საქართველოში ინვესტიციების მოცულობა ერთი მესამედით შემცირდა: მიზეზები და პერსპექტივები

გამოწერა
ინვესტიციების შემცირება საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაუარესებას არ უკავშირდება, ფიქრობენ ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები.

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. წინასწარი მონაცემებით, საქართველოში ინვესტიციების მოცულობა 2018 წელს, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, 34,9%-ით შემცირდა და 1 232,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.

რატომ მცირდება უცხოური ინვესტიციები

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე მიიჩნევს, რომ უცხოური ინვესტიციების შემცირება არ უკავშირდება საინვესტიციო გარემოს გაუარესებასა თუ რაიმე სახის ფუნდამენტურ რისკს.

რას საქმიანობს „საპარტნიორო ფონდი“>>>

„სრულდება მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტი – იგი გადავიდა დასკვნით სტადიაზე და, როგორც მოსალოდნელი იყო, ინვესტიციები სატრანსპორტო სექტორში შემცირდა", – განუცხადა მიქაბაძემ ჟურნალისტებს.

გარდა ამისა, მისი თქმით, აღსანიშნავია ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი: არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორების მიმართ ვალდებულებების შემცირება (სასესხო დავალიანების დაფარვა) და რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში, რაც ასევე პოზიტიური მოვლენაა, ვინაიდან აისახება ბიუჯეტის შემოსავლებსა და ქვეყნის მთელ მოსახლეობაზე.

„საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ეკონომიკის რეალურ სექტორში ხარისხიანი ინვესტიციების მოზიდვა, ინვესტიციების დაბანდება მაღალტექნოლოგიურ დარგებში და ცოდნისა და ტექნოლოგიების გადაცემა", – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისი სიტყვებით, ქვეყნის ხელისუფლება აქტიურ ნაბიჯებს დგამს ინვესტიციების მოსაზიდად მაღალი დამატებული ღირებულების მქონე სექტორებში, რაც ხელს შეუწყობს ექსპორტის ზრდით გამოწვეული ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას და გარეშე ფაქტორების უარყოფითი ზემოქმედების შემცირებას.

საიდან შემოვიდა ინვესტიციები

2018 წელს ყველაზე მეტი ინვესტიცია – 240 მლნ დოლარი აზერბაიჯანიდან შემოვიდა. ინვესტორი ქვეყნების ლიდერების სამეულში არიან ასევე დიდი ბრიტანეთი და ნიდერლანდები.

ფულის კუპიურები - Sputnik საქართველო
საქართველოში ინვესტიციებმა იკლო: პრემიერმა მიზეზი დაასახელა

სამი მსხვილი ინვესტორი ქვეყნის ერთობლივმა წილმა საქართველოში 2018 წელს შემოსული პირდაპირი ინვესტიციების საერთო მოცულობის 49,6% შეადგინა.

გარდა ამისა, ინვესტიციები შემოვიდა აშშ-დან – 103 მლნ დოლარი, პანამიდან – 74,7 მლნ დოლარი, ჩეხეთიდან – 65,4 მლნ დოლარი, სამხრეთ კორეიდან – 63,2 მლნ დოლარი, რუსეთიდან – 60,1 მლნ დოლარი.

სად აბანდებენ ფულს ინვესტორები

დაბანდებული ინვესტიციების მაჩვენებლით ლიდერობენ საფინანსო, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სექტორები. სამი უმსხვილესი სექტორის წილი პირდაპირი ინვესტიციების საერთო მოცულობაში 2018 წლის განმავლობაში 52,3%-ია.

საქართველოს ეკონომიკა: ზრდის ტემპებმა იკლო>>>

გადამამუშავებელ მრეწველობაში ინვესტიციები 44,3%-ით გაიზარდა და 142,3 მლნ დოლარი შეადგინა. ინვესტიციების მოცულობამ სამთო მომპოვებელ სექტორში შეადგინა 66,7 მლნ აშშ დოლარი, რაც 28,8%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.

ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სექტორებში, ასევე სასოფლო-სამეურნეო სფეროში ინვესტიციები 83,3% და 28,2%-ით გაიზარდა და შეადგინა, შესაბამისად, 13,2 და 15,9 მლნ დოლარი.

„ესტონური მოდელი" საქართველოში

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობაში რეინვესტირების წილი 10,6%-ით გაიზარდა და 2018 წელს 45,3% შეადგინა.

„აღნიშნული მაჩვენებლის ზრდა მიუთითებს უცხოელი ინვესტორების პოზიტიურ დამოკიდებულებაზე ქვეყნის ბიზნეს-გარემოს მიმართ. მოგების რეპატრიაციის ნაცვლად ისინი თანხას საქმიანი აქტივობის გაფართოებაში დებენ, რაც კიდევ უფრო მეტად ზრდის ქვეყნის მიმზიდველობას", – აღნიშნა მიქაბაძემ.

გიორგი ქობულია - Sputnik საქართველო
ქობულიამ საქართველოს ეკონომიკის მთავარი გამოწვევები დაასახელა

საქართველოს ეკონომიკაში 2018 წელს განხორციელებული რეინვესტიციების საერთო მოცულობამ 558,8 მლნ დოლარი შეადგინა.

2017 წლის დასაწყისში საქართველოში ამოქმედდა საგადასახადო სისტემის ე.წ. „ესტონური მოდელი", რომლის მიხედვითაც, გადასახადებისგან თავისუფლდება საწარმოთა მოგების ის ნაწილი, რომელიც წარმოების განვითარებისკენაა მიმართული.

საქართველოში არ არიან მსხვილი ინვესტორები

ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტი დემურ გიორხელიძე ფიქრობს, რომ ინვესტიციების მოცულობის შემცირების მიზეზებს, რომლებზეც ხელისუფლება საუბრობს, შექმნილ ვითარებაში ბევრის ახსნა შეუძლია.

პრემიერი მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
საქართველოში ეკონომიკური განვითარების გზებს ეძებენ

„საქართველოში არასოდეს ყოფილან მსხვილი ინვესტორები. მცირე ინვესტორებმა კი, როგორც ჩანს, უპირატესობა სხვა მიმართულებებს მიანიჭეს. ამასთან, ერთჯერადი ინვესტიციები არ მიმაჩნია ისეთ ინვესტიციებად, რაზეც (გარკვეული პერიოდის განმავლობაში) ჩვენ გეზი უნდა ავიღოთ", – განუცხადა გიორხელიძემ „Sputnik-საქართველოს" ჟურნალისტს.

მისი სიტყვებით, საქართველოს სჭირდება კერძო პირები, რომლებიც თანხას აბანდებენ საკუთარ საქმეში, საქმეში, რომლის კეთებაც ქვეყანაში სურთ.

„ასეთი ინვესტორების ნაკლებობას ყოველთვის განვიცდიდით", – განაცხადა ექსპერტმა და დასძინა, რომ უახლოეს მომავალში ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდა მოსალოდნელი არ არის.

 

ყველა ახალი ამბავი
0