თორდია vs ფარცხალაძე: ახალი დეტალები

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს შსს-ს შენობა
საქართველოს შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიასა და საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგები.

ფარცხალაძისა და ინციდენტის სხვა მოწმეების ჩვენებებიდან ირკვევა, რომ ღამის კლუბში El Centro ჩხუბი თორდიამ წამოიწყო. მან მოიქნია ხელი და ის მოხვდა ყოფილ მთავარ პროკურორსა და მის თანხლებ მიხეილ ჩოხელს — საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელს.

თორდიამ პოლიციას განუცხადა, რომ როდესაც ის ფარცხალაძეს კლუბში ესაუბრებოდა, ვიღაცამ მოულოდნელად მარცხენა მხრიდან დაარტყა. ინციდენტი 20 წამს გაგრძელდა.

შსს აქვეყნებს ერთ-ერთი ვიდეოკამერის კადრებს, რომელმაც ჩხუბის მომენტი დააფიქსირა.

თორდიამ გამოძიებას უნდობლობა გამოუცხადა და პარლამენტს მიმართა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თხოვნით.

საქართველოს გენერალური აუდიტის სამსახურმა გამოქვეყნა ანგარიში 2015-2016 წლებში თბილისის მერიის საქმიანობის შესახებ, სადაც ფარცხალაძე ფიგურირებს.

პოლიციის შენობა - Sputnik საქართველო
თორდია vs ფარცხალაძე: დაიკითხა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი

გამოძიების შედეგები

მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების შედეგები შუალედურია და შეიძლება შეიცვალოს, სამართალდამცველთა არგუმენტებმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია როგორც გენერალური აუდიტორის, ისე ყოფილი მთავარი პროკურორის მხრიდან.

ამ მომენტისათვის ფარცხალაძისა და სხვა მოწმეების ჩვენებებიდან შსს-მ გამოარკვია, რომ 13 მაისს ღამის კლუბში თორდიამ ყოფილ მთავარ პროკურორთან საუბრისას მოიქნია ხელი და მოარტყა მასა და ჩოხელს.

"დაახლოებით, 02:00 საათისთვის მათ (ფარცხალაძემ და მისმა თანმხლებმა პირებმა) წასვლა დააპირეს, რა დროსაც შენობის გასასვლელ კართან ლაშა თორდია შეხვდათ. ეს უკანასკნელი მათ მიესალმა, მაგრამ მისალმების ფორმის გამო მათ შორის შელაპარაკება მოხდა, რაც "ელ ცენტროს" ტერასაზე გაგრძელდა. იქვე მივიდა მიხეილ ჩოხელი და დაცვის წევრიც. კამათის დროს ლაშა თორდია უფრო აგრესიული გახდა, ოთარ ფარცხალაძეს თავი ახლოს მიუტანა და ფაქტობრივად, ყვირილით უთხრა, რომ უნდა სცოდნოდა, ვის როგორ მისალმებოდა. ამის საპასუხოდ ფარცხალაძემ აიქნია ხელი სიტყვებით — "აბა, შენ რა უნდა გელაპარაკო" და წასასვლელად შემოტრიალება სცადა, რა დროსაც ლაშა თორდიამ ხელი მოიქნია, რომელიც ოდნავ შეეხო ოთარ ფარცხალაძეს და შუბლის არეში მოხვდა მიხეილ ჩოხელს", — ნათქვამია შსს-ს განცხადებაში, რომელიც ფარცხლაძისა და მისი თანმხლები პირების დაკითხვის შედეგებს ეყრდნობა.

საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო
ყოფილმა მთავარმა პროკურორმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის ბრალდებებს უპასუხა

შსს-ს მონაცემებით, მომხდარში ფარცხალაძის პირადი დაცვა და EL Centro-ს დაცვის თანამშრომლები ჩაერივნენ და კონფლიქტი, რომელიც 10-20 წამი გაგრძელდა, ამოიწურა.

ამ საქმესთან დაკავშირებით შსს-მ ნეიტრალური მოწმეებიც დაკითხა, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ შორის საუბარი დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა, ხელი პირველმა მოიქნია თორდიამ და ჩოხელს მოახვედრა.

რაც შეეხება თორდიას ჩვენებას, გენერალური აუდიტორი აცხადებს, რომ ღამის კლუბის ტერასაზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, შემდეგ მან შიგნით შესვლა გადაწყვიტა. შენობაში შესვლისას მას შეხვდა ოთარ ფარცხალაძე. შეხვედრისთანავე ოთარ ფარცხალაძემ ლაშა თორდია გვერდით გაიხმო და აგრესიული ტონით მიმართა, თუ რატომ აგროვებდა მასზე კომპრომატებს და სამსახურებრივი ვადის გასვლის შემდეგ როგორ აპირებდა ცხოვრების გაგრძელებას.

