8 წამში ჩატეული ოქროს მედალი, ანუ საოცრებები ვლადიმერ ხინჩეგაშვილის შესრულებით

© REUTERS / TORU HANAIვლადიმერ ხინჩეგაშვილი
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხალიჩაზე ქარიშხალი დატრიალდა, გაოგნებული ჩაკაევი უეცრად დაემსგავსა ლადოს მარწუხებში მომწყვდეულ უსუსურ ბავშვს და სულ რაღაც 5 წამში ანგარიში ჯერ 4:7გახდა, კიდევ ორიოდ წამი და უკვე 10:7-ია, თან დასრულებამდე რამდენიმე წამიღა რჩება.

სერბულ ნოვი-სადში ახლახანს დასრულდა ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ  ჭიდაობაში. სპორტული თემატიკისგან შორს არასდროს ვყოფილვარ, მეტიც, ბევრი საინტერესო ფორუმის თვითმხილველიც გახლავართ. არ მეგონა, თუ რამეს კიდევ შეეძლო ჩემი გაკვირვება, მაგრამ საბედნიეროდ ვცდებოდი. 

დიდი დავით გურამიშვილი გვასწავლის — ჯერ მწარე ჭამე, კვლავ ტკბილიო, მაგარამ, რა ვქნა, რომ სწორედ ამ ტკბილის გამო შედგა ეს წერილი?! ამიტომაც თხრობას სწორედ ნუგბარზე საუბრით დავიწყებ. 

ზოგადად, ევროპირველობა არ განეკუთვნება უმაღლესი რანგის სპორტულ ფორუმებს (მსოფლიოს პირველობებსა და ოლიმპიადებთან შედარებით ვგულისხმობ), იგი ერთგვარი სამზადისია მსოფლიოს ჩემპიონატის წინ და ბევრი ქვეყანაც ამ მიზნით იყენებს, ამოწმებს შემადგენლობას, სპორტსმენთა მომზადების დონეს, აკვირდება მოწინააღმდეგეებს და ა.შ. ასე იყო ამჯერადაც, თუმცა რამდენიმე წონაში პრინციპული მეტოქეები „დაეჯახენ“ ერთმანეთს და  ისეთი ბრძოლები ვიხილეთ, თქვენი მოწონებული. 

© photo: Sputnik / Denis Aslanovვლადიმერ ხინჩეგაშვილი
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი - Sputnik საქართველო
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი

61 კგ. წონით კატეგორიაში იაპონელი და ირანელი ათლეტების არყოფნაში, ყველა ელოდა ფინალში, დღეის გადასახედიდან, ორი უძლიერესი ფალავნის, ქართველი ვლადიმერ ხინჩაგაშვილისა და ჩეჩნური წარმოშობის, რუსეთის სახელით მოასპარეზე ახმედ ჩაკაევის  შერკინებას. ჩაკაევი შარშანდელი მსოფლიო პირველობის ბრინჯაოს პრიზიორია, ჩვენი ლადო კი ყველა არსებული ტიტულის მფლობელი, ოღონდ რანგით დაბალ წონით კატეგორიაში. ფინალამდე ჩეჩენის რამდენიმე ბძოლა ვნახე და ველოდი კიდეც დაძაბულ შეხვედრას, მაგრამ ის, რაც მოხდა, ამის წარმოდგენა ჩემს ფანტაზიას აღემატებოდა. 

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი - Sputnik საქართველო
ქართველი მოჭიდავე ხინჩეგაშვილი მსოფლიო რეიტინგის ლიდერია

პირველ ნახევარში ჩაკაევი უპირობოდ ლიდერობდა, ერთი ულამაზესი 5 ქულიანი გდებაც გააკეთა, რომელსაც, წესით, ჩვენთვის უსიამოვნო გაგრძელებაც უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ ლადო ჰაერში ამოტრიალდა და ბეჭებზე არ დაეცა. დაიწყო მეორე ნახევარი, მე კარგად მახსოვს ორი წლის წინ ამერიკაში მსოფლიოს თასზე ხინჩეგაშვილის 0:6 —დან მოტრიალებული შეხვედრა, თუნდაც ოლიმპიადაზე, იაპონელთან ფინალური შეხვედრა გავიხსენოთ, იქაც ბოლოსკენ შეატრიალა სათავისოდ შერკინება. მას საერთოდ სჩვევია დუნედ დაწყება, თითქოს აკვირდება, აბა, რა შეგიძლია, მაჩვენე და მერე მე ვიციო. ამიტომ, ანგარიშის მიუხედავად, იმედიანად ვიყავი, თუმცა დრო მიდიოდა შეხვედრის მსვლელობას  კი ისევ ჩეჩენი აკონტროლებდა, უფრო აქტიურიც იყო და მეტსაც უტევდა. 

