პირველი მერცხალი – ლარის „აიწონა-დაიწონა“ და „საოცნებო“ ფასები!

© Sputnik / Alexander Imedashviliეროვნული ვალუტა ლარი
ეროვნული ვალუტა ლარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოლოდინს აცდენილი რეალობა! ეროვნულმა ვალუტამ დაიწყო დაღმასვლა... ფასები იზრდება, ძვირდება ცხოვრება! თებერვლის მონაცემებით, ინფლაციის წლიური დონე 2.7 პროცენტია, რა იქნება ხვალ?

ეროვნული ვალუტის ვაჟკაცობით გამოწვეული აღტაცება და სიხარული ნაადრევი გამოდგა. ლარმა, გამყარების შემდეგ, მოულოდნელად გაუფასურებისკენ აიღო გეზი. ახლა ამას არავინ ელოდა. ეროვნული ვალუტის თავგადასავლებით დაინტერესებულ მკითხველს შევახსენებ, რომ შარშან და შარშანწინ, ანალოგიურ პერიოდში, ლარი დიდი სისწრაფით მყარდებოდა, წელს კი მდგომარეობა საპირისპიროდ შეიცვალა. 10 თებერვლიდან დღემდე ეროვნული ვალუტა 5 პუნქტით გაუფასურდა. სწორედ ამიტომ სამომხმარებლო ბაზარზე დაწყებული გაიაფების ტენდენცია შეჩერდა. ეროვნული ვალუტის მერყეობამ ფასების შემცირების პროცესი დაამუხრუჭა. მაგალითად, თუ საწვავის ფასი რამდენიმე დღის წინ კლებისკენ მიდიოდა, ეს პროცესი ლარის გაუფასურებასთან ერთად მყისიერად შეწყდა. სპეციალისტები მოკლევადიანი პერიოდის შეფასებებს აკეთებენ და ვარაუდობენ, რომ ლარი 2.46-2.50 ნიშნულებს შორის იმოძრავებს. ლარის ნებისმიერი გაუფასურება სამომხმარებლო ბაზარს მაშინვე ეტყობა. როგორც სურსათის, ასევე სხვა სამომხმარებლო საქონლის ღირებულება თუ არ იზრდება, მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება, რაც მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწვება.

ფულის დათვლა - Sputnik საქართველო
თვალი მიჭირავს ბანკზედა, როგორც მიმინოს მწყერზედა...

სულ რაღაც რამდენიმე დღეში ლარის ხუთპუნქტიან ვარდნაზე ყურადღებას ამახვილებენ ანალიტიკოსები. მათი თქმით, დოლარის ინდექსი აღმავალია, აქედან გამომდინარე ლარის კიდევ უფრო გაუფასურებაც არ არის გამორიცხული. უახლოესი რამდენიმე დღე ეროვნული ვალუტა 2.46-2.50-იან ნიშნულებს შორის იტრიალებს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას წინ ტურისტული სეზონი ელოდება, სპეციალისტები არც სამომავლოდ ელიან ლარის მკვეთრ გამყარებას. ერთი სიტყვით, პროგნოზი პესიმისტურია…

ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე: „შარშან და შარშანწინ წელიწადის ამ პერიოდში ლარი მართლაც მყარდებოდა, მაგრამ ამით ვერ ვიმსჯელებთ ამჟამინდელ სავალუტო პროგნოზზე, რადგან ყოველწლიურად სხვადასხვა ვითარებაა. დოლარის ინდექსი იმყოფება აღმავალ ტრენდში. ამ მომენტში იგი პოზიციებს იუმჯობესებს. ჩვენი პროგნოზით, მარტში აშშ-ში საპროცენტო განაკვეთი აიწევს, ანუ დოლარი გამყარდება. ამერიკული ვალუტის უფრო დიდ გამყარებას მაისის ბოლოდან ველოდებით. აქედან გამომდინარე ლარის მიმართაც იქნება ცვლილება. გავითვალისწინოთ ისიც, რომ ქვეყანაში ნელ-ნელა იზრდება ფულადი მასა, როგორც ამაზე ეროვნული ბანკი საუბრობს. ეს თანხა გამოყოფილია ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც. ეს თავისთავად ჰპოვებს ასახვას სავალუტო ბაზარზე. დოლარზე მოთხოვნა მოიმატებს და მე ზაფხულისკენ, მიუხედავად ტურისტული სეზონისა, ლარის გამყარებას ნამდვილად არ ველოდები. რაც შეეხება მოკლევადიან პერიოდს, ამ დღეებში ლარი 2.48-2.50-ის ფარგლებში იქნება. ტურისტული სეზონი და ბიუჯეტის შესრულება ნამდვილად არ განაპირობებს ეროვნული ვალუტის გამყარებას. ასევე, მოსალოდნელია ინფლაციის ზრდაც, რომელსაც ეროვნული ბანკი, სავარაუდოდ, ვერ შეინარჩუნებს…“

აფთიაქი - Sputnik საქართველო
აბი გლუკოზა და ბროწეულის ოყნები...

