23:24 20 სექტემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0606
  • 100 RUB3.9087
  • USD2.6179
თბილისი, კოსტავას ქუჩა

„სითი პარკი" თბილისის მერიის წინააღმდეგ – ვინ იხეირებს კონტრაქტის გაწყვეტით

© Sputnik / Alexander Imedashvili
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
248 0 0

მტყუან-მართალს და კომპენსაციის საკითხს არბიტრაჟი დაადგენს.

თბილისის მერიამ განაცხადა, რომ „სითი პარკთან“ კონტრაქტს 10 აპრილიდან გაწყვეტს. წლების მანძილზე მიმდინარე კინკლაობა ახალ ეტაპზე გადადის – თბილისის მერია და „სითი პარკი“ შესაძლოა ერთმანეთს არბიტრაჟში დაუპირისპირდნენ. კომპანია კონტრაქტის გაწყვეტის გამო კომპენსაციას ითხოვს. თავის მხრივ, დედაქალქის მერიაში ამბობენ, რომ „სითი პარკმა“ თვითონ დაარღვია კონტრაქტის პირობები და კომპენსაციაც არ ერგება.

მეტი ავტომობილი, ნაკლები პარკინგის ადგილი

დედაქალაქი რომ სულ უფრო ძნელად იტევს მომრავლებულ ავტომობილებს, იოლი შესამჩნევია. ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა HUB Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე ამბობს, რომ თბილისში „სითი პარკის“ მიერ გამოყოფილ 1 საპარკინგე ადგილზე უკვე 15 ავტომობილი მოდის. ასე რომ, პარკინგის ადგილების დეფიციტი სახეზეა. „სითი პარკის“ მიმართ მძღოლებს სხვა პრეტენზიებიც აქვთ. მაგალითად, კომპანია მძღოლს 10 ლარით რომ აჯარიმებს, ზოგჯერ ქვითარს ხელზე არ აბარებს და ისე იწყებს დროის ათვლას. 30 დღის გასვლის შემდეგ კი მძღოლს უკვე 150-ლარიანი საურავიც ერიცხება, რასაც გადაუხდელობის შემთხვევაში ქონების დაყადაღება მოსდევს…

არის შემთხვევები, როდესაც წესების დარღვევის გამო „სითი პარკს“ ავტომობილი საჯარიმო სადგომზე გადაჰყავს და მძღოლს დამატებით 60 ლარის გადახდა უწევს ავტომობილის „გამოსახსნელად“. თუმცა იურისტები მიანიშნებენ, რომ საჯარიმო ავტოსადგომზე გადაყვანა მხოლოდ მაშინ უნდა ხდებოდეს, როდესაც არასწორად პარკირებული ავტომობილი მოძრაობას აფერხებს, წინააღმდეგ შემთხვევაში „სითი პარკი“ 10-ლარიანი ჯარიმით უნდა შემოიფარგლოს. ასეთ შემთხვევებზე „სითი პარკმა“ რამდენიმე სასამართლო დავა წააგო კიდეც, მაგრამ საჯარიმო სადგომზე ავტომობილების გადაყვანა ჩვეულ რეჟიმში გრძელდებოდა.

ზოგადად, როგორც წესი, ადამიანებს არც პარკირების საფასურის გადახდა სიამოვნებთ, არც ჯარიმის, მაგრამ ამ ეტაპზე რთული სათქმელია – არის კი გამოსავალი „სითი პარკთან“ კონტრაქტის გაწყვეტა? მერიის განცხადებიდან ცნობილი გახდა, რომ 10 აპრილიდან, პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, „სითი პარკის“ ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია შეითავსებს. თბილისის მერმა კახა კალაძემ კონტრაქტის გაწყვეტის მიზეზად კომპანიის მხრიდან ვალდებულების არასათანადოდ შესრულება დაასახელა.

„ჩვენი მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, კომპანია მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს არ ასრულებს, რაც მოქალაქეების უფლებების შელახვისა და პარკირების მართვის სფეროში სისტემური პრობლემების შექმნის მიზეზად იქცა“, — განაცხადა კალაძემ.

რა იცვლება პარკირების მხრივ დედაქალაქში

თბილისის მერიამ განცხადება გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ, რომ „სითი პარკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაწყვეტა არაფერს ცვლის მძღოლებისთვის – არც პარკირების პირობები იცვლება და არც გამოწერილი ჯარიმები უქმდება.

