ჯოე ატუმა: საქართველოსა და ნიგერიის მსგავსება... განსხვავებაშია

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოში მცხოვრები ნიგერიის მოქალაქე ჯოე ატუმა
საქართველოში მცხოვრები ნიგერიის მოქალაქე ჯოე ატუმა - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik-საქართველოს რუბრიკა „უცხოელის თვალით დანახული საქართველო“ ნიგერიელ ჯოე ატუმას წარმოგიდგენთ, რომელიც საქართველოსა და მის სამშობლოს შორის არსებულ განსხვავებებზე გიამბობთ.

ჯოე ატუმა სამი წელია საქართველოში სწავლობს და მუშაობს. მიაჩნია, რომ ეს ქვეყანა უკვე მისი სახლია და აქ ცხოვრების გაგრძელებასაც კი აპირებს.

ბუნებით მოჯადოებული

ხომ მართალია, რომ თითოეულ ადამიანს სხვა ქვეყანაში გადასვლაზე ცხოვრებაში ერთხელ მაინც უფიქრია? ჰოდა, მეც დიდხანს ვფიქრობდი ამაზე. გამუდმებით შესაფერისი ადგილის ძიებაში ვიყავი.

ერთხელ შემთხვევით ბუნების ფოტოებს გადავეყარე — დიდი მთის ფონზე ეკლესია იყო აღბეჭდილი. დავინტერესდი. გავარკვიე, რომ ეს საქართველო, ყაზბეგი და გერგეტის მონასტერი ყოფილა.

ასე შევიტყვე საქართველოს შესახებ პირველად სამი წლის წინ.

© Sputnik / Alexander Imedashviliჯოე ატუმა: მზიურო საქართველოვ, გმადლობთ, რომ ასე თბილად მიმიღე!
ჯოე ატუმა: მზიურო საქართველოვ, გმადლობთ, რომ ასე თბილად მიმიღე! - Sputnik საქართველო
ჯოე ატუმა: მზიურო საქართველოვ, გმადლობთ, რომ ასე თბილად მიმიღე!

მერე ინტერნეტში სხვა ფოტოებიც მოვიძიე და ვნახე ქვეყანა — მზით გაჩახჩახებული, მწვანედ აფეთქებული, უზარმაზარი მწვერვალებითა და ბობოქარი მდინარეებით.

აქაური ბუნება მართლაც უმშვენიერესია, მაგრამ მე უპირველესად მაინც ქალაქებით დავინტერესდი: თბილისით, მცხეთით, ბათუმით…

ფოტოებსა და ვიდეოებზე კაშკაშა, ფერადოვანი და კოლორიტული ქალაქები აღებეჭდათ. ზოგი ხედი ევროპას მაგონებდა და ასეც აღმოჩნდა: თბილისი საკმაოდ ევროპული ქალაქია.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ როცა საცხოვრებლად სადღაც გადასვლას აპირებ, იმაზეც ხომ უნდა დაფიქრდე და გაარკვიო: სად უნდა იცხოვრო, რით უნდა დაკავდე, სად უნდა იმუშაო. მით უმეტეს, რომ სწავლის გაგრძელებაც მსურდა.

ინტერნეტით ქართულ სასწავლებლებზე ინფორმაციის ძებნა დავიწყე და ინგლისურ ენაზე სწავლის რამდენიმე ვარიანტი აღმოვაჩინე. უცხოელი სტუდენტებისათვის ეს უზარმაზარი პლუსია — ქართულ ენაზე სწავლას ნამდვილად ვერ შევძლებდი.

მოვიძიე ერთ-ერთი კერძო უმაღლესი სასწავლებლის სამედიცინო ფაკულტეტი, მივწერე მიმღებ კომისიას, წარვადგინე საჭირო საბუთები, გავიარე გასაუბრება და შედეგებს დაველოდე…

ვაშა! სტუდენტი გავხდი!

შეხვედრა თბილისთან

ახლა უკვე იმაზე დავიწყე ფიქრი, სად უნდა მეცხოვრა და მემუშავა. ინტერნეტით მოვძებნე უცხოელი სტუდენტი, რომელიც იმავე ინსტიტუტში სწავლობდა და რჩევა ვკითხე. სწორედ მან მომაგვარებინა დაბინავების საკითხი. ის კი არა, აეროპორტშიც კი დამხვდა.

თვითმფრინავშივე მივხვდი, რომ თბილისში ბევრი უცხოელი იქნებოდა და ძალიან გამიხარდა. სალონი სავსე იყო უცხოელებით — თანაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

კარგად მახსოვს დაშვებისშემდგომი პირველი წუთები. პატარა აეროპორტში აღმოვჩნდით, სადაც ყველა საჭირო პროცედურა საკმაოდ სწრაფად გავიარე და გარეთ გავედით. და მაშინ მივხვდი, რომ… საქართველოში ცივა!

