00:07 25 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
მთავრობის ადმინისტრაციის შენობა

დიდი ცვლილებები მთავრობაში – რა ბედი ელით შერწყმულ სამინისტროებს

© Sputnik / Alexander Imedashvili
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
რუსუდან კაციტაძე
საქართველოს მთავრობის ტრანსფორმაცია (26)
651120

დღეიდან საქართველოს საჯარო სექტორში უზარმაზარი ცვლილებების ერა დაიწყო. 18 სამინისტროდან 4 უქმდება, 6 მინისტრი თანამდებობას ტოვებს, არსებითად იცვლება თბილისის მერიის შემადგენლობა. იმ სამინისტროებში, რომელთა გაერთიანება ხდება, სავარაუდოდ, ბევრ კადრს მოელის რეორგანიზაციის შედეგად პოზიციის დატოვება. მოკლედ, საჯარო სექტორს მძიმე ახალი წელი ელოდება.

მთავარი ცვლილებები მაინც განათლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებში განხორციელდა. გიორგი მღებრიშვილს საკმაოდ კარგი პოზიციები ჰქონდა კვირიკაშვილის ადმინისტრაციაში, მაგრამ, როგორც ჩანს, აფგან მუხთარლის საქმე, პრანკერებისთვის ხელისუფლების გეგმების განდობა, ნარკოტიკების ჩადებასთან დაკავშირებული სკანდალი და, ბოლოს, ნუცუბიძეზე ახალგაზრდა ბიჭის სიკვდილი ის თემებია, რამაც მისი კარიერა შეიწირა. ზოგადად, მღებრიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის დროს დანიშნული კადრი იყო და მისი წასვლით, ფაქტობრივად, კვირიკაშვილმა ყოფილი პრემიერის გუნდი გაუშვა პენსიაზე. სავარაუდოდ, მღებრიშვილს უკან მიჰყვება ძალიან ბევრი ძალოვანი თავისივე უწყებაში. შინაგან საქმეთა მინისტრად გიორგი გახარიას დანიშვნა დიდი და სერიოზული განაცხადია. მას საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა ხვდება და გახარიას რკინისებური წესრიგის დამყარება მოუწევს შსს-ში, რათა კრიმინალის თარეში ალაგმოს და მოშვებული სადავეები ხელში აიღოს. არის თუ არა გახარია კვირიკაშვილის კადრი? უფრო სწორი იქნებოდა იმის თქმა, რომ ეს ცვლილება ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება. ამ პოსტზე ანზორ ჩუბინიძის კანდიდატურაც განიხილებოდა, მაგრამ მან, როგორც ჩანს, ისევ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური არჩია.

აი, განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა კი პირადად პრემიერის კადრი იყო, მაგრამ — ვერ გაამართლა. ხმები მისი წასვლის შესახებ ძალიან დიდი ხანია ვრცელდებოდა. ჯეჯელავას პერიოდში განათლების სამინისტროში არანაირი რეფორმა არათუ არ გატარებულა, მსჯელობაც არ ყოფილა, თუ არ ჩავთვლით საბავშვო ბაღებში გენდერული სწავლების დანერგვის იდეას. ესეც როგორ ერთსულოვან „სიხარულს“ გამოიწვევდა ქართულ კონსერვატიულ საზოგადოებაში, გასაგებია. სავარაუდოდ, ჯეჯელავასვე უნდა გაჰყვნენ სანიკიძის დროს დანიშნული მოადგილეები, გარდა თემურ მურღულიასი, რომელსაც ქუთაისის უნივერსიტეტის მშენებლობა აქვს ჩაბარებული და რომელიც უკვე დაიწყო, სხვათა შორის. ჯეჯელავას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი მიხეილ ჩხენკელი შეცვლის, რაც ნამდვილად მისასალმებელია. საქართველოს განათლების სამინისტროს პირველად ეღირსება აკადემიური წრიდან მისული მინისტრი. როგორ რეფორმებს გაატარებს ის, ამაზე, ალბათ, ჩხენკელი თავად ისაუბრებს საპარლამენტო განხილვის დროს, რომელიც, სავარაუდოდ, დეკემბერში დაინიშნება.