პატივცემულმა ექსპერტმა ინფლაციის მოსალოდნელ ზრდაზე მიგვანიშნა. წინამდებარე სტატიის რედაქციაში გადაგზავნას ვაპირებდი, როცა შევიტყვე, რომ გასულ თვეში წლიური ინფლაციის დონემ 2.7 პროცენტი შეადგინა. „საქსტატის“ ცნობით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა ფასების ცვლილებამ იქონია. სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები 3.4 პროცენტით გაიზარდა. ხილი 22.3 პროცენტით გაძვირდა. ბოსტნეული და ბაღჩეული გაძვირებულია 2.9 პროცენტით. რძე, ყველი და კვერცხი 6.2 პროცენტით გაძვირდა. 3.9 პროცენტით ფასები გაიზარდა ხორცსა და ხორცის პროდუქტებზეც. ჩაი, ყავა და კაკაო გაძვირებულია 3.3 პროცენტით. გაძვირდა ზეთი და ცხიმი 2.7 პროცენტით. თევზეულის ფასები 2.6 პროცენტით გაიზარდა. 7.4 პროცენტით ფასების ზრდაა ალკოჰოლურ სასმელსა და თამბაქოზე. ფასები მომატებულია ტრანსპორტზე 2.9 პროცენტით, ხოლო სატრანსპორტო მომსახურებაზე – 4.3 პროცენტით. არის პოზიტივიც – სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე ფასები 11.1 პროცენტით შემცირდა. გაიაფდა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 2.2 პროცენტით. სხვა კი ვერაფრით გაგახარებთ. 4.3 პროცენტით ფასების ზრდაა ჯანდაცვის სფეროში, 5.7 პროცენტით ფასების ზრდა დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციზე, აპარატურასა და მოწყობილობაზე, ხოლო ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება და საავადმყოფოების მომსახურება გაძვირდა, შესაბამისად, 4.3 და 2.6 პროცენტით… სასტუმროებში, კაფეებსა და რესტორნებში ფასებმა 2.1 პროცენტით მოიმატა. ასეთია სხვადასხვა მიმართულებით ფასების ზრდის ტემპი და მისი გავლენა თებერვლის თვის წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე. აქვე იმასაც დავძენ, რომ იანვრის თვეში წლიური ინფლაციის დონე 2.5 პროცენტი იყო, ასე, რომ ერთ თვეში სხვაობამ 0.2 პროცენტი შეადგინა. ბევრია ეს თუ ცოტა? პასუხი ამ კითხვაზე სულ სხვა პუბლიკაციის თემაა, თუმცა ამთავითვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთავარია ეს „ბევრი თუ ცოტა“ ნეგატიურად არ აისახებოდეს მოსახლეობის ისედაც გაუსაძლის ყოფაზე და კიდევ უფრო არ ამძიმებდეს მას.

მობილური ტელეფონი - Sputnik საქართველო
გამარჯობა, თქვენ გელით კრედიტი! ანუ „Надо меньше пить…“

ეროვნული ვალუტის საკითხს დავუბრუნდეთ. არის მოსაზრება, რომ ლარის პერიოდულად გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი ეროვნული ვალუტისადმი დაბალი ნდობაა. ფინანსისტები მიიჩნევენ, რომ ლარის მიმართ უნდობლობა ქვეყანაში უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნას ზრდის. ახლაც მოსახლეობის დიდი ნაწილი საკუთარ დანაზოგს სწორედ უცხოურ ვალუტაში ინახავს. ასევე მნიშვნელოვანია ე.წ. მოლოდინების მომენტიც, რომელიც პირდაპირ მოქმედებს გაცვლით კურსზე.

ფინანსისტი აკაკი ცომაია: „ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს იმისა, თუ რატომ უფასურდება ეროვნული ვალუტა, მით უმეტეს ამ პერიოდში, როდესაც წინ ტურისტული სეზონია. უმთავრესი მიზეზი კი ის არის, რომ ლარის მიმართ ნდობა საქართველოში ძალიან დაბალია. ქვეყანაში დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებელიც ამის ნიშანია. მოსახლეობის დიდი ნაწილი ცდილობს დანაზოგი უცხოურ ვალუტაში შეინახოს. ტრანზაქციებიც შეძლებისდაგვარად უცხოურ ვალუტაში ხორციელდება. ასეთი დაბალი ნდობის ფონზე ბუნებრივია სავალუტო კურსის მუდმივი ტრანსფორმაცია. დიდ როლს თამაშობს უარყოფითი მოლოდინის ფაქტორი. ეს პროცესი კურსის ფორმირებაზე მწვავედ აისახება. ლარი პერიოდულად მყარდება და უფასურდება, რაც ნეგატიურად მოქმედებს მოსახლეობასა და  ქვეყნის ეკონომიკაზე…“

ამასობაში, ქვეყნის ეროვნულმა ბანკმა დაამტკიცა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების ახალი წესი, რომელიც ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს 1 მარტიდან ავალდებულებს ოპერაციის დასრულებიდან 30 წუთის განმავლობაში, მომხმარებლის მოთხოვნით და ვალუტის გაცვლის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის საფუძველზე, გააუქმონ აღნიშნული ოპერაცია და დააბრუნონ გაცვლილი თანხა. ასევე მკაცრდება სარეგისტრაციო მოთხოვნები შესაფერისობის კრიტერიუმებისა და საოპერაციო ფართის მოწყობის კუთხით…

ყველა ახალი ამბავი
0