„2018 წლის 10 აპრილამდე პარკირების საფასურის გადახდა „სითი პარკის“ ანგარიშზე ჩვეულ რეჟიმში მოხდება. გადახდილი საფასური 10 აპრილის შემდეგ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ანგარიშში აისახება და მოქალაქეებს თანხის ხელმეორედ გადახდა არ მოუწევთ. 2018 წლის 10 აპრილის შემდგომ პარკირების საფასურის გადახდა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ მითითებულ ანგარიშზე მოხდება, რის შესახებაც მოქალაქეებს წინასწარ ეცნობებათ. 2018 წლის 10 აპრილამდე სამართალდარღვევებზე ჯარიმას კვლავ „სითი პარკი“ გამოწერს, რომლის გადახდაც სავალდებულო იქნება და განხორციელდება საჯარიმო ქვითარზე მითითებულ ანგარიშზე. 10 აპრილიდან დაჯარიმებას თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს. დაკისრებული ჯარიმის გასაჩივრება 10 აპრილამდე კომპანია „სითი პარკის“ მეშვეობით განხორციელდება, 10 აპრილიდან კი — თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ.

ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, როგორც აქამდე, სანქცია 10-დან 150 ლარამდე გაიზრდება და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდება. პარკირების წესების დარღვევის გამო ევაკუირებული ავტომანქანა 10 აპრილამდე დარჩენილ პერიოდში კომპანია „სითი პარკის“ მიერ აქამდე დაგეგმილ ლოკაციებზე იქნება გადაყვანილი, ხოლო 10 აპრილის შემდეგ ევაკუაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია წინასწარ გაცხადებულ ლოკაციებზე განახორციელებს. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ კომპანია „სითი პარკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაწყვეტა პარკირების საფასურის ან საჯარიმო სანქციების ოდენობის ცვლილებას არ იწვევს. შესაბამისად, პარკირების საფასურის გადახდა იმავე პრინციპითა და ოდენობით განხორციელდება, როგორც აქამდე ხდებოდა“, — აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერიამ შესაძლოა პარკინგის მართვა კერძო კომპანიას აღარ გადასცეს და მერიაში ახალი სამსახური შექმნას, რომელიც პარკინგს დაარეგულირებს.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანია არის საკმაოდ ძლიერი კომპანია გამართული მენეჯმენტით, ტექნიკური და მატერიალური საშუალებებით და ადამიანური რესურსით. აქედან გამომდინარე, ყველაზე ოპტიმალური იქნება პარკირების რეგულირება დროებით განხორციელდეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მხრიდან. თუმცა, ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ უახლოეს პერიოდში ჩამოვაყალიბოთ ახალი საპარკინგე სისტემის რეგულირების მოდელი, რომელიც გარკვეულწილად შეიძლება ითვალისწინებდეს ახალი მუნიციპალური სამსახურის შექმნას და პარკირების რეგულირების ის ნაწილი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია — ჯარიმების დაწერა განახორციელოს ისევ და ისევ მუნიციპალურმა კომპანიამ და ახალმა კომპანიამ“, — განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ.

ვინ დაჯარიმდება კონტრაქტის გაწყვეტით — მერია თუ „სითი პარკი“?

მერიისა და „სითი პარკის“ დავაში ახლა მთავარი, რა თქმა უნდა, კომპენსაციის გადახდის საკითხია – მოუწევს თუ არა მერიას დედაქალაქის ბიუჯეტიდან რამდენიმე მილიონის გადახდა.

„სითი პარკთან“ 15-წლიანი კონტრაქტი 2007 წელს, გიგი უგულავას მერობის დროს არის გაფორმებული. მას შემდეგ, რაც თბილისის მერი „ქართული ოცნების“ კანდიდატი დავით ნარმანია გახდა, კომპანიასთან კონტრაქტის შესაძლო გაუქმებაზე თუ ცვლილებებზე კეთდებოდა განცხადებები. თუმცა, როგორც ნარმანიამ მოგვიანებით განაცხადა, კონტრაქტში ისეთი პირობები იდო, რომ გაწყვეტის შემთხვევაში დედაქალაქის ბიუჯეტს 25 მილიონი ლარის კომპენსაციის გადახდა მოუწევდა. ამ 25 მილიონი ლარის გამოთვლა 2017 წლის შემოდგომაზე მოხდა და თუ ახლაც გახდება საჭირო, ამ თანხას ბევრი არაფერი დააკლდება, რადგან მისი გამოთვლა დარჩენილი თვეების მიხედვით უნდა მოხდეს რთული ფორმულით, გასული წლის შემოდგომიდან კი სულ რამდენიმე თვეა გასული.

