კინო თბილისში: რა ვნახოთ 4 – 7 მაისს

გამოწერა
„Sputnik საქართველო" ტრადიციულად გთავაზობთ საინტერესო ფილმების მიმოხილვას, რომელიც უქმეებზე კინომანებმა არ უნდა გამოტოვონ.

როდესაც ძაღლებიც კი როკ-ლეგენდის დიდებაზე ოცნებობენ, შენ კი უქმეებზე ძალიან გინდა იცინო, იტირო და გაოცდე, ესე იგი კინოში წასვლის დრო მოვიდა.

4 მაისიდან თბილისის კინოთეატრებში გაიმართება შემდეგი ფილმის კინოპრემიერა:

„როკ დოგი“ (Rock Dog) — რეჟისორ ეშ ბრენონის სრულმეტრაჟიანი ჩინურ-ამერიკული მულტფილმი ჩჟენ ცზიუნის გრაფიკული რომანის „ტიბეტური როკერი მასტიფის“ მიხედვით. სურათის სიუჟეტის ცენტრშია ძაღლი სახელად ბოუდი. მან მშობლიური სოფელი მგლებისგან უნდა დაიცვას, მაგრამ ოცნებობს რომ როკის ცოცხალი ლეგენდის, კატის, სახელად ანგუსის მოსწავლე იყოს. თუმცა, ანგუსს სულ სხვა გეგმები აქვს, თანაც ყველა კუთხეში მგლები უდარაჯებენ. მაგრამ თუ ყურებს არ ჩამოყრი, ყველაფერი შენს თათებში იქნება.

საინტერესო ფაქტები: ეს ბოლო ათი წლის განმავლობაში რეჟისორ ეშ ბრენონის პირველი ანიმაციური ნამუშევარია. მისი ბოლო ანიმაციური პროექტია ფილმი „დაიჭირე ტალღა“ ("Surf's Up", 2007). ამ ფილმის ორი მსახიობი ადრე ფრანშიზა „ავატარის“ გახმოვანებაზე მუშაობდა. მთავარ როლებს ახმოვანებენ ედი იზარდი და ლიუკ უილსონი. 

გასული კვირიდან თბილისის კინოთეატრების ეკრანებზე გამოვიდა ამერიკული ფილმი სუპერგმირებზე „გალაქტიკის მცველები 2“ (Guardians of the Galaxy Vol. 2), დექს შეპარდის კრიმინალური კომედია „შმატრული“ (CHIPS), რეჟისორ ჯეიმს პონსოლდტის ფილმი „წრე“ (The Circle) ემა უოტსონით და ტომ ჰენკსით მთავარ როლებში, რეჟისორ ნაჩო ვიგალონდოს კანადურ-ესპანური ფანტასტიკური ბოევიკი „ჩემი შეყვარებული მონსტრია“ (Colossal) და მაიკლ აპტედის ბრიტანული თრილერი „საიდუმლო აგენტი“ (Unlocked). 

ასევე თბილისის კინოთეატრების ეკრანებზეა — რეზო გიგინეიშვილის თრილერი „მძევლები“, რეჟისორ ფელიქს გერი გრეის და სცენარისტ კრის მორგანის ამერიკული ბოევიკი "ფორსაჟი 8" (The Fate of the Furious), რეჟისორ ბილ კონდონის ამერიკული მხატვრულ-მუსიკალური ფილმი "მზეთუნახავი და ურჩხული" (Beauty and the Beast) ემა უოტსონით მთავარ როლში.

მულტფილმები ბავშვებისთვის — მულტფილმი "პატარა ბოსი" (The Boss baby)  და ოჯახური ანიმაციური ფილმი "სმურფები: დაკარგული სოფელი" (Smurfs: The Lost Village)

სასიამოვნო კინოჩვენებას გისურვებთ!


ყველა ახალი ამბავი
0