ქართველთა მარში აღმაშენებელზე, „პატრიოტები“ - მოსკოვში და აქცია - ბერშუეთში

© Sputnik / Denis Aslanovაღმაშენებლის გამზირი თბილისში
აღმაშენებლის გამზირი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორი უნდა იყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკა? პოლიტიკოსებმა ამ თემაზე თავისი მოსაზრებები Sputnik საქართველოს ჟურნალისტს გაუზიარეს.

ტერიტორიების 22 პროცენტზე მეტი დაკარგულია და სულ უფრო ნაკლებ ადამიანს რჩება იმედი, რომ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დავიბრუნებთ. ქვეყანის საემიგრაციო პოლიტიკა მოსახლეობაში უკმაყოფილებას იწვევს. ამ და დაგეგმილი საერთაშორისო ვიზიტების ფონზე მუდმივად დგას კითხვა, მაინც, როგორი უნდა იყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკა, რომ რეალურად გადაჭრას ჩვენს წინაშე მდგარი ამოცანები. 

ერგნეთში „ცხინვალის წარმომადგენელმა" „იოლი გზა” გამოძებნა და მათ მიერ მონიშნულ და უკვე არაერთხელ გადმოწეულ საზღვართან მოსახლეობას პრობლემის გადაწყვეტის გზა შესთავაზა — ბანერიდან 200 მეტრში სამეურნეო საქმიანობა შეწყვიტეთ და პრობლემები აღარ გვექნებაო…

საქართველოს საზღვრები თურქეთის გარდა არ აქვს არც ერთ მეზობელთან გარკვეული. თუ ადრე დავით გარეჯს გვედავებოდნენ, ახლა სომხეთთანაც გაჩნდა სადავო მიწა —საზღვართან მდებარე მონასტერი მათ საკუთარ ისტორიულ მემკვიდრეობად გამოაცხადეს. მოკლედ, კარგა ხანია საქართველოს ასეთი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური და საგარეო მდგომარეობა არ ჰქონია. 

დავით გარეჯი - Sputnik საქართველო
საქართველო და აზერბაიჯანი საზღვრის დელიმიტაციის საკითხებზე მოლაპარაკებებს აგრძელებენ

ამ ფონზე, დღეს მთავრობამ საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. კომისიას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა უხელმძღვანელებს. მართალია, დონდუა გამოცდილი დიპლომატია, მაგრამ თუკი ჩვენი ურთიერთობების საკითხები მეზობლებთან უმაღლეს დონეზე არ გაირკვა, ძნელი დასაჯერებელია, რომ რომელიმე ცალკეულმა დიპლომატმა ამ პრობლემების გადაჭრა შესძლოს. 

მთავრობაში, ეტყობა, რაღაც ისეთი იციან, რასაც რიგითი ქართველი ვერ ხვდება და ძალიან ოპტიმისტურად არიან განწყობილები.

 „ბოლო პერიოდში კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ჩვენი ხელისუფლება ძალიან თანმიმდევრულ და სწორ ნაბიჯებს დგამს, როგორც დეოკუპაციასთან, ისევე რუსეთთან და ინტეგრაციულ საკითხებთან მიმართებაში, — ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე - Sputnik საქართველო
ვიქტორ დოლიძემ ლავროვის განცხადებას უპასუხა

„ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს. ჩვენ უნდავიყოთ თანმიმდევრულები, შედეგზე ორიენტირებულები და გადავდგათ სწორი, გონივრული ნაბიჯები იმისათვის, რომ ნაკლები ზიანი მიდგეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და ამავე დროს წინ გადავდგათ სერიოზული ნაბიჯები დეოკუპაციის თვალსაზრისით, რაშიც მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ“, — თქვა დოლიძემ.

მთავრობის მშვიდ პოლიტიკას საზოგადოების დიდი ნაწილიც ეთანხმება, მიუხედავად იმისა, რომ დასავლურ ორგანიზაციებში, ნატოსა და ევროკავშირში გაერთიანების მსურველთა რიცხვი, სოციოლოგიური გამოკითხვებით, არ იკლებს. ასევე ბევრი მოქალაქე ამართლებს „პატრიოტების“ ვიზიტს მოსკოვში. ძნელი სათქმელია, მოიტანს თუ არა ეს ვიზიტი რაიმე რეალურ შედეგს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან მოლაპარაკების გზა ყველაზე სერიოზულ გამოსავლადაა მიჩნეული როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ექსპერტულ წრეებში. რა გამოსავალი უნდა მოძებნოს ხელისუფლებამ, რომ დაიცვას საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესები როგორც საგარეო საფრთხეების, ასევე საქართველოში უცხოელთა ანექსიის წინააღმდეგ და არის თუ არა ქართველთა მარში და ბერშუეთის აქცია ეფექტური იარაღი ასეთი პრობლემების მოსაგვარებლად? „Sputnik საქართველომ“ ამ შეკითხვით რამდენიმე ექსპერტს მიმართა.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
პარლამენტმა „საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ“ რეზოლუცია მიიღო

„დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე თვლის, რომ ამისათვის პირველ რიგში, საქართველოს გეოპოლიტიკური ფუნქციის განსაზღვრა და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმის დადებაა საჭირო, ვინ ვართ, საით მივდივართ და რა გვინდა.

