ორი წლის წინ გაუქმებული სოფლის მხარდაჭერის პროგრამა მომავალი წლიდან განახლდება

© კუკური მეტრეველის პირადი არქივისოფელი კოთელია
სოფელი კოთელია - Sputnik საქართველო
გამოწერა
რამ გამოიწვია ხელისუფლების პოზიციის ცვლილება

თემურ იოსელიანი

„ქართული ოცნება“ ჯერ კიდევ ოპოზიციაში ყოფნისას ხშირად აცხადებდა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მათი ერთ-ერთი პრიორიტეტი სოფელზე ზრუნვა იქნებოდა. ამჟამინდელი საპრეზიდენტო არჩევნების წინ კიდევ ერთხელ გაუხსენეს მმართველ ძალას საკუთარი აქტივისტების დაპირება, რომ „ყოველი სოფელი მიიღებდა 5 მილიონ ლარს“. სოფლებმა ის მილიონები მხოლოდ დაპირებებში მიიღეს...

რაც შეეხება სოფლისა და სახელმწიფოს ურთიერთობას, 2009 წლიდან არსებობდა სოფლის ხელშეწყობისთვის გათვალისწინებული „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“. 2009-2011 წლებში პროგრამის ყოველწლიური ბიუჯეტი 40 მილიონი ლარი იყო, 2012 წლიდან კი 50 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ პროგრამამ რამდენიმე წელი იარსება და 2017 წელს გაუქმდა. ახლა კი 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას გაირკვა, რომ ხელისუფლება აპირებს აღადგინოს პროგრამა, ოღონდ შედარებით მცირე მასშტაბით.

თუშეთი - Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობა სოფლის მხარდაჭერის პროგრამას განაახლებს

რას აფინანსებდა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ საქართველოს მთავრობამ 2009 წელს დაიწყო. პროგრამა მიზნად ისახავდა სოფლის ტიპის დასახლებების ინფრასტრუქტურის განვითარებას და მოსახლეობის ჩართულობის ზრდას გადაწყვეტილებების მიღებაში. თითოეულ სოფელს ცენტრალური ბიუჯეტიდან გარკვეული ოდენობის თანხა ეძლეოდა და ადგილობრივებს თავად უნდა გადაეწყვიტათ, რას მოხმარდებოდა ეს ფული.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2 წლის წინ გაუქმდა, დაფინანსების შეწყვეტის გამო ხელისუფლების ოპონენტები აცხადებდნენ, რომ მუნიციპალიტეტები სოფლებში მცირე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ვეღარ ახერხებდნენ. ასევე მოიშალა გადაწყვეტილების მიღებაში მოქალაქეთა მონაწილეობის მექანიზმიც.

საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
„მცირე“ მთავრობა, „ამბიციური“ გეგმები და ქართული ეკონომიკის დილემა...

2017 წლიდან ადგილობრივი თვითმმართველობები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის აღდგენას ითხოვდნენ. აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს შორისაც არიან ისინი, ვინც „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ საჭიროებაზე მიანიშნებდა. სოფლის მეურნეობის ყოფილმა მინისტრმა და ამჟამად პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის აღდგენა გასულ ზაფხულს პარლამენტში გამოსვლისას მოითხოვა.

„სოფლის პროგრამა არ არის ახირება, ეს იყო 80-დან 110 პროექტამდე ყოველწლიურად, რომლებსაც თავად სოფლის მოსახლეობა ირჩევდა, იყო ეს სოფლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, თუ საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია. ხომ არ გვეფიქრა ამ პროგრამის აღდგენაზე? რა თქმა უნდა, კარგია ჩქაროსნული მაგისტრალები, მაგრამ სოფლებში არის კონკრეტული პრობლემები, რომელთა მოგვარებაც ამ სოფლების მცხოვრებლებისთვის უფრო მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

პროგრამის აღდგენის მომხრეები სხვებიც იყვნენ, თუმცა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვამდე მთავრობას პროგრამის განახლების გეგმაზე განცხადება არ გაუკეთებია.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი - Sputnik საქართველო
დავითაშვილი: ეს პროგრამები ეხმარება ეკონომიკური აქტივობის ზრდას სოფლის მეურნეობაში

მთავრობა ამბობს, რომ პროგრამას აღადგენენ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის თქმით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ განახლდება და მისი ბიუჯეტი 20 მილიონი ლარი იქნება. როგორც ცქიტიშვილის მოადგილე მზია გიორგობიანი ამბობს, ამ დროისათვის ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად პროექტების შერჩევა მიმდინარეობს.

„ეს პროგრამა იქნება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის შემადგენელი ნაწილი - ე.წ. ქვეკომპონენტი. ამ ეტაპზე ვმუშაობთ ადგილობრივ თვითმმართველობებთან, რათა მოსახლეობის უშუალო ჩართულობით სწორად მოხდეს პროექტების შერჩევა, რათა შეჯერდეს თანხის ოდენობა“, – განაცხადა მზია გიორგობიანმა.

