16:23 24 სექტემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0854
  • 100 RUB3.9340
  • USD2.6216
თბილისი

შეზღუდული თავისუფლება, ანუ „ნოყიერი დიეტის“ მენიუ

© Sputnik / Alexander Imedashvili
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
სულხან მელაძე
1056 0 0

ამოქმედდა ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები. როგორია საკრედიტო რესურსებზე ხელმისაწვდომობის ხარისხი, რა მოცულობის შემოსავალს კარგავენ კომერციული ბანკები და დროებით მაინც ხომ არ იხეირებენ კერძო მევახშეები

გარბის დრო და თანაც ისე, რომ უკან მოხედვას ვერ ასწრებ კაცი. უკვე ერთი კვირა გავიდა, რაც ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები ძალაში შევიდა და კომერციული ბანკების საკრედიტო პოლიტიკაში „თავისუფლების“ ხარისხმა იკლო. საგრძნობლად შეიზღუდა სესხების გაცემა კლიენტის შემოსავლების ანალიზისა და გადამხდელუნარიანობის შესწავლის გარეშე. კერძოდ, აკრძალულია სესხის გაცემა, როდესაც კრედიტის მომსახურებისა და სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტი აღემატება დადგენილ ზღვარს, ანუ გამსესხებელს არ შეუძლია პირს სესხის მომსახურებაში შემოსავლის კონკრეტულ პროცენტზე მეტი მოსთხოვოს. ეროვნულმა ბანკმა დაადგინა სესხის მომსახურების კოეფიციენტიც.

მაგალითად, პირი, რომლის შემოსავალიც არ აღემატება 500 ლარს, ყოველთვიურად სესხის მომსახურებისთვის შემოსავლის მხოლოდ 15 პროცენტის განკარგვას შეძლებს. შემოსავლების ზრდასთან ერთად კოეფიციენტიც იზრდება. ეროვნული ბანკის დოკუმენტით, იპოთეკური სესხის მაქსიმალური ვადა 20 წელია, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხისა – 10 წელი, სხვა დანარჩენი სესხებისთვის 4 წელი. დაუშვებელია ისეთი სესხის გაცემა, როცა მსესხებელი მხოლოდ დარიცხულ პროცენტს იხდის, ხოლო ძირს ან ძირის მნიშვნელოვან ნაწილს – საკრედიტო ვადის ბოლოს. ასეთია „შეზღუდული თავისუფლების“ ზღვარი. მიზეზი — ჭარბვალიანობა, მიზანი — მომხმარებელთა უფლებების დაცვა. დროის იმ მონაკვეთში, რაც ახალი რეგულაციების შემოღებიდან გავიდა, საკრედიტო განაცხადზე უარის მიღებით განაწყენებული პირადად მე არავინ შემხვედრია, თუმცა საბანკო სფეროს წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ეს სიახლე, შესაძლოა, მოსახლეობაზე სასიკეთოდ არ აისახოს. დაახლოებით მილიონამდე მომხმარებელს სესხით სარგებლობა შეეზღუდება და დაფინანსების ალტერნატივის ძიებაში იძულებული გახდება კერძო მსესხებელთან გადაინაცვლოს…

ფინანსისტი გიორგი კეპულაძე: „სესხზე მოთხოვნა ამით ვერ შემცირდება. ხალხს ყოველთვის ენდომება ფული ისესხოს, რაც წაახალისებს ლომბარდებისა და კერძო გამსესხებლების ბაზარს. იქ კი სესხი გაცილებით უფრო ძვირია და გამოვა, რომ ადამიანი, რომელსაც ბანკში უნდა აეღო სესხი, სხვაგან წავა და გაცილებით მეტს გადაიხდის. ეს ცვლილება თვითდასაქმებულებს ეხება. ჩვენ ვუბიძგებთ ამ ადამიანებს, გადაინაცვლონ მევახშეებთან…“

ბანკირები  რეგულაციების შემოღებას ნაადრევ გადაწყვეტილებად მიიჩნევენ და ვარაუდობენ, რომ ჭარბვალიანობის საწინააღმდეგოდ მიმართული ეს ნაბიჯი არაეფექტური იქნება, საბანკო სექტორიდან უარით გასტუმრებული კლიენტები კერძო მევახშეებს მიმართავენ, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს მათ ვითარებას, ხოლო ჭარბვალიანობის პრობლემა მოუგვარებელი დარჩება. განსხვავებული მოსაზრება აქვთ ექსპერტ-ანალიტიკოსებს. მათი უმრავლესობის შეფასებით, რეგულაციების შემოღება არა თუ ნაადრევი, არამედ დაგვიანებულია…

ექსპერტი პაატა ბაირახტარი: „სესხის ამღები ყოველი მესამე ადამიანი სესხის მომსახურებაში თავისი შემოსავლის 50 პროცენტზე მეტს იხდიდა. ეს კატასტროფულად მაღალი მაჩვენებელია, რადგან ეროვნულ ვალუტაში ეს 30 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. ამიტომ არასწორია საუბარი, რომ რეგულაციების შემოღება ნაადრევია. ეს კარგა ხნის წინ იყო დაანონსებული. ბანკებს მოსამზადებელი პერიოდი ჰქონდათ, არასაბანკო ორგანიზაციებს კი მოსამზადებლად კიდევ ერთი წელი აქვთ. რეგულაციების შემოღება დაგვიანებულიც კი არის და არ ვიზიარებ ბანკების პათოსს, რომ რეგულაციების შემოღება ნაჩქარევი იყო…“

