22:03 22 იანვარი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0283
  • 100 RUB4.0074
  • USD2.6613
თი-ბი-სი ბანკის ოფისი

თებერვლიდან „ქართული ამაზონის“ ამოქმედება იგეგმება

© Sputnik / Alexander Imedashvili
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
149 0 0

„თიბისი ჯგუფი“ ელექტრონული კომერციის ბაზარზე შედის.

თემურ იოსელიანი

სულ უფრო მზარდი ონლაინ-ვაჭრობა არა მხოლოდ მომხმარებლების, არამედ ბიზნესმენების ინტერესთა სფეროშიც მეტ ადგილს იკავებს. მსოფლიოს უდიდესი ონლაინ-სავაჭრო ქსელის – „ამაზონის“ დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი პლანეტის უმდიდრესი ადამიანია და მისი შემოსავალი, 2018 წლის დეკემბრის მდგომარეობით, 138,2 მილიარდ დოლარს აჭარბებს. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ „ამაზონის“ მსგავსი პლატფორმის შექმნა და შემოსავლის გაზრდა სხვა ბიზნესმენებსაც, მათ შორის, საქართველოშიც სურთ.

ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ყველაზე მსხვილი ბანკის – „თიბისი ბანკის“ მფლობელები ელექტრონული კომერციის დარგსაც აითვისებენ. როგორც „თიბისი ჯგუფმა“ დააანონსა, მალე ბაზარს შეემატება ახალი ციფრული სავაჭრო პლატფორმა Vendoo, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტის მეშვეობით შეიძინონ პროდუქცია. მცირე და საშუალო მეწარმეები კი შეძლებენ საკუთარი პროდუქცია ინტერნეტით მიაწოდონ მომხმარებლებს საქართველოს მასშტაბით.

სანამ „თიბისის“ ხელმძღვანელები ონლაინ-მაღაზიის დაფუძნების შესახებ გააკეთებდნენ განცხადებას, მანამდე ცნობილი გახდა, რომ „თიბისი ჯგუფმა“ შეიძინა ონლაინ-ფასდაკლების და გაყიდვების კომპანია Swoop. სწორედ Swoop-ის ბაზაზე უნდა ამუშავდეს დაანონსებული Vendoo. როგორც წინასწარ არის ცნობილი, „თიბისი“ Swoop-ის „გაქრობას“ არ აპირებს, ის დარჩება დამოუკიდებელ ბრენდად და გააგრძელებს ჩვეულ საქმიანობას. ასე რომ, მომხმარებელი ორივე ბრენდის ვებ-გვერდის მეშვეობით შეძლებს მომსახურების მიღებას და, რაც მთავარია, ამ მიმართულების მფლობელი „თიბისი ჯგუფი“ იქნება.

„ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, განვავითაროთ ელექტრონული კომერცია და დავეხმაროთ მეწარმეებს, უფრო ეფექტურად გაყიდონ თავიანთი პროდუქცია. Vendoo თავს მოუყრის ყველა სახის პროდუქციას, რომელიც იწარმოება საქართველოში ან შემოდის უცხოეთიდან. მომხმარებელს კი შევუქმნით კომფორტს, რომ სახლიდან გაუსვლელად შეიძინოს მისთვის სასურველი ნივთი“, – განაცხადა „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

როგორც „თიბისი ჯგუფში“ აცხადებენ, Vendoo მომხმარებლებს შესთავაზებს პროდუქციის ფართო არჩევანს, პერსონალიზებულ შეთავაზებებს, განვადებას, ასევე შეძენილი პროდუქციის სწრაფად მიტანას და დაბრუნების მოქნილ პოლიტიკას. ციფრული სავაჭრო პლატფორმა მეწარმეებს ხელს შეუწყობს, გაზარდონ გაყიდვები, მიიღონ ვაჭრობის დაფინანსება, აწარმოონ ონლაინ-მარკეტინგი. Vendoo-ზე პროდუქციის განთავსებას ნებისმიერი მწარმოებელი შეძლებს, მათ აქ დახვდებათ მზა ონლაინ-პლატფორმა და საწყობი, ასევე გამართული ლოჯისტიკა ელექტრონული ვაჭრობისათვის. „თიბისი ჯგუფში“ აცხადებენ, რომ პლატფორმა Vendoo 2019 წლის თებერვლიდან ამოქმედდება.