ამ დროს საუბარში ჩაერია ოთარ ფარცხალაძის გვერდით მყოფი, იმ დროისთვის თორდიასთვის უცნობი პირი — მიხეილ ჩოხელი. ლაშა თორდია დაინტერესდა, თუ ვინ იყო ეს ადამიანი, რა დროსაც მარცხენა მხრიდან, თვალის არეში მოხვდა ხელი და ჩხუბი ატყდა. შემდეგ ინციდენტის მონაწილეები მიიმალნენ.

თორდია ინციდენტს საკუთარ პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს.

მსხვერპლი აგრესორი აღმოჩნდა?

შსს-ს მიერ შუალედური შედეგების გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში სპეციალური განცხადებით გამოვიდა ლაშა თორდია, რომელმაც სამართალდამცველებს მისი დისკრედიტაციის მცდელობა დააბრალა. გარდა ამისა, თორდია მიიჩნევს, რომ ის ფარცხალაძის აგრესიის მსხვერპლია, ხოლო შსს მომხდარს საპირისპიროდ წარმოაჩენს.

სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
ღამის კლუბში საქართველოს გენერალური აუდიტორი სცემეს

ასევე, თორდია სხვა ვიდეოკამერების ჩანაწერების გამოქვეყნებას მოითხოვს, სადაც ინციდენტის დაწყების მომენტი უკეთესად გამოჩნდება.

"როგორც ჩემთვის მოსალოდნელი იყო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კადრები წარმოაჩინა ისეთი რაკურსით და ხედით, რომ მომხდარიყო ჩემი დისკრედიტაცია, თითქოს მე დავარტყი ხელი პირველმა ოთარ ფარცხალაძეს, თუმცა მათივე კადრებიდან ნათლად ჩანს, თუ როგორ მირტყამს პირველი ოთარ ფარცხალაძე", — განაცხადა თორდიამ.

თორდია პარლამენტის თავმჯდომარეს მომხდარის გამოძიების მიზნით საპარლამენტო კომისიის შექმნას სთხოვს.

"მინდა ვთხოვო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და პარლამენტს, შეიქმნას საგამოძიებო კომისია იმიტომ, რომ უბრალოდ ჩემთვის შეუძლებელია დავამტკიცო ჩემი სიმართლე", — აღნიშნა თორდიამ.

ნანატრი ანგარიში

ინციდენტიდან ერთ კვირაზე მეტი გავიდა, თუმცა მომხდარის შემდეგ თორდიამ განაცხადა, რომ მისი უწყება თბილისის მერიის საქმიანობის შესახებ ანგარიშის გამოქვეყნებას აპირებს, სადაც ფარცხალაძე ფიგურირებს. ამ ანგარიშს ყველაფერი ნათელი უნდა გაეხადა და ეჩვენებინა, ჰქონდა თუ არა ფარცხალაძეს თორდიაზე თავდასხმის მიზეზები.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შუალედური ანგარიში 2015-2016 წლებში თბილისის მერიის საქმიანობაზე სამშაბათს გამოაქვეყნა.

ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ თბილისის მერიამ კომპანია BSR-CDG Development-ს ზარალი მხოლოდ მას შემდეგ აუნაზღაურა, რაც 2016 წელს ის ფარცხლაძემ შეიძინა.

მანამდე კომპანია ოთხი წლის განმავლობაში კომპანიის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე გზის 97-მეტრიანი მონაკვეთის გაყვანის სანაცვლოდ ზარალის ანაზღაურებას უშედეგოდ მოითხოვდა.

თბილისის მერიის შენობა - Sputnik საქართველო
თბილისის მერიას მასშტაბურ კორუფციაში ადანაშაულებენ

ანგარიშიდან გამომდინარე, ვერეს ხეობაში, მზიურის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, 2012 წელს ახლად გაყვანილი გზის დაახლოებით 97 მეტრიანმა მონაკვეთმა გაიარა შპს BSR-CDG Development-ის საკუთრებაში არსებულ სამიდან ერთ-ერთ ნაკვეთზე და დაიკავა მიწის დაახლოებით 74%.

მიწის ფართობმა შეადგინა 2 302 კვ.მ. 2012 წლიდან 2016 წლამდე კომპანიამ თბილისის მერიას ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით სამჯერ მიმართა, მაგრამ უშედეგოდ.

