20:22 16 აგვისტო 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.9495
  • 100 RUB3.8839
  • USD2.6074
ივანიშვილი

რატომ უჩვენა ბიძინა ივანიშვილმა ყვითელი ბარათი მთავრობას?

Sputnik / Alexey Kudenko
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
რუსუდან კაციტაძე
1299100

„ქართულ ოცნებაში“ გამართული ოთხსაათიანი სხდომის გახმაურებული და გაუხმაურებელი დეტალები.

ბოთლების სროლისა და მძიმე აქციების გადაგორების შემდეგ საქართველოს მთავრობას სრული შემადგენლობით პარტიის თავმჯდომარისთვის მოუხდა პასუხის გაცემა კითხვებზე, რა ხდება ქვეყანაში და რატომაა საზოგადოების ასეთი მასობრივი უკმაყოფილება და სიღატაკე.

ქართული მასმედია, როგორც არაერთხელ, მთელი დღის განმავლობაში ელოდებოდა მთავრობის გადადგომას. დასახელდა კონკრეტული გვარებიც: პრემიერი კვირიკაშვილი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საგარეო საქმეთა და კულტურის მინისტრები. ამ ისტორიაში უცნაური და სასაცილო სწორედ ისაა, რომ თუ პრემიერი გადადგა, უცნაურია საუბარი იმის შესახებ, რომ მხოლოდ რამდენიმე მინისტრს შეცვლიან. საქმე ისაა, რომ საქართველოს კონსტიტუციით, პრემიერ–მინისტრის გადადგომის შემთხვევაში გადამდგარია მთელი მთავრობა — 14 მინისტრი და მათი ყველა მოადგილე. ასე რომ, წულუკიანსა და ქუმსიშვილზე ყურადღების გამახვილება, ცოტა არ იყოს, არაკომპეტენტურობის ბრალია.

რაც შეეხება შეხვედრების მთავარ აქცენტებს: ოთხსაათიანი ლოდინის შემდეგ უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, ამდენ ხანს Unicef-ის კვლევის შედეგებს ვიხილავდითო. მოგვიანებით მან დასკვნაც კი მოიმარაგა ეთერებში და მისი შინაარსიც გაგვაცნო, მაგრამ მაინც პასუხგაუცემელი დარჩა კითხვა — რატომ არ იცოდა უმრავლესობამ ამ კვლევების შესახებ აქამდე და მიტინგებმა და დემონსტრაციებმა აუხილა თვალი, რომ ხალხს უჭირს თუ საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებამ?

სინამდვილეში, როგორც ირკვევა, ნამდვილადაა საუბარი გარკვეულ ცვლილებებზე, თუმცა არა — პირდაპირი მნიშვნელობით. კულუარული ინფორმაციით, რაც შეკრებიდან გამოვიდა, ამჟამად ორი ადამიანია გაჯიუტებული. თავად პრემიერი კვირიკაშვილი, რომელმაც აშშ-ც მოინახულა პოზიციების გამყარების მიზნით და რომელიც ბრიუსელის ნატოს სამიტს და ანაკლიის პორტის მშენებლობის დასრულებას ელოდება, და თეა წულუკიანი, რომელიც, როგორც წყაროები ამბობენ, არა მხოლოდ უარს ამბობს საფრანგეთში საქართველოს ელჩობაზე, არამედ დამოუკიდებელი პოლიტიკური ბრძოლითაც იმუქრება.

იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი გაბრაზებულია და არ მოსწონს შექმნილი ვითარება, ადასტურებს დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი. ის ამბობს, რომ ასეთი გაბრაზებული ივანიშვილი არასოდეს უნახავს. მეორე მხრივ, მთავრობის გადადგომას ხალხისა და დეპუტატების უკმაყოფილების გამო, რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, დეპუტატი დავით ჭიჭინაძეც ითხოვს.

მაგრამ რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ოცნების მესამე პრემიერი არც მინიშნებით და არც პირდაპირ ნათქვამს არ იგებს და არ ემორჩილება შექმნილ ვითარებას? აქ უკვე პარლამენტმა უნდა იმოქმედოს და ან ბიუჯეტი ჩააგდოს, ან სხვა გზით გამოუცხადოს უნდობლობა მთავრობას და ეს სცენარიც გამორიცხული არაა.
როგორც ამბობენ, პრემიერობის ყველაზე რეალური შანსი მამუკა ბახტაძეს და გიორგი გახარიას აქვთ, თუმცა არც თავად ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას გამორიცხავენ აღმასრულებელი ხელისუფლების სათავეში. ასეა თუ ისე, უდავოდ დიდი პროგრესია, რომ მმართველი პარტია, რომელიც დღემდე სოციოლოგიას და კვლევებს უნდობლობას უცხადებდა, დაფიქრდა თემაზე, რატომ უჭირს ხალხს. მომდევნო ნაბიჯი, ალბათ, იმ ხალხის დასჯა იქნება, ვინც ხალხს გაუჭირვა.

მთავარი თემები