ერთ-ერთი მთავარი ცვლილება მთავრობაში მამუკა ბახტაძის დანიშვნაა. რკინიგზის ყოფილი შეფი ასევე ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაახლოებულ პირად ითვლება. ის მომავალი ფინანსთა მინისტრია, თუმცა ზოგიერთი წყარო მიანიშნებს ასევე, რომ მოსალოდნელია 2018 წელს საპრეზიდენტო კანდიდატურად გიორგი კვირიკაშვილის წარდგენა, ხოლო ბახტაძის პრემიერ-მინისტრად ხილვა. თუმცა, ნუ ვიჩქარებთ, 2018 წლის შემოდგომამდე დიდი დროა.

პოსტებთან დამშვიდობება მოუწევთ გარემოს დაცვის მინისტრს გიგლა აგულაშვილს, ევროინტეგრაციის მინისტრს ვიქტორ დოლიძეს, რომელსაც „თავისუფალი დემოკრატებიდან“ გამოსვლის გამო დღემდე ოპოზოცია ცუდი თვალით უყურებდა. ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი თბილისის მერიაში გადაინაცვლებს, ეკონომიკის სამინისტროს დაუბრუნდება დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც რეალურად სამ უზარმაზარ სფეროს იბარებს — ქონების მართვისა და ეკონომიკის, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ნაწილს. თანამდებობას ტოვებს ასევე ტარიელ ხეჩიკაშვილი, რომელსაც საკმაოდ სერიოზული ბიზნესი აქვს და რომელიც აცხადებს, რომ ამ გუნდის წევრად რჩება.

მთავრობის საპარლამენტო მდივნის შალვა თადუმაძის ინფორმაციით, მთავრობაში პირველ რიგში ის საკადრო ცვლილებები განხორციელდება, რომლებიც საკანონმდებლო უზრუნველყოფას არ საჭიროებს. ეს იმას ნიშნავს, რომ დღევანდელ ეტაპზე მთავრობა ახალი შემადგენლობით ჩვეულებრივად გააგრძელებს მუშაობას. უახლოეს მომავალში მთავრობის სხდომაზე გავა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი და დამტკიცების შემდეგ გადაეგზავნება პარლამენტს.

„მთავრობის სხდომას უახლოეს მომავალში წარედგინება საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი და ის პარლამენტს განსახილველად გაეგზავნება. საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტის მიღების შემდეგ უწყებების შერწყმა-გაერთიანება განხორციელდება. ამის შემდეგ მთავრობის ახალი შემადგენლობა დაინიშნება და პრემიერი მთავრობის ახალი შემადგენლობით პარლამენტის ნდობის განსაახლებლად პარლამენტის მოსმენებში მიიღებს მონაწილეობას. ამის შემდეგ გაერთიანებულ სამინისტროებში კანონით დადგენილი წესით ოპტიმიზაცია-რეორგანიზაციის პროცესი განხორციელდება“, — განაცხადა დღეს გამართული ბრიფინგზე შალვა თადუმაძემ.

საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტში ერთი თვე მაინც დასჭირდება. ასე რომ, მთავრობის ახალი პროგრამისა და ახალი შემადგენლობის გაცნობა, ასევე სამინისტროების შერწყმის პროცესი დეკემბერში განხორციელდება. პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი განმარტავს, რომ ცვლილებები საბიუჯეტო სახსრების დაზოგვისა და ეფექტური მმართველობისთვისაა საჭირო. ბიუროკრატია საქართველოში ნამდვილად საჭიროებს შემცირებას, მაგრამ მთავარია, რეორგანიზაციის პროცესის შედეგად სამინისტროებიდან წასულ ადამიანებს გარეთ ისეთი გარემო დახვდეთ, რომ სამსახურის პოვნა შესაძლებელი იყოს.

თემები:
საქართველოს მთავრობის ტრანსფორმაცია (26)

მთავარი თემები