თბილისის მერის მძიმე არჩევანი

© photo: Sputnik / Stringerთბილისის მერია
თბილისის მერია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავარი კითხვა დედაქალაქში – ვინ დაამარცხებს არა მოწინააღმდეგეს, არამედ თბილისის პრობლემებს.

წილი ნაყარია, ძირითადი კანდიდატები — დასახელებული. ალეკო ელისაშვილმაც დაადასტურა, რომ თბილისის მერობისთვის იბრძოლებს. წინასაარჩევნო პერიოდში გვრჩება რამდენიმე ძირითადი ინტრიგა, რომელიც გავლენას მოახდენს არჩევნების შედეგებზე — გუნდი, რომელსაც კანდიდატები დედაქალაქის სამართავად წარმოადგენენ, მათი საარჩევნო პროგრამები და დაპირებები, რომელთაც ძირითადად სექტემბერში უნდა ველოდოთ.

არჩევნები - Sputnik საქართველო
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბრის ბოლოს გაიმართება

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 4 თვე დარჩა. პრეზიდენტის განცხადება, რომ არჩევნებს ოქტომბრის მესამე კვირაში დანიშნავს და ეს საკითხი მთავრობასთან შეთანხმებულია, იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ არჩევნებისთვის მზადება და მობილიზაცია უკვე დაიწყო. ჯერჯერობით კანდიდატები გამოკვეთილი მხოლოდ თბილისშია და ისიც — არასრულყოფილად. ანუ არჩევნებამდე 60 დღით ადრე ვინ გადაწყვეტს არჩევნებში მონაწილეობას, ძნელი გამოსათვლელია, მით უმეტეს, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის უფლება დამოუკიდებელ კანდიდატებსაც აქვთ. გაზაფხულზე ჩატარებული სოციოლოგიური კვლევებით, პირველ ადგილზეა „ოცნება“, მეორეზე — „ნაციონალური მოძრაობა“, მესამეზე — „ევროპული საქართველო“. ხელისუფლებასთან დაახლოებული სოციოლოგი ზურაბ ბიგვავა ამბობს, რომ „ოცნების“ რეიტინგი შემცირებულია, თუმცა მაინც სამჯერ მეტია, ვიდრე მეორე ადგილზე მყოფი ყოფილი სახელისუფლებო პარტიისა. ეს კი დაახლოებით იმას ნიშნავს, რომ ოცნების რეიტინგი 30 პროცენტამდე ყოფილა, რაც დედაქალაქის მერის არჩევნების პირველივე ტურში მოსაგებად სულაც არაა საკმარისი. 

პანორამა თბილისი - ძველი ქალაქი - Sputnik საქართველო
ფიქრები ქალაქის მერის არჩევნებამდე, ანუ მე მინდა ცნობა, რომ თქვენ გინდათ ცნობა

ჯერ დავსვათ საკითხი არა ისე, თუ ვის უნდა თბილისის მერობა, არამედ ასე — როგორი მერი სჭირდება თბილისს? ძალიან ძლიერი მეურნე და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები პირი. ერთი თვალის შევლებითაც კი ჩანს ჩვენი დედაქალაქის პრობლემები. გადატვირთული მოძრაობა, უჰაერობა, ჯანმრთელობისთვის საშიში ეკოლოგიური პირობები, საშინელი გაჭირვება და უმუშევრობა…

თბილისს და მთლიანად საქართველოს ახლა ნიკო ნიკოლაძის ხედვების მქონე ეროვნული დონის საზოგადო მოღვაწე და პოლიტიკოსი სჭირდება, რომელიც შეძლებს დედაქალაქის ფუნქცია ეროვნული მასშტაბით გაიაზროს და ის პრობლემები, რაც დღეს აქვს დედაქალაქს, ოდნავ მაინც შეამსუბუქოს, რომ აღარაფერი ვთქვათ გადაჭრაზე. აშკარაა, რომ თბილისი ვეღარ ატარებს ვერც ხალხის ნაკადს, არც მწვანე საფარი ჰყოფნის, არც სამუშაო ადგილები, კანალიზაციისა და წყალგაყვანილობის სისტემაც მოშლილი და მოძველებულია, ქალაქს არა აქვს გენერალური გეგმა, რომლის მიხედვითაც განვითარდებოდა, და მაინც — ყველანი დედაქალაქისკენ მოვეშურებით, რადგან ესაა ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი ცოცხალი წერტილი ამ შაგრენის ტყავივით დაპატარავებულ საქართველოში…

თბილისის მერია - Sputnik საქართველო
უკუღმართი დროება და ორი მეგობრის გასაუბრება...

