02:22 23 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
რაჯა სუკდიფსინგჰი სვანური ქუდით

რესტორატორ რაჯას ინდური ოდისეა საქართველოში

რაჯა სუკდიპსინგის არქივი
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
მრავალფეროვანი საქართველო (2)
12820

Sputnik-ის პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“ და კოლუმნისტი ეკატერინე მიქარიძე საქართველოში ინდური დიასპორის წარმოამდგენელზე, მის ცხოვრებასა და საქმიანობაზე გიამბობთ.

ეკატერინე მიქარიძე

საქართველოში ინდური კულტურისადმი მიდრეკილება დიდი ხანია შეინიშნება. შეიძლება ითქვას, ინდოეთი საქართველოში ყოველთვის უხილავად არსებობდა. XXI საუკუნის დასაწყისში კი საქართველოში ინდოელი ახალმოსახლეებიც გამოჩნდნენ. ინდოეთიდან ძირითადად ჩამოდიან სტუდენტები, რომლებიც სამედიცინო უნივერსიტეტში აბარებენ, ფერმერები, რომლებიც ქვეყნის რეგიონებში მუხლჩაუხრელად შრომობენ და მიწებს ითვისებენ, და ბიზნესმენები, რომლებიც წარმოებებს, მაღაზიებსა და რესტორნებს ხსნიან.

თუკი 2004 წელს თბილისში ინდური სამზარეულოს მხოლოდ ერთი რესტორანი იყო, ახლა უკვე ათია. ერთ-ერთი ასეთი რესტორნის მეპატრონე რაჯა სუკდიფსინგჰი საქართველოში 2004 წელს ჩამოვიდა. ეს სამუშაო ვიზიტი იყო. რაჯა კომპანია British Petroleum-ის თანამშრომელი იყო და სამწლიან პროექტში მონაწილეობდა. მისთვის ვიღაცას რომ ეთქვა, შენ მომავალ ცხოვრებას საქართველოს დაუკავშირებო, არაფრით დაიჯერებდა, იმდენად წარმოუდგენელი იყო ეს. მაგრამ ცხოვრება ბევრად უფრო მოულოდნელია, ვიდრე ყველაზე გაბედულ ფანტაზიებში წარმოვიდგენთ.

 რაჯა სუკდიფსინგჰი
© Sputnik / Levan Avlabreli
რაჯა სუკდიფსინგჰი

ერთხელ რაჯა სადღაც რეკავდა და ან ნომერი აკრიბა არასწორად, ან რაღაც სხვა მოხდა, მაგრამ სხვაგან კი მოხვდა. გოგონამ უპასუხა, ინგლისურად. ეს ახლაა, რომ რაჯა საუბრისას ქართულს ურთავს, მაშინ კი ურთიერთობის ერთადერთი ენა მისთვის ინგლისური იყო. ასე გაიცნო მან თავისი მომავალი მეუღლე თამუნა. ოღონდ კიდევ დიდხანს ურთიერთობდნენ ტელეფონით და ამაზე სოლიდურ თანხებსაც  ხარჯავდნენ.

ერთ მშვენიერ დღეს კი შეხვდნენ. პაემანზე რაჯა ტრადიციული „ზმანით“ გამოცხადდა, წვერით და თავზე ინდური ჩალმით, თუმცა თამუნა ამას საერთოდაც არ შეუშფოთებია. მერე რაჯა ინდოეთში წავიდა. შეყვარებულები დიდხანს ფიქრობდნენ, სად და როგორ დაქორწინებულიყვნენ. საბოლოოდ, ერთი წლის შემდეგ,  რაჯა საქართველოში დაბრუნდა და დაოჯახდნენ კიდეც.

ამასობაში პროექტი, რომელშიც რაჯა მონაწილეობდა, დასრულდა და ახალ სამსახურზე უნდა ეფიქრა. თავიდან  ქეითერინგს მიჰყო ხელი, ანუ კვების პროდუქტებით მომარაგებას, მერე კი ინდური რესტორნის გახსნის იდეა ეწვია.

