15:38 20 სექტემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0606
  • 100 RUB3.9087
  • USD2.6179
Георгий Маргвелашвили, Патриарх Илия Второй, Георгий Квирикашвили, Давид Усупашвили

დარჩება თუ არა ექს-პრემიერი პოლიტიკაში, ანუ შედგება თუ არა „გარიყულთა“ ტრიადა

facebook.com/KvirikashviliOfficial
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
სულხან მელაძე
1296 0 0

ეპისტოლარული ჟანრი ქართულ პოლიტიკაში... რა იკითხება სტრიქონებს მიღმა, შედგება თუ არა ახალი პოლიტიკური ერთობა, ვინ და რა პირობით იკისრებს თავკაცობას და ვის რა პერსპექტივა აქვს საპრეზიდენტო საარჩევნო მარათონში?

არახალია!.. რიგით მეშვიდე საპრეზიდენტო არჩევნები ღვინობისთვეში გაიმართება. ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ყოველი დღე წლის მთავარ პოლიტიკურ ბატალიებს გვაახლოებს. განსაკუთრებული ვნებათაღელვა ჯერ არ იგრძნობა, ტემპერატურა ცელსიუსით პოლიტიკურს აშკარად აღემატება და ძნელად სავარაუდოა, რომ საარჩევნო მარათონის მონაწილეთა დადგენამდე სურათი რადიკალურად შეიცვალოს… ყოველი არჩევნების წინ აქტუალურია კითხვა, შედგება თუ არა ოპოზიციურ ფლანგზე დიდი ერთობა? წინამდებარე სტატიაც ამ კითხვაზე პასუხის ძიების მცდელობაა, რისკენაც „მოძრაობა „შენების“ ლიდერის პრეზიდენტისთვის გაგზავნილი ღია წერილის შინაარსმა მიბიძგა.

დავით უსუფაშვილი გიორგი მარგველაშვილს ეპისტოლარული ჟანრით ერთობისკენ მოუწოდებს. თავად პრეზიდენტი პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს ტელეფონით ესაუბრა და დაჰპირდა, რომ მოგვიანებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტის დასრულების შემდეგ შეხვდება. მაინც რა შედეგით დასრულდება იმ ორი პოლიტიკოსის მოლაპარაკება, რომელთაგან ერთი არ წარმოადგენს რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ გუნდს, ხოლო მეორე ორგანიზაციულად და ფინანსურად ჯერ კიდევ სუსტი პოლიტიკური მოძრაობის ლიდერია, თუმცა ახერხებს და მეტ-ნაკლები წარმატებით ინარჩუნებს ელექტორატის სიმპატიას? მოხერხდება თუ არა ოპოზიციურ ძალთა გაერთიანება, ვინ და რა პირობებით მოირგებს ლიდერის „ყვითელ მაისურს“? საბოლოოდ კითხვას დრო გასცემს პასუხს, მაგრამ ჩვენ მაინც ვცადოთ…

ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასებით, პარტიული პოლიტიკური კულტურის გათვალისწინებით, ამ ტიპის მოწოდებები ჩვენში იშვიათია, რადგან პოლიტიკოსები, როგორც წესი, არ არიან მზად საერთო საქმისთვის საკუთარი ამბიციები დათმონ. ერთი ყველაზე ფასეული, რაც ამ მიმართვაში იკითხება, ეს არის დღეს არსებული მსხვილი პოლიტიკური ფიგურების გაერთიანება. მნიშვნელოვანია ის, რომ დავით უსუფაშვილი საკუთარ თავს განიხილავს, როგორც ახალი პოლიტიკური ძალების, ახალი პოლიტიკური თაობის შემომყვანს და გიორგი მარგველაშვილსაც იმავეს მოუწოდებს. არის კიდევ ერთი ფაქტორიც: გიორგი მარგველაშვილმა უნდა გამოიჩინოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და საზოგადოებას აუწყოს — აპირებს თუ არა კენჭი იყაროს საპრეზიდენტო არჩევნებში. შთაბეჭდილება რჩება, რომ პრეზიდენტი ამ დუმილით ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს, თუმცა, შესაძლოა, ის მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას ელოდება საპრეზიდენტო კანდიდატის თაობაზე. ასეა თუ ისე, ფაქტობრივად, ძალიან ბევრი პოლიტიკოსი გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებას იმისთვის ელოდება, რომ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი არ დაიქსაქსოს. თუ გასაგები იქნება, რომ გიორგი მარგველაშვილი აღარ აპირებს მეორე ვადით პრეზიდენტობას, მაშინ დავით უსუფაშვილი აცხადებს მზადყოფნას – წამოაყენოს საკუთარი კანდიდატურა და ოპოზიციას მოუწოდებს, გაერთიანდეს მისი კანდიდატურის გარშემო…

ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე: „დავით უსუფაშვილისა და გიორგი მარგველაშვილის გვერდით არაერთი ადამიანი მოიაზრება, რომლებიც ახალი გუნდის სახით გამოვლენ პოლიტიკურ ასპარეზე. იმ შემთხვევაში, თუ მხოლოდ დავით უსუფაშვილზე შეჩერდება არჩევანი, დარწმუნებული ვარ, რომ მის გარშემოც ოპოზიციური ერთობა შეიკვრება. თუ „ქართულ ოცნებაში“ არსებობს მოცემულობა, რომ მმართველი გუნდის შიგნით არიან დეპუტატები, რომლებიც გიორგი კვირიკაშვილის წასვლის შემდეგ განდეგილად ან გარიყულად გრძნობენ თავს, რატომ არ შეიძლება, რომ ეს დეპუტატებიც გახდნენ დავით უსუფაშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად წამოყენების ინიციატორები?..“

ისიც უნდა ითქვას, ანალიტიკოსთა ერთ ნაწილს ეეჭვება, რომ გიორგი მარგველაშვილის და დავით უსუფაშვილის ტანდემი ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნის საფუძველი გახდეს, რადგან ამჟამად მმართველი გუნდის ხელში დიდი რესურსებია თავმოყრილი და კონსტიტუციით განსაზღულ იმ ვადაში, ვიდრე ისინი იქნებიან ხელისუფლებაში, ის ასე მარტივად არ დაუშვებს მისი ალტერნატიული ძალის ჩამოყალიბებას.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე: „გიორგი მარგველაშვილი და დავით უსუფაშვილი პოლიტიკურ ასპარეზზე გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლებიდან გამოჩდნენ. დიახ, შესაძლოა მათ მიმართ კონკრეტულ ადამიანებს ჰქონდეთ სიმპათია, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ იმ დროიდან წამოსულ პოლიტიკოსებს საზოგადოებაში დაკარგული აქვთ ნდობა და ავტორიტეტი? ამის გათვალისწინებით მეეჭვება, რომ მათ ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი პოლიტიკური ალტერნატივა შექმნან…“

დავუშვათ, რომ გიორგი მარგველაშვილი დავით უსუფაშვილის წინადადებას დათანხმდა. რა შანსები ექნებათ არჩევნებში და შეძლებენ თუ არა კონკურენცია გაუწიონ მმართველი გუნდის კანდიდატს? ანალიტიკოსთა ხედვები ამ საკითხზეც განსხვაებულია. ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის მხარდაჭერის გარეშე გიორგი მარგველაშვილი მეორე ტურამდეც ვერ მივა. ეს მაშინ, როცა აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებით, პოლიტიკოსთა რეიტინგში პრეზიდენტი პირველ სამეულში იყო და სულ მცირედით ჩამორჩებოდა ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილსა და „ევროპული საქართველოს“ ლიდერს დავით ბაქრაძეს. არის მოსაზრება, რომ მარგველაშვილი–უსუფაშვილის ტანდემს, მიუხედავად იმისა, მათგან რომელი იქნება კანდიდატი, ვერ ექნება რაიმე საგრძნობი გავლენა ამ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგზე, ხოლო უფრო მასშტაბური, დიდი პოლიტიკური გაერთიანების პერსპექტივა პრაქტიკულად არ არსებობს პოლიტიკურ ძალებს შორის არსებული ე.წ. მიუღებლობის ფაქტორის გათვალისწინებით.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ბარათს, შესაძლოა, მელანი ბოლომდე შემშრალი არ ჰქონდა, როცა შევიტყვეთ, რომ გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო დატოვა და ახლა დამკვირვებელთა ერთი ნაწილი არ გამორიცხავს, რომ გიორგი კვირიკაშვილი ან თავად შექმნის პოლიტიკურ პარტიას, ან მოახლოებულ არჩევნებზე პრეზიდენტობის კანდიდატად მოგვევლინება.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ყოფილი პრემიერი ოპოზიციაში სხვა პარტიებთან, თუნდაც, დავით უსუფაშვილთან ალიანსში ვიხილოთ? გიორგი კვირიკაშვილისა და დავით უსუფაშვილის ურთიერთობა არ არის ახალი, მეტიც, დავით უსუფაშვილი გიორგი კვირიკაშვილის გადადგომამდე აცხადებდა, რომ მმართველი პარტიიდან დასავლეთისთვის ყველაზე მორგებული ფიგურა სწორედ გიორგი კვირიკაშვილია… შედგება თუ არა ფორმალურად და არაფორმალურად „გარიყულთა“ – ორი გიორგის და ერთი დავითის პოლიტიკური ერთობა, დრო გვიჩვენებს, მანამდე კი ყოფილი პრემიერი უნდა ჩამოყალიბდეს — სურს თუ არა პოლიტიკაში ყოფნა? 

მთავარი თემები