ექსპერტ-ანალიტიკოსების უმრავლესობა თანხმდება, რომ არ შეიძლება კრედიტის გაცემა, როცა იცი, რომ კლიენტი ვერ გადაიხდის. შესაბამისად, ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები წინგადადგმული ნაბიჯია…

ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე: „ურთიერთდაცულობა, თამაშის წესი უნდა არსებობდეს. სესხი არ შეიძლება გასცე ისეთი პირობით, როცა იცი წინასწარ, რომ ვერ გადაიხდის ადამიანი. მიკროსაფინანსოები, კერძო გამსესხებლები, ონლაინ-სესხები, ისეთი მაღალი პროცენტებით გასცემენ სესხებს, რომლის დაფარვაც დასაქმებულ ადამიანსაც კი არ შეუძლია. თუ ადამიანს უჭირს და ვერ იხდის, ყველაფერი მიდის ამ ყაჩაღებთან. მსგავსი რამ მსოფლიოში არასად არ ხდება. ჩვენთან მახინჯად გაგებული ე.წ. ბაზარი არეგულირებს ყველაფერს. ეს ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომაა. ეს არ არის ბიზნესი, ამიტომ რეგულაციები აუცილებელი იყო. ეს არის მხოლოდ ერთი ნაბიჯი, რომელიც ამ ქაოსურ და ბანდიტურ სიტუაციაში გადაიდგა. არაფრის გამოგონება არ არის საჭირო, მსოფლიოში უკვე ჩამოყალიბებულია ეს მეთოდები, ველოსიპედს გამოგონება არ სჭირდება…“

სპეციალისტებისა და ექსპერტების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ გაცილებით სწორი იქნებოდა რეგულაციების ყველა საკრედიტო ორგანიზაციისთვის ერთიანად ამოქმედება, რადგან ეს კიდევ უფრო სამართლიანი თამაშის წესებს შექმნიდა. ექსპერტები მიანიშნებენ, რომ ახალ რეალობაში ბანკების მხრიდან ასევე არასწორია საუბარი საპროცენტო განაკვეთების შესაძლო გაზრდაზე. მათ ახალი რეგულაციებით რისკები შეუმცირდებათ, რაც საშუალოვადიან პერსპექტივაში საპროცენტო განაკვეთებზე დადებითად უნდა აისახოს. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ,  საზოგადოებამ ისე არ უნდა გაიგოს, თითქოს კრედიტებზე ხელმისაწვდომობა შეეზღუდება უკლებლივ ყველას, ვინც შემოსავალს არ დაადასტურებს.

ფინანსისტი ირაკლი ბერძენაძე: „ეს რეგულაციები ბიზნეს-სესხებს არ შეეხება, რადგან ასეთი სესხის ასაღებად აქამდეც საკმაოდ ბევრი დასაბუთება იყო საჭირო. ამასთან, უნდა ვაღიაროთ, რომ მრავალი მიზეზის გამო ბანკები ბიზნეს-სესხების დაკრედიტებაზე ორიენტირებული არც იყვნენ. ბანკების საპროცენტო განაკვეთი ისეთია, რომ ამ განაკვეთში ბიზნესის დაკრედიტება ძალიან ჭირს და ყოველგვარ ლოგიკას არის მოკლებული განცხადება, რომ ვინმემ მევახშეს მიმართოს და მისგან მოზიდული ფულით ეკონომიკური საქმიანობა დააკრედიტოს. ხოლო სამომხმარებლო სესხებს რაც შეეხება, თუ ადამიანს ტელეფონის განვადებით გამოტანა უნდა, ის მევახშესთან არ წავა… სესხებზე ხელმისაწვდომობა გამარტივდება იმდენად, რამდენადაც თუ ბანკებს წარსულში შავი სია ჰქონდათ და ამ სიაში მოხვედრილი ადამიანები კრედიტს ვერ იღებდნენ, ახალი რეგულაციით ბანკი ვალდებული იქნება, სესხის მოთხოვნის შემთხვევაში, ამ შავ სიაში მყოფი პირის საკრედიტო ისტორიას ახლიდან გადახედოს. თუ პირი დაამტკიცებს, რომ მისი ეკონომიკური მდგომარეობა შეიცვალა და სესხის მომსახურების საშუალება აქვს, ის სესხის აღებას შეძლებს…“

არავინ კამათობს, რომ ეროვნული ბანკის რეგულაციების შედეგი ბევრ ადამიანზე აისახება. როგორი იქნება ის, დადებითი თუ უარყოფითი, ამას დრო გვაჩვენებს. მანამდე კი ფაქტია, რომ ეროვნულმა ბანკმა კომერციული საბანკო სექტორი „ნოყიერ დიეტაზე“ დასვა…

მთავარი თემები