10:04 21 ივლისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8436
  • 100 RUB3.8430
  • USD2.4417
თბილისი ნისლში

გასული წლის ჩვიდმეტი გაელვება, ანუ საქართველო და მსოფლიო რეიტინგები

© Sputnik / Alexander Imedashvili
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
სულხან მელაძე
62710

გლობალური მშვიდობა და უსაფრთხოება, ეკონომიკა და ბიზნესი, ტურიზმი და მოგზაურობა, სოციალური პროგრესი და მდიდართა შორის ყველაზე მდიდრები... კვლევის შედეგები სარეიტინგო ბადეში - ქვეყნის ფარგლებს გარედან დანახული საქართველო ციფრებში.

ახალი წლის წამმზომი ჩვეული რიტმით ითვლის დროს… კიდევ ორიოდე დღეც და ძველი სტილით ყვითელი ძაღლის შემობრძანებას მივესალმებით. სულ უფრო ნაკლებად ისმის მამლის ყივილის ექო, თუმცა გასული წლის შედეგების ანალიზი და შეფასება ჯერ კიდევ არ კარგავს აქტუალობას. საერთაშორისო ორგანიზაციები სახელმწიფოთა სარეიტინგო მონაცემებს აქვეყნებენ და ვერავინ დაგვძრახავს, თუ ჩვენი ქვეყნის მიღწევებით დავინტერესდებით. ციფრები მრავლისმეტყველია, ზოგი მოსაწონია და ზოგიც არა, თუმცა, მეტწილად პოზიტიური… ჩვიდმეტი პოზიცია და ამდენივე კონკრეტული რიცხვი სამომავლოდ ფიქრისა და განსჯისათვის…

მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის გასული წლის ინდექსში საქართველომ 136 ქვეყანას შორის 3.70 ქულით 70-ე ადგილი დაიკავა. „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2016 წელთან შედარებით, საქართველომ ამჯერად 1 პოზიციით გაიუმჯობესა მდგომარეობა. ევრაზიის რეგიონში რუსეთი ლიდერობს, საქართველო მეორეა და უსწრებს აზერბაიჯანს, ყაზახეთს, სომხეთსა და უკრაინას.

გლობალური მშვიდობის ინდექსში საქართველო „საშუალო შკალით“ შეფასდა და 2.084 ქულით მსოფლიოს 163 ქვეყანას შორის 94-ე პოზიცია უკავია. „ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის“ გასული წლის მონაცემებით, საქართველო იმ რვა ქვეყანას შორისაა, სადაც 2008-2016 წლებში მშვიდობიანობის მაჩვენებელი დაბლიდან საშუალო შკალამდე გაუმჯობესდა.

გლობალური ინოვაციების ინდექსით გასულ წელს საქართველო ოთხი პოზიციით დაქვეითდა და მსოფლიოს 127 ქვეყანას შორის 34.39 ქულით 68-ე პოზიციაზეა.

ფრეიზერის ინსტიტუტის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების გასული წლის ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2015 წლის პერიოდს აფასებს, საქართველო 159 ქვეყანას შორის უმეტესად თავისუფალი სტატუსით მერვე ადგილზე იმყოფება. 2016 წლის კორექტირებული ანგარიშით კი, ჩვენი ქვეყანა მეშვიდე ადგილს იყოფდა ავსტრალიასა და მაურიტუსთან ერთად.

სურსათის პოლიტიკის საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის (IFPRI) 2017 წლის გლობალური შიმშილის ინდექსში საქართველო 119 ქვეყანას შორის 32-ე პოზიციაზეა. ინდექსის თანახმად, საქართველოში შიმშილის საერთო ქულაა 7.7 და ამ მაჩვენებლით საქართველო იმ ქვეყნებს შორის მოხვდა, სადაც შიმშილის დაბალი ინდექსია. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის ანალოგიურ ინდექსში საქართველო 8.2 ქულით მე-16 პოზიციაზე იყო.

კარგი ქვეყნების ინდექსში საქართველო დაქვეითდა და ამჟამად მსოფლიოს 163 ქვეყანას შორის ის 49-ე პოზიციაზეა. გასული წლის ინდექსში საქართველო 162 ქვეყანას შორის 45-ე ადგილზე იყო. ყოველწლიური ინდექსი დგინდება იმის მიხედვით, თუ რა წვლილი შეაქვთ ქვეყნებს მსოფლიოს საზოგადოების კეთილდღეობისთვის.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსის“ ინტერნეტის თავისუფლების ინდექსში საქართველომ 24 ქულა მოიპოვა და 2016 წელთან შედარებით პოზიცია ერთი ქულით გაიუმჯობესა.

