22:20 16 ივლისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8458
  • 100 RUB3.9292
  • USD2.4478
ბიტკოინი

რა კავშირშია კრიპტოვალუტის მაინინგი ელექტროენერგიის ღირებულებასთან

CC0 / Pixabay / Mediamodifier
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
21830

კრიპტოვალუტის მოპოვება დღეს ნებისმიერ მსურველს შეუძლია, რომელსაც შესაბამისი სიმძლავრის კომპიუტერული მოწყობილობები და სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა გააჩნია. მაინინგის პროცესში კომპიუტერები, კრიპტოგრაფიული ალგორითმის გამოთვლით, მოიპოვებენ „მონეტებს".

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. კემბრიჯის ალტერნატიული ფინანსების ცენტრის (CCAF) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით, საქართველო კრიპტოვალუტის მაინინგზე დახარჯული ელექტროენერგის მოცულობით მსოფლიოში მეორე ადგილზეა – ქვეყანაში ვირტუალური ვალუტის მოპოვებაზე 60 მეგავატი ელექტროენერგია იხარჯება.

კვლევაში პირველი ადგილი ჩინეთმა დაიკავა 111 მეგავატით, მესამე და მეოთხე ადგილებზე კი აშშ (27 მეგავატი) და კანადა (18 მეგავატი) არიან.

კემბრიჯის ალტერნატიული ფინანსების ცენტრის კვლევებს საკუთარ Facebook-გვერდზე საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ასეთი მძლავრი სერვერები ძირითადად ცივ ქვეყნებშია განთავსებული, ისეთებში, როგორიცაა — ისლანდია, ნორვეგია, კანადა და ა.შ., რადგან იქ უფრო იაფი ჯდება მათი გაგრილება.

„მაშინ რატომ აღმოჩნდა ცხელ თბილისში ამ მასშტაბის სიმძლავრეები? იმიტომ რომ იაფი ჯდება. მუქთა მიწა, იაფი დენი, იაფი მუშახელი, თითქმის ნულოვანი გადასახადები და მომავალში, საჭიროების შემთხვევაში, სხვა პრივილეგიები", – წერს დეპუტატი.

რომან გოცირიძის აზრით, საქართველოში კრიპტოვალუტის მსხვილი მომპოვებლები გადასახადებით უნდა იბეგრებოდნენ.

„ისე, ამ სფეროს დენის ადეკვატური ფასი მოაწესრიგებდა, მაგრამ ჩვენთან ისე ღარიბია მოსახლეობა, რომ დენი მუდამ იქნება თვითღირებულების ზღვარზე", — აღნიშნა რომან გოცირიძემ "Sputnik–საქართველოსთან" საუბრისას.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გელა სამხარაულის თქმით, კრიპტოვალუტების მაინინგი საქართველოში ამჟამად სამეწარმეო საქმიანობად არ ითვლება და არც გადასახადებით იბეგრება.

„კრიპტოვალუტები საქართველოში აქტუალური ბოლო პერიოდში გახდა და ამ ეტაპისთვის ჩვენ ამ მიმართულებით არანაირი რეგულაცია არ გვაქვს. მე ასევე არ მაქვს ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ უახლოეს მომავალში რაიმე იგეგმება", — განუცხადა „Sputnik–საქართველოს" გელა სამხარაულმა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს უშუალოდ კრიპტოვალუტების მიმოქცევას, გამოშვებასა და გადაცვლასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირებას.

პირველი ქართული კრიპტოვალუტის „ოქროს საწმისის" შემქმნელის ვახტანგ გოგოხიას თქმით, დღეს საქართველოში კრიპტოვალუტა გადახდის საშუალებად არ ითვლება და, სწორედ აქედან გამომდინარე, ამ სფეროში განხორციელებული საქმიანობა ეროვნული ბანკის მიერ არ რეგულირდება.

„ბიტკოინით გადახდა დღეს საქართველოში იგივეა, რაც ბარტერით გადახდა, აი, მაგალითად, რაიმე ნივთი რომ იყიდოთ ოქროთი", — განმარტა ვახტანგ გოგოხიამ „Sputnik–საქართველოსთან" საუბრისას.

რადგან ვირტუალური ვალუტა საქართველოში არ წარმოადგენს გადახდის კანონიერ საშუალებას და მასთან დაკავშირებული საქმიანობა არ რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს ეროვნული ბანკი, თავის მხრივ, მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ვირტუალურ ვალუტებს ახასიათებს ფასების დიდი მერყეობა, ამდენად, ფასების არასტაბილურობის გამო, მათი მომხმარებლები პოტენციური ფინანსური ზარალის წინაშე შეიძლება დადგნენ.

კრიპტოვალუტა — ეს ვირტუალური ფულია, რომლის მსოფლიო მიმოქცევა ამჟამად დაახლოებით 400 მლრდ აშშ დოლარია. ელექტრონული საფულეების უნიკალური აქტიური მომხმარებლების რაოდენობა კი 2,9-დან 5,8 მილიონ ადამიანამდე მერყეობს. კრიპტოვალუტის ყველაზე ცნობილი მაგალითი ბიტკოინია, რომლის კურსმაც ბოლო დროს ყველა რეკორდი მოხსნა.

 

ნატა პატარაია

 

მთავარი თემები