07:12 16 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2210
  • 100 RUB4.5596
  • USD2.8555
საავტომობილო მოძრაობა თბილისში

ახალი ხარჯი მძღოლებისთვის

© Sputnik / Alexander Imedashvili
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
280 0 0

ვინ იხეირებს სავალდებულო დაზღვევის შემოღებით

თემურ იოსელიანი

ავტომფლობელებს ხელისუფლებამ მორიგი სიურპრიზი მოუმზადა. ლაპარაკია სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შემოღებაზე, როდესაც სატრანსპორტო შემთხვევაში დამნაშავე მძღოლის მიერ მესამე მხარისთვის მიყენებულ ზარალს სადაზღვევო კომპანია აანაზღაურებს. დაზღვევა ყველა მძღოლმა უნდა იყიდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში დააჯარიმებენ. პარლამენტში შეტანილია კანონპროექტი - „საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“, რომლის ინიციატორია საქართველოს მთავრობა, ხოლო ავტორები - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და სახელმწიფო დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური. კანონის ამოქმედება 1 ივლისიდან არის დაგეგმილი.

რას აანაზღაურებს სავალდებულო დაზღვევა

კანონპროექტის მიხედვით, განსაზღვრულია ლიმიტები, რომლის ფარგლებშიც მოხდება თანხის დაფარვა.

სადაზღვევო შემთხვევისას თითოეული დაზარალებულის ზიანის მაქსიმალური ანაზღაურება 30 000 ლარია, ხოლო თითო სადაზღვევო შემთხვევისას, სადაც რამდენიმე დაზარალებულია, ჯამური ანაზღაურება მაქსიმუმ 300 000 ლარი იქნება.

იმ შემთხვევაში, თუ ავარიაში მოყოლილი მესამე პირი დახეიბრდება ან გარდაიცვლება, სადაზღვევო 30 000 ლარს აანაზღაურებს, თუ ჯანმრთელობის დაზიანების გამო დასჭირდება სამედიცინო მომსახურება, ამ შემთხვევაში მაქსიმუმ 15 000 ლარს გადაუხდიან.

თუ შემთხვევის დროს რამდენიმე დაზარალებულია და მათი ზარალის მოცულობა დადგენილ ლიმიტს აჭარბებს, მაშინ თითოეულ დაზარალებულზე სადაზღვევო ანაზღაურება პროპორციულად გაიცემა.

ლიმიტებია ქონების დაზიანების ანაზღაურებაზეც. ერთი დაზარალებულისთვის მაქსიმალური თანხა 25 000 ლარია, ხოლო თითოეული სადაზღვევო შემთხვევისთვის ჯამური ლიმიტი მაქსიმუმ 50 000 ლარი.

რამდენის გადახდა მოუწევთ ტრანსპორტის მფლობელებს

წლიური სადაზღვევო პრემიის ოდენობა განსაზღვრულია კატეგორიების მიხედვით:

ა) მოტოციკლისათვის, რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია – 75-110 ლარი;

ბ) მსუბუქი ავტომობილისათვის – 100-150 ლარი;

გ) ავტობუსისათვის, რომლის დასაჯდომი ადგილების რაოდენობა 8-ს აღემატება – 160-240 ლარი;

დ) სატვირთო ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს აღემატება – 210-310 ლარი;

ე) მისაბმელისათვის – 50-75 ლარი;

ვ) სასოფლო-სამეურნეო მანქანისათვის, სპეციალიზებული თვითმავალი მანქანისათვის – 60-90 ლარი.

თუ ავტომფლობელი გაყიდის ავტომობილს, ახალი მფლობელი ვალდებულია თავად იყიდოს წლიური დაზღვევა.

განსაზღვრულია ჯარიმები მათთვის, ვინც სავალდებულო დაზღვევას არ იყიდის. მოტოციკლის, მსუბუქი ავტომობილის, სასოფლო-სამეურნეო და სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის ან მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება.

ავტობუსის ან სატვირთოს მძღოლს 200-ლარიან ჯარიმას გამოუწერენ.

დაჯარიმებულ მძღოლს სავალდებულო დაზღვევის შესაძენად 72-საათიან ვადას მისცემენ და თუ ვადის ამოწურვისას კვლავ დაუზღვეველი იქნება, მეორედ დააჯარიმებენ.

ინიციატივის თანახმად, სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შეძენის აუცილებლობა არ გავრცელდება საქართველოს თავდაცვის ძალების, ასევე იმ სახელმწიფო ორგანოების ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც სამხედრო დანიშნულებისთვის გამოიყენება.

იქმნება კიდევ ერთი სახელმწიფო უწყება

სავალდებულო დაზღვევას კოორდინაციას გაუწევს სსიპ ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ბიურო. უწყებას განესაზღვრება საკუთარი ქონება, ბიუჯეტი, ბეჭედი, ლოგო და ა.შ. ბიურო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე.

მითითებულია, რომ ბიურო აანაზღაურებს იმ ზიანს, რომელიც გამოწვეული იქნება დაუდგენელი ან იმ ავტომობილით, რომელიც არ არის დაზღვეული.

დაზღვევის ბიუროში იქმნება ფულადი ფონდები:

ა) ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის საკომპენსაციო ფონდი;

ბ) პრევენციული ღონისძიებების ფონდი.