„თქვენ ახლა ძალიან რთული საკითხი დასვით. საქართველოს აქვს სერიოზული პრობლემები მეზობლებთან, რადგან ჩვენ გვჭირდება ძალიან სერიოზული უსაფრთხოების კონცეფცია. ჩვენი მთავარი პრობლემა ისაა, რომ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, სჭირდება საკუთარ ფუნქციაზე დაფიქრება და სტრატეგიული ხედვის დადება. ასეთი სახელმწიფო გრძელვადიანი ხედვა აქვს ყველა დიდ და წარმატებულ სახელმწიფოს. ჩვენი მეზობლების ინტერესი, ბუნებრივია, არის მათი წარმატება ჩვენი შევიწროვების ხარჯზე, მაგრამ რა არის ჩვენი ინტერესი, სტრატეგიული ხედვა და ფუნქცია, ეს უნდა გამოვკვეთოთ“, — ამბობს სანიკიძე.

გუბაზ სანიკიძე - Sputnik საქართველო
სანიკიძე: მომავალ პარლამენტში საჭირბოროტო საკითხები ჩვენს გარეშე ვერ გადაწყდება!

რაც შეეხება ქართველთა მარშს და ბერშუეთის აქციას, სანიკიძე ფიქრობს, რომ ასეთი ღონისძიებები არაა გამოსავალი: „ამ აქციებს შეუძლია, გამოხატოს ადამიანების ემოცია, განცდა, გულისწყრომა, ყურადღება მიაპყროს პრობლემებს, მაგრამ არავითარი პრაქტიკული შედეგი ამ აქციებს არ მოჰყვება“.

ექსპერტი გია ხუხაშვილი კი ფიქრობს, რომ: „რუსეთთან საჭიროა ურთიერთშემხვედრი ნაბიჯების გადადგმა. კონფლიქტების გადაჭრისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის რესურსი ჯერჯერობით საქართველოსთვის არ ჩანს. არც რუსეთთან ურთიერთობის გამოსწორების ფორმულა. ამიტომ კონსერვაციის რეჟიმში უნდა ვეცადოთ, რომ შევინარჩუნოთ ეს კონფლიქტები. კიდევ უფრო რომ არ გაუარესდეს მდგომარეობა. რაც შეეხება თავად რუსეთთან ურთიერთობას, კარგი იქნებოდა, რომ შეიძლებოდეს ყველაფრის გამოსწორება, მაგრამ ამ ეტაპზე ვთვლი, რომ ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობებით უნდა დავიწყოთ“.

„ქართველთა მარში სჯობს, რომ სხვა ტერიტორიაზე მოეწყოს და არა — თბილისის შუაგულში, სადაც ქართველები ცხოვრობენ. გარდა ამისა, თუ რაიმე პრობლემები არსებობს მიგრაციასა და უცხოურ ბიზნესთან დაკავშირებით, ამ პრეტენზიების ადრესატები არასწორად არიან შერჩეულნი. ქართველთა მარშის პრეტენზიების ადრესატი უნდა იყოს ხელისუფლება, მთავრობა, რომელთაც ვერ შექმნეს ქვეყნის სწორი საიმიგრაციო და ბიზნეს-გარემო. ეს აქცია ვერაფერს ვერ მოიტანს ქვეყნისათვის.რაც შეეხება ბერშუეთის აქციას, მშვიდობიანი ფორმით პროტესტის გამოხატვა ოკუპაციის წინააღმდეგ ყველა ქვეყანაში ხდება და ეს ნორმალურია. არა მგონია, ასეთი აქცია თავისთავად იყოს რაიმე საფრთხის შემცველი“, — თვლის გია ხუხაშვილი. 

საქართველოში, მისი გეოსტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, მრავალი ქვეყნის ინტერესები იკვეთება და, სავარაუდოდ, ალბათ, მრავალი ქვეყნის სპეცსამსახურიც მუშაობს. ამ მოვლენების გამოყენებაც მრავალგვარადაა შესაძლებელი, სამართალდამცავებს მთელი ძალისხმევის მოხმობა მოუწევთ, რომ 14 ივლისს რაიმე პროვოკაცია არ მოხდეს და სიმშვიდე დაიცვან როგორც ერთ, ისევე მეორე აქციაზე. მე კი ისევ დიდ ილიას დავესესხები და ვიტყვი, რომ ოცდამეერთე საუკუნეში მტერი ხმლით აღარ მოდის და ცოდნითა და ფულით მოსულს ისევ ცოდნითა და შრომით უნდა დავხვდეთ, თორემ საქართველოს საგარეო და საშინაო საფრთხეები განუზომლად დიდია, მათ შორის — დემოგრაფიული თვალსაზრისით. თუმცა ამაზე მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ. 


ყველა ახალი ამბავი
0