თბილისში არსებული იუნდური რესტორნის მფლობელი რაჯა სუკდიფსინგჰი და მისი სტუმრები
© Sputnik / Levan Avlabreli
თბილისში არსებული იუნდური რესტორნის მფლობელი რაჯა სუკდიფსინგჰი და მისი სტუმრები

პირველი ობიექტი 2009 წელს ვაჟა ფშაველას გამზირზე, სამედიცინო უნივერსიტეტთან ახლოს გახსნა. ეს უფრო სტუდენტებზე ორიენტირებული და გათვლილი სწრაფი კვების ობიექტი იყო, განსაკუთრებით, თანამემამულეებზე. სამედიცინო უნივერსიტეტში ხომ ბევრი ინდოელი სწავლობს, რომლებსაც აუცილებლად მოენატრებოდათ ჩვეული კერძები.  რაჯას თქმით, ინდოეთის სამედიცინო უნივერსიტეტში ერთი წლის სწავლის საფასური 20-30 ათას დოლარს შეადგენს. თანაც, ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. საქართველოში განათლების მიღების შემდეგ ახალგაზრდები სამშობლოში ბრუნდებიან, სპეციალურ გამოცდებს აბარებენ და სამედიცინო დაწესებულებებში მუშაობას იწყებენ.

რაჯამ ხუთი წელი ამუშავა ეს ობიექტი, მერე კი ინდოელ მეგობართან ერთად რესტორანი დავით აღმაშენებლის გამზირზე გახსნა. თუმცა კომპანიონებს შორის ურთიერთობა არ აიწყო და ერთობლივ ბიზნესს რაჯამ დამოუკიდებელი საქმიანობა ამჯობინა. სწორედ ამ გადაწყვეტილების შედეგად გაჩნდა მყუდრო და თბილი, სუნელების განსაკუთრებული არომატითა და ეროვნული მოტივებით სავსე ახალი რესტორანი.

და აი, ჩემს წინაშე ზის სასიამოვნო გარეგნობის ინდოელი, რომელიც თავისი ცხოვრების ისტორიას მიამბობს. აუჩქარებელ საუბარს ინდურ ეგზოტიკურ ჯანჯაფილის ჩაის ვაყოლებ და ჩემდაუნებურად მის ჟესტიკულაციასა და მიმიკას ვაკვირდები. არის მასში რაღაც ისეთი, რაც კინოგმირების მოძრაობებს მაგონებს. ზოგადად, მიუხედავად საქმიანობის სფეროსი, ნებისმიერ ინდოელში მსახიობი ცოცხლობს.

 რაჯა სუკდიფსინგჰი  ინდური ფილმის გადაღებებზე საქართველოში
რაჯა სუკდიპსინგის არქივი
რაჯა სუკდიფსინგჰი ინდური ფილმის გადაღებებზე საქართველოში

საქართველოში ცხოვრება უფრო კომფორტულია

„მეუღლესთან და შვილთან ერთად ინდოეთში ხშირად დავდივარ. ახლაც მივემგზავრებით და ძველ ახალ  წელს გოაზე შევხვდებით. იქ დასვენება მომწონს, მაგრამ ცხოვრება აქ, საქართველოში მირჩევნია. რატომ? მარტივ მაგალითს მოგიყვანთ. ინდოეთში ძალიან ცოტა ნატურალური პროდუქტია, ძირითადად ქიმიკატებითაა სავსე — თანაც ქვეყანა დიდია და პროდუქტები ფიზიკურად ყველას არ ჰყოფნის. იქაურ რესტორანში აქაურმა ადამიანმა ინდური ფქვილისგან გამომცხვარი პური რომ შეჭამოს, აუცილებლად შეექმნება კუჭ-ნაწლავის პრობლემები. საქართველო კი ყველაფრით მაკმაყოფილებს.

ჩემი რვა წლის ბიჭი საბა სინგხი აქ იზრდება და მშვენივრად გრძნობს თავს. ქართულად, რუსულად, ინგლისურად ლაპარაკობს, უყვარს ინდური კერძები, ცეკვები. უფრო მეტიც, უკვე ცეკვავს კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ არავის უსწავლებია. უბრალოდ, კომპიუტერთან ჩვენებურად ფეხებმოკეცილი ზის და დიდხანს აკვირდება საცეკვაო მოძრაობებს, მერე კი იმეორებს.