ამ ინფორმაციას ერთი გარემოება უკავშირდება, რომელიც ბოლო ხანს სულ უფრო ხშირად ხდება განხილვის საგანი: იმ ფონზე, როდესაც ბანკები სხვადასხვა ბიზნესებში აქტიურად ერთვებიან, ამ ტენდენციის წინააღმდეგ სხვადასხვა ექსპერტები თუ კონკრეტული ბიზნესების წარმომადგენლები გამოდიან. ზოგადად, ბანკების ლანძღვა ერთგვარ მოდად იქცა ქვეყანაში იმის მიუხედავად, რომ თითქმის ერთადერთი სტაბილური და მზარდი სფეროა ქვეყნის ეკონომიკაში. ბანკებს ხან მაღალ საპროცენტო განაკვეთებს ედავებიან, ხან სარისკო ბიზნესებისთვის კრედიტზე უარის თქმას. ასევე, ერთი მხრივ, მსესხებლები, რომლებმაც ნაკისრი ვალდებულების შესრულება ვერ შეძლეს და ვალში ჩავარდნენ, მაინც ბანკებს ადანაშაულებენ, მეორე მხრივ კი, ოპოზიციას რომ თავი დავანებოთ, ეკონომიკის განუვითარებლობაში უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ბანკებს სდებენ ხოლმე ბრალს. გავიხსენოთ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გამოსვლა ჯერ კიდევ აპრილში, როცა ის ფინანსთა მინისტრი იყო.

„მაღალპროცენტიანი სესხები საბანკო სისტემაში აფერხებს მეწარმეობისა და ბიზნესის განვითარებას. საქართველოს საბანკო სისტემა უნდა იყოს არა ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი, არამედ მისი მამოძრავებელი ძალა, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენ ქვეყანაში მივიღეთ რეალობა, სადაც ბანკები არ ასრულებენ ამ მამოძრავებელი ძალის ფუნქციას“, – განაცხადა მაშინ ბახტაძემ.

რამდენად სწორია ბანკებისთვის ე.წ. არაპროფილური აქტივების მართვის აკრძალვა ან შეზღუდვა, ცალკე თემაა, მაგალითად, თუ იმავე „თიბისი ჯგუფს“ არ ექნება უფლება ელექტრონულ კომერციაში ჩაერთოს, საქართველოს ბაზრის ამ სეგმენტში უკეთესი მდგომარეობა იქნება? თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი, ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი მიიჩნევს, რომ მსგავსი აკრძალვა–შეზღუდვები სინამდვილეში არა კონკურენციას უწყობს ხელს, არამედ ეკონომიკას ურტყამს.

„აკრძალვის მომხრეების არგუმენტია, რომ ბაზარზე ჩნდება არასამართლიანი კონკურენცია, რადგან კომერციული ბანკები ფულს განკარგავენ და მათ რესურსებზე წვდომა უფრო იაფად აქვთ, ვიდრე სხვებს. მოცემული მსჯელობა მრავალი მიმართულებით მცდარია. პირველი შეცდომა ამ მსჯელობაში ისაა, რომ თუ დაინტერესებული კომერციული ბანკი ძვირ საპროცენტო განაკვეთს სთავაზობს სესხზე ირიბ კონკურენტს, არსებობენ სხვა ბანკები, რომელთაც მოცემულ სექტორში ინტერესი არ გააჩნიათ და მოცემული კომპანია სწორედ მათ მიმართავს. მეორე შეცდომა ეხება აკრძალვის ალოგიკურობას. იმისათვის, რომ ფინანსურად ძლიერი მოთამაშე არსებობდეს ბაზარზე, აუცილებელი პირობა არ არის, რომ იგი კომერციული ბანკის საკუთრებაში იყოს. ფინანსური სიძლიერისთვის რატომ უნდა დაისაჯონ ბანკები და სხვა ფინანსურად ძლიერი კომპანიები? ცხადია, არც ერთი მოთამაშის დასჯა გამოსავალი არ არის და მოცემულ სექტორში რაც ნაკლები იქნება მთავრობის მონაწილეობა, მით უფრო კონკურენტული იქნება ბაზარი“, – ამბობს ხორგუაშვილი.

ამ ფონზე საინტერესოა „თიბისი ჯგუფის“ ახალი მიმართულების ბიზნესის მოსინჯვა. ამ წამოწყებას სკეპტიკოსებიც ჰყავს – იგივე ამერიკული „ამაზონი“ თუ ჩინური „ალიექსპრესი“ და „ალიბაბა“ თითქმის მთელ პლანეტას ფარავენ და უმსხვილესი სავაჭრო ონლაინ-პლატფორმებია. სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოშიც ძალიან პოპულარულია ამ და სხვა მსგავსი ვებ-გვერდების მეშვეობით უცხოური პროდუქციის გამოწერა-ჩამოტანა. რაც შეეხება ადგილობრივ ონლაინ-ვაჭრობას, მსგავსი ადგილობრივი საიტებიც არსებობს და ამ სიტუაციაში როგორ შეძლებს კონკურენციაში ჩაბმას „თიბისის“ Vendoo – თებერვლიდან გამოჩნდება.

 

მთავარი თემები