ტაქსიში ჩავსხედით და ფართე ტრასით ქალაქისკენ გავეშურეთ. გზის გაყოლებაზე ჩარიგებულ ხეებს ძლიერი ქარი არხევდა, გვესმოდა მისი ღმუილი, ცა იყო პირქუში და თითქოს დაბალი… თუმცა ამაშიც იყო თავისებური ხიბლი.

ყოველდღიური ცხოვრება

ახალ, ნიგერიისგან ძალიან განსხვავებულ კლიმატურ პირობებს დიდხანს ვეგუებოდი. ახლა უკვე ვაცნობიერებ, რომ საქართველოში წლის განმავლობაში ზოგადად ძალიან კარგი ამინდებია.

თავიდან თბილისის ძველ უბანში — მთაწმინდაზე დავსახლდი, სადაც აგურით ნაშენებ სახლებს თითქოს სიძველის სუნი უდის. ზოგ სახლზე მცენარეებია ამოსული — ამან ძალიან გამაკვირვა. რაც მთავარია, აქედან ინსტიტუტამდე თუ სამსახურამდე მისვლა იოლია.

© Sputnik / Alexander Imedashviliჯოე ატუმა: მთაწმინდაზე აგურის სახლებს თითქოს სიძველის სუნი უდის
ჯოე ატუმა: მთაწმინდაზე აგურის სახლებს თითქოს სიძველის სუნი უდის  - Sputnik საქართველო
ჯოე ატუმა: მთაწმინდაზე აგურის სახლებს თითქოს სიძველის სუნი უდის

ჰო, მართლა, ქოლცენტრში ვმუშაობ ოპერატორად. ჩვენი კომპანია წამლების შინ მიტანით არის დაკავებული და მე, როგორც სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტს, ეს სამსახური ძალიან მომწონს. კლიენტები ზოგჯერ მეუბნებიან, რის სამკურნალოდ დაუნიშნეს ესა თუ ის წამალი და ვფიქრობ, ეს გამოცდილება სამედიცინო პრაქტიკაში გამომადგება.

საქართველო და ნიგერია: მსგავსება განსხვავებაშია!

ნიგერია ჩემთვის საუკეთესო ქვეყანაა მსოფლიოში და ყოველთვის ასე იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ის ღარიბი და ნაკლებ პერსპექტიული სახელმწიფოა. ის ხომ ჩემი სამშობლოა.

ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში ეკონომიკური ვითარება ძალიან კარგია, მაგრამ ნიგერიასთან შედარებით კი ნამდვილად ბევრად უკეთესია.

ნიგერიაში პირველ ადგილზე ოჯახი დგას. ადამიანები დიდ ოჯახებად ცხოვრობენ, ერთმანეთს გვერდში უდგანან და სირთულეებს ერთად უმკლავდებიან. მსგავსი რამ საქართველოშიც შევამჩნიე.

ჩემს სამშობლოში ძალიან უყვართ ღვინო და მეღვინეობაც ფართოდაა გავრცელებული. საქართველოში, შეიძლება ითქვას, რომ ღვინის კულტი არსებობს. აქ ყველამ იცის, რა არის შინაური, ქვევრის ღვინო.

წარმოშობით ნიგერიის ოთხი უდიდესი ტომიდან ერთ–ერთი, იბგოს ტომიდან ვარ და ჩემი მშობლიური ენაც იბგოა, რაც „ტყის ბინადრებს“ ნიშნავს.

ჩვენ ქართულის მსგავსი საქორწილო ტრადიცია გვაქვს. ანუ ჯერ მომავალი მეუღლეების ოჯახები ეცნობიან ერთმანეთს, სტუმრად მიდი-მოდიან, მერე კი საქმროს ოჯახი პატარძლის ოჯახს გამოსასყიდს უხდის და ამით ქორწინება აღსრულებულად მიიჩნევა…

© Sputnik / Alexander Imedashviliნიგერიელი ჯოე ატუმა თბილისში
ნიგერიელი ჯოე ატუმა თბილისში - Sputnik საქართველო
ნიგერიელი ჯოე ატუმა თბილისში

ერთი სიტყვით, შემიძლია ვთქვა, რომ ნიგერია და საქართველო თან ბევრი რამით ჰგვანან ერთმანეთს, თან განსხვავდებიან.

მოკლედ,  მათი მსგავსება განსხვავებაშია!

დღეს საქართველოში ვცხოვრობ, აქ ვსწავლობ, მაქვს საინტერესო სამსახური, მყავს კარგი მეგობრები.

ამ ქვეყანამ თბილად მიმიღო და ფიქრებში ჩემს მომავალს საქართველოს ვუკავშირებ. მინდა აქ ვიმუშაო, განვვითარდე, იქნებ, ოჯახთან ერთადაც დავსახლდე.

ვნახოთ, ჯერჯერობით მაინც ყველაფერი ბუნდოვანია და ბოლომდე გაურკვეველი.

მანამდე კი, მზიურო საქართველოვ, გმადლობთ, რომ ასე თბილად მიმიღე!

ყველა ახალი ამბავი
0