველს განსხვავებული ზომის ჭიქა აქვს. 

ფერადი კვერცხები ნატურალური საღებავებით ნათია მონტგომერისაგან - Sputnik საქართველო
როგორ მოვამზადოთ ნატურალური საღებავი სააღდგომო კვერცხებისთვის – ვიდეო

რაც შეეხება ჩაქაფულის მთავარ ინგრედიენტს, ხორცს, როგორც ყასბები ამბობენ, მისი ფასები ყოველთვის მერყეობს, ბაზარი არაპროგნოზირებადია. ხბოს ხორცი შეიძლება 18-20 ლარამდე გაძვირდეს, ბატკნის ხორცი კი 23-25 ლარი ღირს. ცხვრის ხორცის ფასი დაახლოებით 17 ლარია, თუმცა ბაზარში ის ჯერ აქა-იქ თუ შეგხვდებათ.

ასეთივე განსხვავებულია კვერცხის ფასები: ბაზრის შესასვლელთან სოფლის კვერცხი 50 თეთრი ღირს. მაგრამ სიღრმეში 25 თეთრადაც შეიძლება მისი შოვნა. მაღაზიებში ერთი კვერცხის ფასი საშუალოდ 30-35 თეთრია.

კვერცხის ბუნებრივი საღებავის – ენდროს ერთი კონის ფასი 50 თეთრიდან 1 ლარამდე მერყეობს. საბითუმო ობიექტებზე კი ერთ ლარად ერთი კილოგრამის ყიდვაც შეიძლება. 20 კვერცხის შესაღებად დაახლოებით ერთი ჭიქა ენდროა საკმარისი, ამიტომ ერთი კილოგრამი ძალიან ბევრია, თუ, რასაკვირველია, კვერცხს ყველა ახლობლისა და ნათესავისთვის არ ღებავთ. 

© Sputnik / Natia Kvartskhavaთბილისის საკოლმეურნეო ბაზარი სააღდგომო დღესასწაულის წინ
ბაზარში გასეირნება – რა ჯდება სააღდგომო სუფრა საქართველოში - Sputnik საქართველო
თბილისის საკოლმეურნეო ბაზარი სააღდგომო დღესასწაულის წინ

ბაზარში ყოველი ფეხის ნაბიჯზე იყიდება სააღდგომო პასკა, ძალიან ბევრი და ყველა ზომის, სხვადასხვა მწარმოებლის, განსხვავებული შემადგენლობით და მოსართავით, ერთი სიტყვით, ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვის. ყველაზე პატარა პასკის ყიდვა 80 თეთრადაც კი შეიძლება, 550-გრამიანის – 6 ლარად, 850-გრამიანის – 8,5 ლარად.

კულიჩი, შეღებილი კვერცხი, ჩაქაფული – ეს სააღდგომო სუფრის ძირითადი და აუცილებელი, მაგრამ არასრული ჩამონათვალია. ყველა ოჯახს სუფრის გაწყობის თავისებური ტრადიცია აქვს.

იმედია, მსუყე ფასები მყიდველს მადას არ დაუკარგავს. როგორც გამყიდველები ამბობენ: „ჩვენც ხომ უნდა დაგვრჩეს რაღაც მოგება?!“

ბედნიერ აღდგომას გისურვებთ!

ყველა ახალი ამბავი
0