ბიზნესის კეთების კუთხით ამერიკული გამოცემა FORBSE-ის 2017 წლის რეიტინგში საქართველო 153 ქვეყანას შორის 52-ე პოზიციაზეა. 2016 წლის  ანალოგიური  რეიტინგის მიხედვით საქართველოს 139 ქვეყანას შორის 43-ე საფეხური ეკავა.

EUROPEAN CHAMBE-ის კვლევის მიხედვით ბიზნესის წარმოებისთვის საუკეთესო ევროპული ქვეყნების რეიტინგში საქართველო მე-20 ადგილს იკავებს. 2016 წელთან შედარებით, გასულ წელს საქართველოს რეიტინგი გაუმჯობესდა 4 პოზიციით, სარეიტინგო შეფასება კი 64.7-დან 68.6-მდე გაიზარდა.

პასპორტის მსოფლიო ინდექსის რეიტინგში საქართველო 43-ე ადგილს იყოფს მონტენეგროსთან, მოლდოვასთან და მარშალის კუნძულებთან ერთად. ჩვენი ქვეყნის მაჩვენებელი ინდექსში 105-ია, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს უვიზოდ მიმოსვლა მსოფლიოს 105 ქვეყანასთან აქვს.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2017-2018 წლების გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის რეიტინგში საქართველოს პოზიციები გაუარესდა. საქართველო 137 ქვეყანას შორის 4.28 ქულით 67-ე პოზიციაზეა. 2016-2017 წლების ინდექსში საქართველომ 4.32 ქულით 59-ე ადგილი დაიკავა.

მსოფლიო ქველმოქმედების რეიტინგში საქართველო ბოლოდან მეოთხე ადგილზეა. გასული წლის კვლევის შედეგებით, 139 ქვეყანას შორის საქართველო 135-ე პოზიციაზეა. რეიტინგი ბრიტანულმა ორგანიზაცია „საქველმოქმედო დახმარების ფონდმა“ გამოაქვეყნა.

გლობალური კიბერუსაფრთხოების ინდექსში საქართველო მსოფლიოს 165 ქვეყანას შორის მერვე პოზიციაზეა. საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) კვლევა 2015 წლიდან 2017 წლის დასაწყისამდე პერიოდს მოიცავს. საგულისხმოა, რომ სამ წელიწადში საქართველომ პოზიცია რვა საფეხურით გაიუმჯობესა. 2014 წლს ამავე რეიტინგით საქართველო მე-16 ადგილს იკავებდა.

დანაშაულის ინდექსის მიხედვით, საქართველო გასულ წელს 125 ქვეყანას შორის შვიდ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანას შორის დასახელდა. კვლევითი პორტალის NUMBEO კვლევის მონაცემებით, საქართველოში დანაშაულის ინდექსია – 20.83, უსაფრთხოების ინდექსი – 79.17.

სოციალური პროგრესის ინდექსი ცხოვრების ხარისხს განსაზღვრავს. ამერიკული ორგანიზაცია SOCIAL PROGRESS IMPERATIVE-ის ინდექსის თანახმად, საქართველო საშუალო სოციალური პროგრესის ზედა ზღვარის მქონე ქვეყნებს შორის მოხვდა. საქართველო 70 ქულით რეიტინგში 128 ქვეყანას შორის 53-ე პოზიციაზეა. 2016 წლის ინდექსთან შედარებით, საქართველო მხოლოდ ერთი საფეხურით დაწინაურდა.

მდიდართა შორის ყველაზე მდიდრები – საქართველო მილიარდერების მიხედვით ვებ-გვერდის HOWMACH.NET-ის მიერ შედგენილ მსოფლიოს ინოვაციურ რუკაზეც მოხვდა. საქართველოს უმდიდრეს ადამიანად 4.5 მილიარდი დოლარით ბიძინა ივანიშვილია მითითებული. რუკა ამა თუ იმ ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანების მიხედვით არის შედგენილი. შესაბამისად, თითო ქვეყანას მხოლოდ ერთი მილიარდერი მიესადაგა.

ამ ეტაპზე სულ ეს არის. წინ დიდი მარათონია, კერძოდ, არასრული თორმეტი თვე. როგორი იქნება მიმდინარე წლის სარეიტინგო „მოსავალი“, სად ვიყოჩაღებთ და სად არა – დრო გვიჩვენებს…

მთავარი თემები