თუმცა, ამჟამად კალაძის უწყება ირწმუნება, რომ ჯარიმის გადახდა არ მოუწევთ და შეიძლება იქით უჩივლონ კიდეც „სითი პარკს“ ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის.

„სითი პარკმა“ არ შეასრულა მასზე დაკისრებული ერთადერთი ვალდებულება, საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოწყობა, დახაზვა, საპარკინგე ნიშნების მოწყობა. ასევე შშმ პირებისთვის საპარკინგე ადგილების მოწყობა, რასაც ჰქონდა სისტემატიური ხასიათი. დაახლოებით 30%-ზე მეტი საპარკინგე სივრცეები არის მოუწესრიგებელი. სწორედ აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

ჩვენ არანაირი ზიანის ანაზღაურება არ დაგვეკისრება. იმაზე მეტი ვადები მივეცით, ვიდრე ეს ხელშეკრულება ითვალისწინებდა“, – განაცხადა ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ.

ხმალაძე განმარტავს, რომ „სითი პარკის“ შემოსავლების მხოლოდ 40% შედიოდა თბილისის ბიუჯეტში, 60%-ს კი კომპანია იტოვებდა.

„სითი პარკი“, თავის მხრივ, აცხადებს, რომ დავას აპირებს თბილისის მერიის წინააღმდეგ. კომპანიაში ამბობენ, რომ კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ მხოლოდ მერის სატელევიზიო გამოსვლით გაიგეს. კომპანიის პრეს-სამსახურის უფროსმა ლევან ტაბიძემ განაცხადა, რომ, „სითი პარკი“ სამართლებრივ ჩარჩოში აპირებს თავისი უფლებების დაცვას როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო არბიტრაჟში. რაც შეეხება პირგასამტეხლოს გადახდას, ლევან ტაბიძის თქმით, კომპანიას მიაჩნია, რომ კონტრაქტის ასეთი ფორმით გაწყვეტა მიუღებელია, რის გამოც „სითი პარკი“ მოითხოვს საკომპენსაციო თანხას, თუმცა, თანხის რაოდენობა არ დააკონკრეტა.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა დედაქალაქის ყოფილი მერი, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა:

„მე ვთხოვ ჩვენს ფრაქციას საკრებულოში, დაიბაროს თბილისის სატრანსპორტო კომპანია და საზოგადოებას წარუდგინოს გეგმა, რას აპირებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია 10 აპრილის შემდეგ. მე მაქვს განცდა, რომ მერიის დღევანდელი ადმინისტრაცია ამ სიმძიმისთვის მოუმზადებელია და 10 აპრილის შემდეგ შეიძლება უბრალოდ ქაოსი მივიღოთ. კარგად მესმის, რომ პარკინგის ინსპექტორები მსოფლიოს არც ერთ ქალაქში არავის არასდროს უყვარს, თუმცა ეს არის აუცილებელი „ბოროტება“, რომელიც საჭიროა იმისთვის, რათა ქალაქმა იფუნქციონიროს და ელემენტარული წესრიგი იყოს“, — განაცხადა უგულავამ.

ასეა თუ ისე, დედაქალაქის ხელისუფლება „სითი პარკთან“ ურთიერთობას წყვეტს. რაც უკვე ცნობილია, მძღოლებისთვის ამ ეტაპზე არაფერი იცვლება. შესაბამისად, თუ მხოლოდ ის შეიცვლება, რომ პარკირების საშვისთვის და ჯარიმებისთვის გადახდილ ფულს „სითი პარკის“ ნაცვლად თბილისის სატრანსპორტო კომპანია მიიღებს, მაშინ გაუგებარია – ამ გზით როგორ მოწესრიგდება პარკინგის პრობლემა, რომ აღარაფერი ითქვას ბიუჯეტიდან რამდენიმე ათეული მილიონის შესაძლო გადახდაზე.

თემურ იოსელიანი


რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

 

მთავარი თემები