სწორედ ამიტომაა დედაქალაქის მოგება მთავარი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის ტრამპლინის მოსამზადებლად. 

პიროვნული განათლებიდან გამომდინარე, თბილისის მერობის დასახელებული კანდიდატებიდან სამეურნეო მუშაობის გამოცდილება არც ერთს არა აქვს. რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ამ მხრივ პიროვნული და ინტელექტუალური უნარებით სწორედ დავით ნარმანია გამოირჩეოდა, რომელსაც არ და ვერ აცალეს თბილისის მერობა. პირველ რიგში იმიტომ, რომ ის უცხო სხეული აღმოჩნდა თბილისელებისთვის და ბოლომდე არ მიიღეს მისმა საძმოებმა და ელიტებმა. რამდენიც არ უნდა ვამტკიცოთ, რომ ევროპის ნაწილი ვართ, თბილისელები ჯერ კიდევ ვერა-ვაკელობითა და გლდანი-მუხიანელობით განსაზღვრავენ სამეგობრო სივრცეებს და მეფეზე ოცნებობენ ხოლმე. მეორე მხრივ, პარტიული დავალებებით დახუნძლული ნარმანიასთვის თითქმის არავის უკითხავს არც მისი გარემოცვის შერჩევა და არც ფუნდამენტური გადაწყვეტილებების მიღება, თუმცა დავით ნარმანიამ, გიორგი მარგველაშვილისგან განსხვავებით, წონასწორობა შეინარჩუნა და დამსახურებულ პოსტსაც, დიდი ალბათობით, მიიღებს.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
ნარმანია: კალაძე თბილისის კარგი მერი იქნება

რადგან, ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით, „ქართული ოცნების“ რეიტინგი 30 პროცენტია და საარჩევნოდ დაახლოებით 40 პროცენტამდე შეიძლება გაიზარდოს, ენერგეტიკის მინისტრს და „ქართული ოცნების“ ლიდერ კახი კალაძეს დიდი ფინანსებისა და პიროვნული რესურსების დახარჯვა მოუწევს პირველივე ტურში არჩევნების მოსაგებად. 

ახლა მოვუსმინოთ დასახელებული კანდიდატებიდან ვინ როგორ აპირებს დედაქალაქის პრობლემების გადაჭრას. 

საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებელ კანდიდატად მიიღებს.  

„არავისთან ერთად არ ვაპირებ გამოსვლას. ჩემი მხარდამჭერი, ჩემი აზრით, იქნება ხალხი. საკრებულოში მე მოვხვდი როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი. მე ვიყავი დამოკიდებული ხალხზე და ასე ვაპირებ რომ დავრჩე”, — განაცხადა ელისაშვილმა. 

ზაალ უდუმაშვილი - Sputnik საქართველო
ნაცმოძრაობამ ზაალ უდუმაშვილი თბილისის მერობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა

მან ასევე თქვა, რომ მისთვის ყველაზე სერიოზული კონკურენტი ადგილობრივ არჩევნებში სახელისუფლებო კანდიდატი იქნება. 

„რეალურად ყველაზე სერიოზული კონკურენტი, რა თქმა უნდა, იქნება ხელისუფლების წარმომადგენელი. ხელისუფლებას ჯიბეში აქვს ბიძინა ივანიშვილის ფული, ბიუჯეტი, ადმინისტრაციული რესურსი, უშიშროება, კრიმინალებთან კონტაქტები. რა თქმა უნდა, მათთან ჭიდაობა მარტივი არ იქნება, მაგრამ ქალაქი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარი შიშები”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. 

ელისაშვილისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება, ვინ დაუდგება გვერდით, ანუ როგორი იქნება მისი პროგრამა და გუნდი. რაც მთავარია, მან უკვე საჯაროდ განაცხადა, რომ „კბილებს დაამტვრევს ყველას, ვინც არჩევნების გაყალბებას შეეცდება“. პრინციპში, კარგი სამოქალაქო მობილიზაციის პირობებში თბილისში არჩევნების შედეგების დაცვა მართლაც შესაძლებელია. 