ამ დროს, ლადოს 0.30 წამიანი ჩაურთეს — ანუ თუ ამ დროში ქულას ვერ აიღებდა, მოწინააღმდეგე კიდევ ერთით დაწინაურდებოდა. თითქოს რაღაც ნიშანი მისცესო, ხალიჩაზე ქარიშხალი დატრიალდა, გაოგნებული ჩაკაევი უეცრად დაემსგავსა ლადოს მარწუხებში მომწყვდეულ უსუსურ ბავშვს და სულ რაღაც 5 წამში ანგარიში ჯერ 4:7გახდა, კიდევ ორიოდ წამი და უკვე 10:7-ია, თან დასრულებამდე რამდენიმე წამიღა რჩება. თითქოს რა ბედენაა ეს რამდენიმე წამი, მაგრამ ამავე ევროპირველობაზე, ორმა ჩვენმა მოჭიდავემ, დათო მარსაგიშვილმა და ირაკლი კენჭაძემ სწორედ 5 წამით ადრე წააგეს თავიანთი შეხვედრები.

ლადომ ახლა უკვე ღონეს ხერხი მიაშველა, მოწინააღმდეგეს შეკვრა არ აცალა და ეგრევე ხალიჩაზე დაწვა, ანუ ორი ქულა უბრძოლველად დაუთმო, სამაგიეროდ მოიგო დრო და ევროპის ჩემპიონის უკვე მერამდენე ტიტული. 

დიდი ფალავნები საქართველოს არასდროს კლებია, ბოლო წლებშიც გვყავდნენ მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები, მაგრამ ეს რაღაც ერთჯერად ხასიათს ატარებდა, ისეთი სტაბილური, წლების მანძილზე შიშის ზარდამცემი მოჭიდავე, გავბედავ ვიტყვი, და ლევან თედიაშვილის მერე არ გვყოლია. დარწმუნებული ვარ, ლადო ხინჩეგაშვილი კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს წარმატებებით, ამისთვის მას ყველა მონაცემი აქვს, ნიჭი, შრომისმოყვარეობა და რაც მთავარია, გამარჯვების დაუოკებელი სურვილი. ხალიჩაზე იხარჯება ზუსტად ისე, რამდენიც საჭიროა ამა თუ იმ მოწინააღმდეგის დასაჩაგრად, ტაქტიკური აზროვნება კი მართლაც სამაგალითო აქვს. 

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი - Sputnik საქართველო
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი: ყველა გამარჯვებას მამაჩემს ვუძღვნი

რამდენიმე წლის წინ, როდესაც ლადოს ვარსკვლავი ის-ის იყო ამოდიოდა, გორში ვესტუმრეთ  საგაზეთო წერილის მოსამზადებლად, მაშინ შევიტყვე მისი ისტორიაც, ახალგაზრდა მამის გარდაცვალებამ, რომელიც თავადაც უნიჭიერესი მოჭიდავე გახლდათ, პატარა ბიჭი ვერ გატეხა, უდიდესი შრომის ფასად იმდენს მიაღწია, რომ ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის  ვებ-გვერდზე, ფინალის ამსახველ ვიდეოს ასეთი სათაური წაუმძღვარეს — შტორმი სახელად ვლადი!

ჩვენი გუნდის სხვა წევრებზეც მინდოდა ორიოდ სიტყვა მეთქვა, თუნდაც ბრინჯაოს მედალოსნებზე, მაგრამ ვერ მივულოცავ, რადგან თითოეულ მათგანს გაცილებით მეტი შეუძლია, ამიტომ იღებდნენ მედლებს თავჩაქინდრული, როცა მათ გვერდით სიხარულისგან აცეტებული დახტოდნენ იმავე სინჯის მედლის მფლობელები. ამიტომაც იყო გულდაწყვეტილი ლადოსავით ძალიან ნიჭიერი და იმედისმომცემი გენო პეტრიაშვილი, რომელიც პრინციპულ მეტოქე ტაჰა აკგულთან საკუთარ თავს არ ჰგავდა, თუმცა ყველა დანარჩენს იოლად გაუსწორდა, მაგრამ ბრინჯაო მისი შესაძლებლობის სპორტსმენისთვის არ მგონია წარმატებად ჩაითვალოს. წინ კიდევ ბევრი შეჯიბრებაა, ოლიმპიური ციკლი ახალი დაწყებულია და ტოკიოს თამაშებისთვის მოსამზადებელი დროც საკმარისია, რომ იქ, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ვიხილოთ არაერთი ქართველი ფალავანი. 


ყველა ახალი ამბავი
0