ფონდებში ფულს სადაზღვევო კომპანიები შეიტანენ. სადაზღვევო კომპანია ვალდებული იქნება დაზღვევის ამ სახეობაში მოზიდული ჯამური პრემიის 2% ყოველთვიურად გადარიცხოს საკომპენსაციო ფონდში, ხოლო პრემიის 1% გადარიცხოს პრევენციული ღონისძიებების ფონდში.

რაც მთავარია, სადაზღვევო კომპანიები, რომლებიც მონაწილეობის მიღებას აპირებენ სავალდებულო დაზღვევის პროგრამაში, ვალდებული იქნებიან დაზღვევის ბიუროში პირველადი შენატანი 100 000 ლარი გადაიხადონ.

სავალდებულო დაზღვევის ბიუროს უხელმძღვანელებს უფროსი და სავალდებულო დაზღვევის ბიუროს საბჭო, რომელიც, თავის მხრივ, 5 წევრისგან შედგება. ყველა მათგანის ანაზღაურება განისაზღვრება ყოველი წლის ბიუჯეტის მიხედვით. ბიუროს ხელმძღვანელის, ასევე საბჭოს წევრების შერჩევის წესები განსაზღვრულია კანონპროექტში.

სადაზღვევო ბიუროს საქმიანობას ყოველწლიურად შეამოწმებს გარე აუდიტორი, რომელსაც საბჭო შეარჩევს.

ინიციატივის შეფასება

„როდესაც ვინმე უფულო მძღოლი მომაყენებს ზარალს, სავალდებულო დაზღვევის შემთხვევაში ზარალი აუნაზღაურებელი აღარ დამრჩება“, – ამბობენ სავალდებულო დაზღვევის შემოღების მომხრეები. თუმცა, აქვე ისიც გასათვალისწინებელია, რომ საყოველთაობის პრინციპიდან გამომდინარე, თვითონ დაზარალებულიც აფინანსებს დამნაშავე მძღოლს, რადგან თავადაც იხდის სადაზღვევო პრემიას.

ინიციატივის მოწინააღმდეგეები, ისევე, როგორც დაგროვებითი პენსიის შემოღების დროს, ამ შემთხვევაშიც მთავარ მიუღებელ პრინციპად „სავალდებულოობას“ მიიჩნევენ და ამბობენ, რომ დაზღვევა კარგია, თუმცა უნდა იყოს ნებაყოფლობითი და ყველამ თავად შეაფასოს საკუთარი რისკებიც და შესაძლებლობებიც.

კანონპროექტი ჯერ მხოლოდ პარლამენტის ბიუროზეა განხილული და მთავარი დეტალები, წესით, საპარლამენტო განხილვების დროს უნდა გამოიკვეთოს. მანამდე კი დარგის ექსპერტები მთავრობის ინიციატივას ნაჩქარევს და მოუმზადებელს უწოდებენ.

„კითხვები მაქვს ბევრად მეტი, ვიდრე პასუხები. ეს ინიციატივის ავტორთა დამსახურებაა, რომლებსაც კანონპროექტის შექმნის დროს ნულოვანი კოორდინაცია ჰქონდათ არასამთავრობო სექტორთან და საექსპერტო ჯგუფებთან“, – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით მესხიშვილი.

მისი თქმით, გაუგებარია, რატომ ხდება დაზღვევა სავალდებულო წელსვე და არა 2020 წლიდან, რადგან მძღოლებს წელს ისედაც დიდი ხარჯი აწევთ სავალდებულო ტექდათვალიერების შემოღების გამო; ასევე გაუგებარია რის მიხედვით დათვალეს ტარიფები; ხომ არ არის ეს ყველაფერი რაიმე ბიზნეს-გარიგებასთან კავშირში და ა.შ.

„ჩვენ ისიც კი არ ვიცით ამ ეტაპზე, რას აზღვევს და რას არა კონკრეტული პაკეტები“, – აცხადებს დავით მესხიშვილი.

„ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს“ პრეზიდენტ პაატა შეშელიძეს მიაჩნია, რომ არ შეიძლება დაზღვევა იყოს სავალდებულო და ყოველმა ადამიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს სჭირდება თუ არა პასუხისმგებლობის დაზღვევის ყიდვა. მისი თქმით, ინიციატივის მთავარი მიზანი ხალხის ჯიბიდან ფულის ამოცლაა.

აქვე ცნობილი ხდება, რომ ავტომფლობელებს, რომლებიც კერძო სადაზღვევო პაკეტით უკვე სარგებლობენ, მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედების შემდეგ სადაზღვევო პაკეტის ცვლილება და ახალი დაზღვევის შეძენა მაინც მოუწევთ.

იურისტი ლევან ალაფიშვილი „ფეისბუქში“ წერს, რომ მთავრობა 200-მილიონიან მონოპოლიას ქმნის ხალხის ხარჯზე. ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ინიციატივაზე იურისტი აცხადებს, რომ გასულ წელს მთავრობამ დახურა ტექინსპექტირების ბიზნესი და ამ ბიზნესში მისი ლობირებით დომინირებს სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ – მის შვილობილ „გრინვეის“ მთელი საქართველოს მასშტაბით 51 ინსპექტირების ხაზი მისცეს.

„პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შემოღების შემთხვევაში კი „ალდაგი“ გახდება ამ ორი ბაზრის დომინანტი, შემდეგ კი მონოპოლისტი 200 მლნ-იან ბაზარზე“, – წერს ალაფიშვილი.

 

მთავარი თემები