07:41 19 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
საქართველოს შსს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი

სურს თუ არა საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის ექსტრადირება საქართველოში?

© Sputnik / Alexander Imedashvili
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
რუსუდან კაციტაძე
254 0 0

ეს კითხვა უამრავ ადამიანს გაუჩნდა დღეს დილით, როცა მოულოდნელად უკრაინისა და საქართველოს შს მინისტრების სატელეფონო საუბრის ჩანაწერი მოისმინა.

ფარული ჩანაწერების გავრცელება საქართველოში არავის უკვირს. რამდენიმე წელიწადია, ინტერნეტხულიგნობამ უზარმაზარი მასშტაბები მიიღო და არა ერთი პოლიტიკური პირის პოლიტიკური თუ პირადი ცხოვრება შეიწირა, მაგრამ ავაკოვის შეთავაზება, მიშას ბორისპოლის აეროპორტში ველოდებით და გადმოგცემთო და მღებრიშვილის უარი, არა, ბატონო, ეგ არამზადა და საერთაშორისო ბომჟი ჩვენ არ გვჭირდება, მაგის გარეშე უკეთ ვცხოვრობთ და პრემიერიც ასე ფიქრობსო, მაინც შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ქართველი პუბლიკისათვის, რომლის ნაწილი იმ ვერსიით იკვებება, რომ საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილს ეძებს, ოდესმე დააკავებს, საქართველოში ჩამოიყვანს და ციხეში ჩასვამს. სხვა საკითხია, მართლა სჭირდებათ თუ არა სააკაშვილი საქართველოს ციხეში და პარალელები ნელსონ მანდელასა და მაჰათმა განდისთან.

ცხვირი ჰგავს? ჰგავს, თვალი ჰგავს? ჰგავს, ხმა ჰგავს?— აშკარაა, ჰგავს — „არაჩვეულებრივი გამოფენის“ ეს ეპიზოდი გაგახსენდებოდათ დღეს დილით სოციალურ ქსელში შესვლისას. საქართველოში უამრავმა ადამიანმა გააზიარა სატელეფონო საუბრის 9-წუთიანი ჩანაწერი, რომელშიც ორი პიროვნება საუბრობს და თავად საუბრიდან ჩანს, რომ ერთმანეთს ის ორი ადამიანი ესაუბრება, რომელთაგან ერთ-ერთი თავს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრად — არსენ ავაკოვად, მეორე კი საქართველოს შს მინისტრად, გიორგი მღებრიშვილად ასაღებს.

რუსმა პრანკერებმა (სატელეფონო ხულიგნები, ამ შემთხვევაში ვინმე „ვოვანი“ და ვინმე „ლექსუსი“), ეს სატელეფონო ჩანაწერები დღეს გაავრცელეს Strana.ua-ს მეშვეობით. მღებრიშვილს ავაკოვი სააკაშვილის ექსტრადირებას სთავაზობს და ახსენებს, რომ ამ თემაზე პრეზიდენტი პოროშენკო უკვე ესაუბრა პრემიერ კვირიკაშვილს საქართველოში ვიზიტის დროს. ისინი სააკაშვილს ბორისპოლის აეროპორტში ელოდებიან და  სურთ, ის საქართველოს გადასცენ. პირობითი მღებრიშვილის ხმით მოსაუბრე პიროვნება კი ტაიმ-აუტს იღებს ამ თემის პრემიერთან გასარკვევად და შემდეგ ისევ ესაუბრება ავაკოვად დასახელებულ ხმას.

„მღებრიშვილის“ უარი აშკარაა. ის უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს სააკაშვილს, მაგრამ ეს მას ხელს არ უშლის, უთხრას ავაკოვს, არ გვინდა სააკაშვილის გადმოცემა, ცხოვრება მის გარეშეც მშვენიერიაო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა მედიასთან კატეგორიულად უარყო ასეთი საუბრის არსებობა როგორც ავაკოვთან, ასევე ნებისმიერ სხვა პირთან, თუმცა თავად მინისტრი გუშინ არსად გამოჩენილა. 

