10:05 17 იანვარი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0363
  • 100 RUB3.9891
  • USD2.6634
დეპუტატები

ახალი ფრაქცია თუ სხვა გაერთიანება – ვინ დადგება ბესელიას გვერდით

© FB / Parliament of Georgia
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პარლამენტი (73)
53 0 0

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის თემა უკვე მესამე კვირაა პარლამენტის დეპუტატებს მოსვენებას არ აძლევს.

საქართველოს პარლამენტი შეიძლება ახალი ფრაქციით შეივსოს – ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი დეპუტატი, მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრი ეკა ბესელია ირგვლივ მომხრეებს იკრებს.

საპარლამენტო უმრავლესობაში, კონკრეტულად კი ბესელიასა და პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს შორის დაძაბულობა პიკს აღწევს.

სკანდალი მოსამართლეების გამო

ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც დაახლოებით ორი კვირის წინ ბესელიამ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. ამის მიზეზად დეპუტატმა ის დაასახელა, რომ მისთვის მიუღებელი იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცედურის ნაჩქარევად ჩატარება, ხოლო მათ შესარჩევად, მისი აზრით, აუცილებლად მკაფიოდ განსაზღვრული კრიტერიუმები უნდა შემუშავდეს.

სკანდალი მოსამართლეების გამო და ცვლილებები პარლამენტში>>>

ბესელია საქართველოში სასამართლო რეფორმის ერთ-ერთი ინიციატორია, რომლის გამოც დეკემბრის მიწურულს ნამდვილი სკანდალი ატყდა. არა მარტო ოპოზიციის, თავად მმართველი პარტიის წევრების აღშფოთებაც გამოიწვია უზენაესი სასამართლოს მუდმივი წევრობის 10 კანდიდატისგან შემდგარმა სიამ, რომელიც პარლამენტს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარუდგინა. უკმაყოფილების მიზეზი გახდა კანდიდატების წარდგენის ფორმაც და მათი ვინაობაც.

კანდიდატებს შორის აღმოჩნდნენ ისინიც, ვინც, კრიტიკოსების სიტყვებით, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში „პოლიტიკური მართლმსაჯულების“ ნაწილი იყო.

მედლის ორი მხარე

მოგვიანებით პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ ბესელიას თანამდებობიდან წასვლა ჯერ კიდევ 2018 წლის აგვისტოში იგეგმებოდა – მას პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობა უნდა დაეკავებინა. კობახიძის განცხადებით, საქმე შიდა დაპირისპირებაშია. 

„შარშანაც იყო კონკრეტული სირთულეები და პრობლემები. მაშინ იქნა მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებები პოლიტსაბჭოსთან დაკავშირებითაც. კონკრეტული დეპუტატები აღმოჩნდნენ პოლიტსაბჭოს მიღმა სწორედ იმის გამო, რომ გარკვეული წესები დაარღვიეს. დღეს გვაქვს იგივე მოცემულობა, სასამართლოსთან არც მაშინ იყო და არც დღეს არის კავშირში ეს ყველაფერი, რაც უმრავლესობის შიგნით ხდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცალკეული დეპუტატების „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოდან გარიცხვა არ ნიშნავს პარტიის დაშლას. კობახიძე პარტიის აღმასრულებელი მდივანია.

ამის პარალელურად ბესელია კვლავ აცხადებს, რომ პრობლემა მხოლოდ მოსამართლეებშია. მისი სიტყვებით, სწორედ კობახიძე მოითხოვდა მისგან, რომ ერთ კვირაში მომხდარიყო მოსამართლეთა სიის მარტივად განხილვა, მხარდაჭერა და დამტკიცება, რაც მისთვის მიუღებელი იყო.

„ჩემი გადაწყვეტილება იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადადგომის თაობაზე განაპირობა წლის ბოლო კვირამ. სია რომ შემოვიდოდა, ეს ყველამ იცოდა, მაგრამ არ გვქონდა მოლოდინი, რომ ეს მოხდებოდა წლის ბოლო კვირას, ასე ნაჩქარევად“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

უმრავლესობა ცვლილებების ზღვარზე

მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატების ნაწილისთვის შექმნილი ვითარება მიუღებელია. 

„თუ მოსამართლეების საკითხი დღის წესრიგში იქნება და ამ მიმართულებით არაფერი შეიცვლება, თუ მოსამართლეების ასეთივე სია შემოვა და უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს, მე დავტოვებ საპარლამენტო უმრავლესობას“, – განაცხადა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა.

ვიდრე ნაცვლიშვილი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, ბესელიას მხარი უკვე დაუჭირეს დეპუტატებმა რევაზ არველაძემ, გედევან ფოფხაძემ და დავით ჭიჭინაძემ.

ბესელია პარლამენტში ახალი ძალის შექმნას არ გამორიცხავს.

„თანამოაზრეებთან ერთად იმ ნაბიჯებს ვიხილავთ, რომლებიც მოსამართლეების არჩევას ეხება, რათა პროცესი იყოს გამჭვირვალე. პოლიტიკური ინსტრუმენტები – იქნება ფრაქცია თუ სხვა გაერთიანება – ეს არ არის მიზანი ან თვითმიზანი. ჩვენ მიზნის მისაღწევად ყველა ინსტრუმენტს გამოვიყენებთ, რათა ქვეყანაში დამოუკიდებელი მართლმსაჯულება იყოს“, – განაცხადა ბესელიამ.

თემები:
საქართველოს პარლამენტი (73)

მთავარი თემები