„ეს თამაშია“, ანუ ნამდვილი ისტორია ბიჭისა, რომელიც მამამ გაზის კამერას გადაარჩინა

გამოწერა

1997  წელს ეკრანებზე გამოვიდა რობერტო ბენინის ფილმი „ცხოვრება მშვენიერია“, რომელიც მეორე მსოფლიო ომისას ერთი ებრაული ოჯახის ამბავს ასახავდა.

სცენარის მიხედვით, საკონცენტრაციო ბანაკში მოხვედრილი მამა თავის 5 წლის ვაჟს უხსნის, რომ ახლა თამაში იწყება და მან ყველა პირობა უნდა შეასრულოს იმისთვის — ანუ, არ იტიროს, არ მოითხოვოს საჭმელი — რომ ბოლოს პრიზად ტანკი მიიღოს.

რობერტო ბენინის ემოციურმა სურათმა არავინ დატოვა გულგრილი, მაგრამ მაშინ წარმოდგენაც არ ჰქონდა არავის, რომ ეს ამბავი მართლაც მომხდარა მეორე მსოფლიო ომისას.

ყველაფერი კი ასე დაიწყო:

იუზეფ იანეკ შლიაიფშტაინი 1941 წლის 7 მარტს დაიბადა პოლონეთის ქალაქ სანდომირის ებრაულ გეტოში ისრაილ და ესტერ შლიაიფშტაინების ოჯახში. ერთი წლისა იყო, როცა გეტოს მცხოვრებლები ჩენსტოხოვოს ფაბრიკაში სამუშაოდ გადაასახლეს. ადგილზე ჩასული ებრაელები სასწრაფოდ „გაცხრილეს“ ბავშვებისგან და, როგორც გამოუსადეგარი მუშახელი, ოსვენციმის გაზის კამერების გზას გაუყენეს.

შლიაიფშტაინებმა იუზეფის სარდაფში გადამალვა მოახერხეს, სადაც მან სრულ სიბნელეში წელიწადნახევარი გაატარა. სინათლის სხივს პატარა ბიჭი მხოლოდ მაშინ ხედავდა, როცა მშობლები მის დასაპურებლად ჩადიოდნენ. იუზეფის ერთადერთი მეგობარი იყო კატა, რომელიც თაგვებსა და ვირთხებს მუსრს ავლებდა და ბიჭს დაკბენისგან იცავდა.

© Wikipedia / United States Holocaust Memorial Museumიუზეფ იანეკ შლიაიფშტაინი ბუხენვალდში, ბანაკის გათავისუფლების შემდეგ
იუზეფ იანეკ შლიაიფშტაინი ბუხენვალდში, ბანაკის გათავისუფლების შემდეგ - Sputnik საქართველო
იუზეფ იანეკ შლიაიფშტაინი ბუხენვალდში, ბანაკის გათავისუფლების შემდეგ

1943 წელს ებრაელები ჩენსტოხოვოდან ბუხენვალდში გადაიყვანეს… და სასტიკი „თამაშიც“ დაიწყო.

მამამ იუზეფს უთხრა, რომ ეს ყველაფერი  თამაშია, რომ ბიჭმა, რაც უნდა მოხდეს, კრინტიც არ უნდა დაძრას და თუ ყველაფერს სწორად გააკეთებს, მაშინ ბოლოს სამი ნატეხი შაქრით დააჯილდოვებენ.

ბიჭუნას ძალიან უნდოდა ტკბილეული და „გასართობ“ პირობებს დათანხმდა.

ისრაილმა ორნახევარი წლის ბავშვი აბგაში ჩასვა, მხარზე გადაიკიდა და შვილს შეევედრა, ჩუმად ყოფილიყო და არ განძრეულიყო. 

ბუხენვალდში ჩასული ებრაელები ისევ გაცხრილეს და მოხუცები და მცირეწლოვნები იმავე დღეს დახვრიტეს. იუზეფის დედა ბერგენ-ბელზენის საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს, თავად იუზეფი კი მამამ ფარულად შეიყვანა ბანაკში და, რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, მის დამალვაში ისევ გერმანელები დაეხმარნენ — რაღა თქმა უნდა, ანტიფაშისტები. ისინი ბიჭუნას პურსა და წვიმის წყალს აწვდიდნენ, რომ შიმშილით არ მომკვდარიყო. იუზეფს კი კვლავაც ეჯერა, რომ ეს ყველაფერი თამაში იყო, რომ თუ მცველები იპოვიდნენ, ბოროტ ჯადოქართან გაგზავნიდნენ. ამიტომ არასდროს ლაპარაკობდა ხმამაღლა, არასდროს ტიროდა…

მაგრამ ბიჭი ბარაკის ჩხრეკისას მაინც იპოვეს.

მამა და შვილი - Sputnik საქართველო
გამძვინვარებული მამის „მცირე ომი“ სპეცრაზმთან შვილის სიცოცხლის გადასარჩენად

არა, ნამდვილად ბედნიერ ვარსკვლავზე იყო დაბადებული, თორემ რაღა მაინცდამაინც ისეთმა კაცმა აღმოაჩინა, ვისაც იუზეფის ტოლი ბიჭი ჰყავდა?! გერმანელმა მცველმა ბავშვი არ გასცა. ის კი არა, „ბუხენვალდის თილისმა“ შეარქვა და დაავალა, ყოველ დილით მოეხსენებინა, გადათვლილები იყვნენ თუ არა ტყვეები.

ასე გავიდა დრო.

1945 წლის თებერვალში, როცა ომის დამთავრებამდე სულ ორიოდე თვეღა რჩებოდა, იუზეფი გაუფრთხილებლად გავიდა ეზოში და ბანაკის უფროსის მოადგილემ შენიშნა. მანაც მყის ბრძანება გასცა, ბიჭი გაზის კამერაში გაემწესებინათ.

ისრაილი ფეხებში ჩაუვარდა მას, ევედრებოდა, ორი დღე მომეცით შვილთან დასამშვიდობებლად, სამაგიეროდ, საუკეთესო უნაგირს დაგიმზადებთ ცხენისთვისო…

და იუზეფს ისევ გაუმართლა. იმ ორ დღეში ბანაკის უფროსის მოადგილე აღმოსავლეთის ფრონტზე გაგზავნეს!

მამამ კი ბიჭი ამჯერად საავადმყოფოში გადამალა, სადაც 11 აპრილამდე, ანუ ბუხენვალდის ტყვეების გათავისუფლებამდე დაჰყო…

იუზეფ შლიაიფშტაინი დღესაც ცოცხალია, 76 წლისაა და ამერიკაში, ნიუ-იორკში ცხოვრობს. რობერტო ბენინის ფილმის გამოსვლამდე მას არავისთვის მოეთხრო ბავშვობისდროინდელი სამწლიანი სასტიკი „თამაშის“ შესახებ. მაგრამ, მოგეხსენებათ, ყოველივე დაფარული საბოლოოდ ცხადდება.

ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც. ფილმის გამოსვლის შემდეგ, 1997 წელს, აშშ-ის სახელმწიფო არქივში იპოვეს ჩანაწერები შლიაიფშტაინების შესახებ და ჟურნალისტებმა ერთ თვეში მიაგნეს იუზეფს, რომელსაც ამერიკულ ყაიდაზე უკვე ჯოზეფი ერქვა.

კაცი ერთადერთი ინტერვიუს მიცემაზე დათანხმდა, ვინაიდან თითქმის 50 წლის შემდეგაც კი, უკიდურესად უჭირდა არაჩვეულებრივი მამის მიერ დადგმული „თამაშის“ გახსენება…

ყველა ახალი ამბავი
0