ნაციონალური მოძრაობა ჩანაწერის ავთენტურობაში დარწმუნებულია და გამოძიების დაწყებას ითხოვს. რომან გოცირიძე დარწმუნებულია, რომ სატელეფონო ჩანაწერში ნამდვილად გიორგი მღებრიშვილი საუბრობს და ხმის იდენტიფიკაციას ითხოვს.

ექსპერტ არჩილ გამზარდიას არ სჯერა, რომ ჩანაწერი ავთენტურია.

„სანამ არ გაირკვევა, ნამდვილია თუ არა ჩანაწერი, უცნაურია, რაზე უნდა დაიწყოს გამოძიება. ზოგადად ასეთ პროპაგანდისტულ ჩანაწერებს ახასიათებს, რომ ხმები ძალიან ახლოსაა რეალურთან. ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით, მჯერა თუ არა ამ ჩანაწერების ავთენტურობის“, — უთხრა Sputnik საქართველოს არჩილ გამზარდიამ.

ამასთან, დღის ბოლოს იმავე პრანკერმა "ლექსუსმა" განაცხადა რომ, ის მზადაა გიორგი მღებრიშვილთან სატელეფონო საუბრის ჩანაწერი ექსპერტიზას გადასცეს, — ინფორმაციას ტელეკომპანია Rustavi 2 ავრცელებს.

„ეს არ არის პირველი ადამიანი, რომელიც ცდილობს უარყოს ჩვენთან საუბარი. მაგრამ, ასეთ შემთხვევებში, იქნება ეს ერდოღანი თუ ნატოს გენერალური მდივანი, ჩვენ ყოველთვის გადავცემდით ამ ჩანაწერებს ექსპერტიზისთვის დამოუკიდებელ სააგენტოებს. ყოველთვის ფაქტები მტკიცდებოდა. მინისტრის პირადი მობილური ტელეფონი გვაქვს, თუ აუცილებელია, შეგვიძლია წარმოვადგინოთ. ვფიქრობ, მის გარემოცვაში ეს ნომერი ყველამ იცის" — ციტირებს რუს პრანკერ ანდრეი სტოლიაროვის ტელეკომპანია.

მოკლედ, ეს ჩანაწერი ყველამ ისე აღიქვა, როგორც აწყობდა. მთავარი პრობლემა კი მაინც სხვაა — მალე ვირტუალური სამყარო ისე შეცვლის რეალურს, რომ მათი ერთმანეთისგან გარჩევა გაჭირდება და როგორც არ უნდა აპროტესტებდნენ, კიბერუსაფრთხოება და ინტერნეტსამართალი უმნიშვნელოვანესი გახდება.

და კიდევ — საქართველოსა და უკრაინის შს მინისტრები ერთადერთნი არ არიან, ვინც რუსმა პრანკერებმა ასეთ უხერხულ სიტუაციაში ჩააგდეს. სულ ცოტა ხნის წინ მათი მსხვერპლი თავად სააკაშვილი და საყვარელიძეც გახდნენ, ასევე ბელორუსიის პრეზიდენტ ლუკაშენკოს სთხოვდნენ იუშჩენკოს მამისათვის პოლიტიკურ თავშესაფარს, ხოლო საქართველოს კულტურის მინისტრ გიორგაძეს — უკრაინელი მომღერლის მხარდაჭერას.

საინტერესოა ასევე, რომ რუსეთში პრანკერობა დასჯადი არ არის. თუმცა მაინც ძნელი დასაჯერებელია, რომ ყმაწვილები, უბრალოდ, ერთობიან. ეს ჩანაწერები უფრო საზოგადოებრივი აზრის შექმნისა და მოსინჯვის მცდელობას ჰგავს. 

 

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!


მთავარი თემები