აჭარის სოფლის, ბუთურაულის ფერმერები - Sputnik საქართველო
ევროკავშირის პროგრამა ქართული სოფლების განვითარებისათვის აქტიურ ფაზაში შევიდა

მაია ცქიტიშვილმა ამ თემასთან დაკავშირებით ისიც აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ პროექტების საკმარისი რაოდენობა არ იქნება, ან პროექტი არ დააკმაყოფილებს კრიტერიუმებს, თანხა მიიმართება რეგიონული განვითარების ფონდში და მუნიციპალურ საჭიროებას მოხმარდება.

„რეგიონული განვითარების ფონდიდან ჩვენ ვაფინანსებთ პროექტებს, რომლის ღირებულება 50 ათასი ლარი ან მეტია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში სოფლებში არის მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების საჭიროება – სკვერების მოწესრიგება, უბნების კეთილმოწყობა, შეკრების ადგილების კეთილმოწყობა, სანიაღვრე არხების გაწმენდა და ა.შ. ამიტომაც ჩვენ ეს პროგრამა აღვადგინეთ, მაგრამ არა იმ მასშტაბით, როგორც იყო გათვალისწინებული მანამდე... გარდა ამისა, პროგრამა მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტებისკენ მივმართეთ, რაც მის ეფექტურობას მნიშვნელოვანწილად გაზრდის... პროგრამის ეფექტიანობას თვითმმართველობები გააკონტროლებენ. ჩვენ შევისწავლეთ ყველა არაეფექტურობა, რომელიც ამ პროგრამაში მანამდე იყო. დადებითი მხარე გათვალისწინებულია, უარყოფითი და ნაკლებეფექტური მომენტებიც ასევე გათვალისწინებულია ამ პროგრამაში“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

ჟოლო - Sputnik საქართველო
კენკროვანი კულტურები - მაღალფასიანი პროდუქტის აუთვისებელი ნიშა ბაზარზე

დარგის სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ეს თანხა 3600-ზე მეტი სოფლისთვის ძალიან ცოტაა და დიდი შანსია, რომ დაგეგმილ პროექტებსაც კი არ ეყოს. 

ექსპერტი დავით ზარდიაშვილი აღნიშნავს, რომ თანხა ნამდვილად მწირია იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რაც ამჟამად ქართულ სოფლებშია, თუმცა, თვითმმართველობისა და სპეცპროგრამების ერთობლივი ამუშავებით მთავრობა გაცილებით უკეთ მოაგვარებდა ინფრასტრუქტურულ საკითხებს.

„ეს არის მონაწილეობითი ხელშეწყობა, რადგან ამ თანხებით ელემენტარული პრობლემების მოგვარება შეუძლებელია. თვითმმართველობამაც უნდა გამონახოს სოციალური კაპიტალი და ფინანსების გაერთიანებით შესაძლებელი გახდება სოფლების ფეხზე წამოყენება. საბიუჯეტო დაფინანსება მართლაც მწირია იმ მდგომარეობის გამოსაკეთებლად, რაც სოფლებშია. ყველაფერი სოციალური პირობებიდან იწყება. მხოლოდ ერთობლივი ფინანსების გამონახვის შემდეგ მოგვარდება ის პრობლემები, რაც ძალიან აწუხებს სოფლის მცხოვრებს“, – აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა.

სახლი თუშეთის მთებში - Sputnik საქართველო
მაღალმთიან რეგიონებზე 20 მილიონი ლარი დაიხარჯება

გაზეთი „რეზონანსი“ ავრცელებს სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელის კობა კობალაძის კომენტარს. კობალაძის აზრით, 20 მილიონი მცირე თანხაა და დღეს არსებული პრობლემების მოგვარებას ნამდვილად არ ეყოფა.

„რთულია ასეთი მცირე თანხის მორგება იმ პრობლემებზე, რაც დღეს აქვთ საქართველოში სოფლებს. ინფრასტრუქტურის განვითარებით ძალიან ბევრი საკითხის გადაჭრა შეიძლება, მაგრამ ეს არაფერს ეყოფა. მიზნობრივ განაწილებასთან ერთად მთავარია ბიუჯეტიდან საჭირო თანხის გამოყოფა“, – აღნიშნა კობალაძემ.

ასე რომ, ამ ეტაპზე „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ აღდგენაზე და მისი დაფინანსების მოცულობაზე მსჯელობა მიდის. ამ მომენტისთვის რაც შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, ის არის, რომ პარლამენტი 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს იხილავს და, წესით, დეკემბერში უნდა დაამტკიცოს კიდეც. სწორედ მაშინ გვეცოდინება დანამდვილებით, რამდენი ჩაიწერება ბიუჯეტში და რის დაფინანსებას მოხმარდება მომავალი წლის მანძილზე სახელმწიფო რესურსი.

 

ყველა ახალი ამბავი
0