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძე: თბილისს ძირეული ცვლილებები სჭირდება

მეორე ყოფილი ჟურნალისტი ზაალ უდუმაშვილი კი აცხადებს, რომ გაბრაზებული თბილისელების წარმომადგენელია. მისი ეს ფრაზა კარგადაა გათვლილი, რადგან თუ რამდენი გაბრაზებული კაცია თბილისში, ერთი საათით საცობში მოხვდით და ადვილად დაითვლით. მან მთავარ პრობლემად მთავრობაში კორუფცია და ნეპოტიზმი დაასახელა. შემდეგ კი საცობები, უკანონო მშენებლობა, ეკოლოგიური პრობლემა და „სითი პარკთან" გაფორმებული  ხელშეკრულება. 

„მე შევძლებ საცობების ქალაქი მარტივი გადაადგილების და სწრაფი კომუნიკაციის ქალაქად ვაქციო და ამისთვის უნდა ავაშენოთ ახალი, ხარისხიანი გზები, ხიდები და ესტაკადები, მყისიერად აღვადგინოთ შემოვლითი გზის მშენებლობის და რკინიგზის გადატანის შეჩერებული პროექტები", — განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. თუმცა კონკრეტული გეგმა, როგორ აპირებს ამ ოცნებების ასრულებას ნაციონალების კანდიდატი, მას არ წარმოუდგენია.

ფაქტზე, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სოციალური ფონი გამოსასწორებელია, ყურადღება გაამახვილა „ქართული ოცნების“ კანდიდატმაც.

თუ უდუმაშვილი გაბრაზებული თბილისელების და სამი თაობის ვაკელების მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს, სამთავრობო კანდიდატი კახი კალაძე ახალგაზრდების გულის მონადირებაზე აკეთებს აქცენტს.

კახა კლაძე - Sputnik საქართველო
გადამწყვეტი ბრძოლა კალაძისათვის

„მე კარგად მაქვს გააზრებული ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს დედაქალაქის მოსახლეობას. ჩვენი მიზანია ქალაქი მოვარგოთ თითოეული თბილისელის ინტერესს, თბილისი ვაქციოთ თანამედროვე, ევროპული ტიპის ქალაქად, სადაც ხალხი იცხოვრებს უკეთეს გარემოში. ჩვენი ოცნების თბილისი იქნება ისეთი, როგორსაც ჩვენი ხელით შევქმნით. თანამედროვე, ჯანსაღი და მომავალზე ორიენტირებული დედაქალაქი. მოწესრიგებული სოციალური ფონი და ეკოლოგია, ავტომობილების მოძრაობა, პარკინგი და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოდერნიზაცია — ჩვენი გამარჯვება იქნება", – განაცხადა კახი კალაძემ კანდიდატად წარდგენისას. მის საარჩევნო კამპანიას აშკარად აკლდა ბიძინა ივანიშვილის ფიგურა. 

დღეისათვის საუკეთესო პროგრამის მონახაზი „ევროპელი დემოკრატების“ რჩეულს ელენე ხოშტარიას აქვს, რომელიც, სავარაუდოდ, თავისი მხარდამჭერების მობილიზებას და ხმების დაცვასაც შეძლებს. 

ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ დედაქალაქში მცხოვრებ 203 ათას პენსიონერს პენსიას 50 ლარით გაუზრდის, სოციალურ დახმარებას კი — 150-დან 520 ლარამდე. თუ მან რეალურად შეძლო ამ სეგმენტის დარწმუნება, რომ პენსიის გაზრდა შეუძლია, ხოშტარია საკმაო რაოდენობით ხმების მოგროვებას შეძლებს.

გუშინ თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა ასევე ყოფილმა დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ. ვაშაძე საკმაოდ კარგ მენეჯერულ თვისებებს ფლობს, მაგრამ ის ელექტორატს, სავარაუდოდ, უდუმაშვილსა და ხოშტარიას უფრო წაართმევს, ვიდრე კალაძესა და ელისაშვილს. ორი ყოფილი ჟურნალისტი, ერთი ფეხბურთელი, ერთი პოლიტიკოსი და იურისტი და ერთიც — უსაფრთხოების ექსპერტი. ასეთია თბილისელთა „არჩევანი“ და „არადანი“.

ჯერ კიდევ არ დაუსახელებიათ კანდიდატები ბურჯანაძე-დემოკრატებს, უსუფაშვილი-შარტავას „შენების მოძრაობას“, „პატრიოტთა ალიანსს“… ექსპერტები კახი კალაძის გამარჯვებას ვარაუდობენ, მაგრამ მისი მომავლისთვის ახლა გადამწყვეტია – რამდენად მოახერხებს სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენელი „ოცნების“ „ცოდვებისაგან“ გამიჯვნას და პირველივე ტურში დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვებას. 

ყველა ახალი ამბავი
0