22:06 22 იანვარი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0283
  • 100 RUB4.0074
  • USD2.6613
კონსტანტინე გამსახურდია

კონსტანტინე გამსახურდია საავადმყოფოში რჩება

© photo: AFP 2019 / VANO SHLAMOV
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
152 0 0

კონსტანტინე გამსახურდიამ, რომელიც 14 დეკემბრიდან შიმშილობს, საკვების მიღება მას შემდეგ დაიწყო, რაც საავადმყოფოში მოხვდა.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდია, რომელიც შიმშილობის მე-11 დღეს საავადმყოფოში გადაიყვანეს, მკურნალობის კურსს გადის, განაცხადა „Sputnik–საქართველოსთან" ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის კარდიოლოგიური განყოფილების უფროსმა დავით იოსებაშვილმა.

კონსტანტინე გამსახურდია საავადმყოფოში ორშაბათს მოხვდა. მან ძმასთან, ცოტნესთან ერთად საქართველოს პროკურატურის შენობაში შიმშილობა 14 დეკემბერს დაიწყო. კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიები ხელისუფლების კრიტიკით გამოდიოდნენ და აცხადებდნენ, რომ ამ დრომდე ვერ მოხერხდა მათი მამის მკვლელობის საქმის გამოძიების ბოლომდე მიყვანა. საქმე ისაა, რომ 31 დეკემბერს დანაშაულის 25-წლიანი ვადა იწურება, ხოლო საქართველოს პირველი პრეზიდენტის მკვლელობაში დამნაშავე პირი დადგენილი ჯერ კიდევ არ არის.

ზვიად გამსახურდიას ოჯახი უნდობლობას უცხადებს საგამოძიებო უწყებას>>>

ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს სოფელ ძველ ხიბულაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. 

„იგი (კონსტანტინე გამსახურდია) არ გაუწერიათ და ჩვენთან აგრძელებს მკურნალობას. ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია. იგი არასტაბილური სტენოკარდიის დიაგნოზით შემოიყვანეს... მან საკვების მიღება დაიწყო", – განაცხადა იოსებაშვილმა.

ზომები მიღებულია

ამის პარალელურად პარლამენტში უკვე შევიდა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ვადის გაგრძელებას 25-დან 30 წლამდე.

პარლამენტის გადაწყვეტილებას მიესალმებიან გამსახურდიას ოჯახის წევრები, თუმცა ისინი მიიჩნევენ, რომ ეს საკმარისი არ არის და ხელისუფლებისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას და ასევე საგამოძიებო ჯგუფის შექმნას ელოდებიან, რომელიც თავიდან შეისწავლის საქართველოს პირველი პრეზიდენტის საქმეს.

"ჩვენ ხელისუფლებისგან რეალურ ნაბიჯებს ველოდებით. ხანდაზმულობის ვადის გაზრდა აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა. თუ ისინი იმავე მანერით გააგრძელებენ, მაშინ შედეგი არა ხუთი წლის განმავლობაში, არამედ 15 წლის განმავლობაშიც არ დადგება. ხოლო ამ წლების განმავლობაში, პირიქით, ეს მტკიცებულებები გაქრება, განადგურდება, დაიკარგება", – განაცხადა ცოტნე გამსახურდიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე.

ზურაბიშვილი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ოჯახის მოთხოვნას მხარს უჭერს>>>

გამსახურდიას ოჯახს საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია უჭერს მხარს.

„საქართველოს პირველი პრეზიდენტის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის საქმეზე მრავალწლიანი უშედეგო გამოძიება დიდი გამოწვევის წინაშე აყენებს მართლმსაჯულების სისტემას. ამიტომ სოლიდარული ვართ პრეზიდენტ გამსახურდიას ოჯახის წევრთა მოთხოვნის მიმართ – არ შეწყდეს გამოძიება აღნიშნულ საქმეზე. პოზიტურად მიგვაჩნია საქართველოს პარლამენტის ინიციატივა", – ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.

ასოციაციამ ასევე მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, სადაც გამსახურდიას ოჯახის ადვოკატმა ივნისში სარჩელი შეიტანა. ადვოკატი მოითხოვს არაკონსტიტუციურად იქნას ცნობილი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის ნორმა, რომლის თანახმად, შესაძლებელია დაზარალებულს გასაცნობად არ გადაეცეს საქმის მასალები.

„აქვე მივმართავთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, დროულად მოახდინოს იმ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა, რომელიც შეეხება დაზარალებულად ცნობილი პირისთვის საქმის მასალების გადაცემის უფლებას", – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან ერთად ადვოკატთა ასოციაცია საქართველოს პროკურატურას მოუწოდებს, ხარისხიანი გამოძიება ჩაატაროს, რათა ყველა კითხვას გაეცეს პასუხი.

გამსახურდიას მკვლელობის საქმე

ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს სოფელ ძველ ხიბულაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. პირველი პრეზიდენტის ოჯახს გარდაცვალების ოფიციალური ვერსიის არ სჯერა. 2015 წელს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქმე გადააკვალიფიცირა და ახლა გამოძიება „განზრახ მკვლელობის" მუხლით მიმდინარეობს.

პირველი პრეზიდენტის მკვლელობის გამოძიების ბოლომდე მიყვანას ოჯახი პრეზიდენტს სთხოვს>>>

ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტად 1991 წლის 26 მაისს აირჩიეს. სამოქალაქო დაპირისპირების შედეგად, რომელიც „თბილისის ომის" სახელით არის ცნობილი, 1992 წლის იანვარში ის სახელმწიფოს მეთაურის პოსტიდან გადააყენეს. ერთი წლის განმავლობაში გამსახურდია დევნილობაში ცხოვრობდა — ჯერ აზერბაიჯანში, შემდეგ სომხეთში, ბოლოს კი ჩეჩნეთში. 1993 წლის შემოდგომაზე ის საქართველოში დაბრუნდა, სადაც იმავე წლის 31 დეკემბერს სამეგრელოს სოფელ ძველ ხიბულაში დღემდე გაურკვეველ გარემოებაში დაიღუპა.

1994 წლის თებერვალში სოფელ ჯიხაშკარში დაკრძალული გამსახურდიას ცხედარი ოჯახის მოთხოვნით გროზნოში გადაასვენეს და ქალაქის მთავარი მოედნის სიახლოვეს დაკრძალეს. შემდგომ, ჩეჩნეთში მომხდარი საომარი მოქმედებების შედეგად, საფლავი დაიკარგა და ის მხოლოდ 2007 წელს აღმოაჩინეს. პირველი პრეზიდენტის ნეშტის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დონის როსტოვში ჩატარდა.

2007 წლის მარტში გამსახურდიას ნეშტი ჩეჩნეთიდან ჩამოასვენეს და თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონის ტერიტორიაზე დაკრძალეს.

 

მთავარი თემები