2013 წელს შპს BSR-CDG Development-მა საკუთრებაში არსებული დაუზიანებელი 16000 კვადრატული მეტრის ფართობის 2 მიწის ნაკვეთი გაასხვისა 2,3 მილიონ დოლარად. 1 კვადრატული მეტრის ღირებულება იმ მომენტისათვის 223 ლარს შეადგენდა.

შპს BSR-CDG Development-მა თბილისის მერიას 2016 წლის თებერვალში მიმართა და მოითხოვა ვერეს ხეობაში მდებარე მიწის ნაკვეთების ნაცვლად სხვა სამი მიწის ნაკვეთის გადმოცემა. მერიის თანამშრომლების თქმით, ისინი ამ საკითხს განიხილავენ.

იმავე წლის მარტში კომპანიამ მერიას კვლავ მიმართა. 2016 წლის აპრილში, საკრებულოს გადაწყვეტილებით, მერიამ კომპანიას ზარალი აუნაზღაურა და მფლობელობაში ნუცუბიძის ქუჩასთან მიმდებარე ორი მიწის ნაკვეთი გადასცა.

ნუცუბიძის ქუჩასთან მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწის ორი ნაკვეთის ღირებულებამ 2,6 მილიონი ლარი შეადგინა მაშინ, როდესაც 2013 წლის მონაცემებით, გზის გაყვანით დაზიანებული მიწის ნაკვეთის საერთო ღირებულება 513000 ლარს შეადგენდა.

აუდიტის სამსახურის ეჭვები იმანაც გამოიწვია, რომ გასული წლის თებერვალში, როდესაც მერია კომპენსაციის საკითხს იხილავდა, BSR-CDG Development-ის მფლობელებმა 100%-იანი წილი კომპანია Royal Development-ს მიჰყიდეს, რომლის 40%-იანი წილის მფლობელი ოთარ ფარცხალაძე იყო. აუდიტის სამსახურში არ არიან დარწმუნებული, იცოდა თუ არა BSR-CDG Development-მა, რომ კომპენსაციის საკითხს მერია უკვე განიხილავდა.

გარდა იმისა, რომ აუდიტის სამსახურის მონაცემებით, BSR-CDG Development-მა ზარალის ანაზღაურება 2012 წელს მოითხოვა. მაშინ, მათი გათვლებით, დაზიანებული ნაკვეთის ღირებულება 513000 ლარი უნდა ყოფილიყო, მას შემდეგ კი, რაც ფარცხალაძე ამ კომპანიის მფლობელი გახდა, მან 2,6 მილიონი ლარის ღირებულების ორი მიწის ნაკვეთი მიიღო.

აუდიტის სამსახურმა მიწის გარიგებებთან დაკავშირებული კიდევ ერთი საკითხი შეისწავლა. კერძოდ, 2016 წლის ივნისში კომპანია Royal Development-მა BSR-CDG Development-ში 100%-იანი წილი ოთარ ფარცხალაძეს მიჰყიდა.

ამის შემდეგ, გასული წლის აგვისტოში, კომპანია BSR-CDG Development-მა, რომლის მფლობელი უკვე ფარცხალაძე იყო, რომელიც ნუცუბიძის ქუჩასთან ახლოს ორ მიწის ნაკვეთს ფლობდა, თბილისის მერიას მიმართა და ნუცუბიძის ქუჩაზე მის საკუთრებაში არსებული ორი ნაკვეთის მომიჯნავე კიდევ ერთი მიწის ნაკვეთის შეძენა მოითხოვა.

ქალაქის ხელისუფლებამ გამოაცხადა აუქციონი, რომლის თანახმად, იმ მიწის ნაკვეთის 1 კვადრატული მეტრის ფასი, რომელსაც ფარცხალაძის კომპანია მოითხოვდა, 274 ლარს შეადგენდა. საბოლოოდ, ფარცხალაძის კომპანიამ მოიგო აუქციონი, რადგან სხვა მონაწილე არ არსებობდა, და დაახლოებით 975000 ლარად 3500 კვადრატული მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთი შეიძინა.

სახელმწიფო აუდიტის მონაცემებით, რომელიც ლევან სამხარაული სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ინფორმაციას ეყრდნობა, მიწის ნაკვეთის 1 კვადრატული მეტრის ღირებულება 464 ლარს შეადგენდა, შესაბამისად საერთო ფასი 1,6 მილიონი ლარი უნდა ყოფილიყო.

საქართველოს პროკურატურამ აუდიტის სამსახურს საქმის მასალების წარმოდგენის მოთხოვნით მიმართა.

ყველა ახალი ამბავი
0