რაჯა სუკდიფსინგჰი გადაღებაზე - მიუხედავად საქმიანობის სფეროსი, ნებისმიერ ინდოელში მსახიობი ცოცხლობს
რაჯა სუკდიფსინგჰის არქივი
რაჯა სუკდიფსინგჰი გადაღებაზე - მიუხედავად საქმიანობის სფეროსი, ნებისმიერ ინდოელში მსახიობი ცოცხლობს

საბას ინდური გვარი აქვს, მაგრამ მართლმადიდებლური წესით არის მონათლული. საერთოდ აღმსარებლობის საკითხი ჩემთვის პრინციპული არ არის. ჩემი ოჯახი სიხარულით შეხვდა ჩემს ქორწინებას „ქართველ სომეხზე“…

ინდოეთში უამრავი ტრადიცია და წეს-ჩვეულება არსებობს და სხვა ქვეყნებში საცხოვრებლად გადასული ინდოელები მათ კი არ ივიწყებენ, პირიქით ინარჩუნებენ. ზოგიერთი ტრადიცია, ქართულს ჰგავს.

აი, მაგალითად, საქართველოში 23 ნოემბერს გიორგობას ზეიმობენ, ინდოეთში კი ამ დღეს ზულა-ჰულალი აღინიშნება, ანუ ათასი სანთლის დღესასწაული. ან კიდევ ახალი წელი, რომელსაც ინდოეთშიც ორჯერ ზეიმობენ და საქართველოშიც  — ახალი და ძველი სტილით.

საქართველო და ინდოეთი ერთმანეთს ადათ-წესებითაც ჰგავს.

თუკი მთელ დანარჩენ მსოფლიოში ახალდაქორწინებულები ცალკე ცხოვრებას ამჯობინებენ, ინდოეთში პირიქით, მშობლებთან ერთად არჩევენ ცხოვრებას. ინდოელები ქართველების მსგავსად სცემენ უფროსებს პატივს. თუმცა არსებობს ერთი განსხვავებაც. ინდური ოჯახები არ ინგრევა. ცოლი და ქმარი, პრაქტიკულად, არასდროს შორდება ერთმანეთს — რაც უნდა მოხდეს, ერთად რჩებიან.

არის მასში რაღაც ისეთი, რაც კინოგმირების მოძრაობებს მაგონებს...
რაჯა სუკდიფსინგჰის არქივი
არის მასში რაღაც ისეთი, რაც კინოგმირების მოძრაობებს მაგონებს...

საქართველოში ახალგაზრდა ოჯახს პრობლემები თუ გაუჩნდება, მათ პირად საქმეებში არავინ ერევა. ინდოეთში პირიქითაა: მშობლები, ძმები, დები — ყველანი დასახმარებლად მოდიან და კონფლიქტის მოგვარებას ცდილობენ.

განქორწინებების პროცენტი ინდოეთში დაბალია. პირველ რიგში იმიტომ, რომ განქორწინების პროცესი შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს, და მეორეც: განათხოვარ ქალზე (და ქვრივზეც) ინდოეთში იშვიათად რომ ვინმე დაქორწინდეს“…

რაჯას ვეუბნები, რომ ქალებს მათ ქვეყანაში აშკარად არ გაუმართლათ, რომ სადღაც წამიკითხავს, თითქოს უცხოელი ქალებიც კი ადგილობრივი მამაკაცების ჭარბი „ყურადღების“ გამო თავს არაკომფორტულად გრძნობენ.

„დიახ, უცხოელი ქალები ინდოეთში შესაძლოა დისკომფორტს გრძნობდნენ, მაგრამ ამას ახსნა აქვს. საქმე ისაა, რომ ინდოეთში სექსი დახურული თემაა და მშობლების თანდასწრებით ამაზე არავინ საუბრობს. ის კი არა, ხშირად მამაკაცი პირველ სქესობრივ კავშირს მხოლოდ მეუღლესთან ამყარებს. ოცდაათი წლის კაცებიც კი მშობლების თანდასწრებით სიგარეტის მოწევას და ალკოჰოლის დალევას ერიდებიან. დიახ, ასეთი მორიდებული კულტურა გვაქვს. მე ეს არ მომწონს, იმიტომ რომ ახლა ისეთი დროა, რომ ამაზე თვალის დახუჭვა კი არა, საუბარია საჭირო, რომ მომავალში პრობლემები არ შეიქმნას…“

ვუყურებდი რაჯას და ჩემთვის ვფიქრობდი, რომ ცხოვრებაში ყველაზე მთავარია მოძებნო შენი ადგილი და აკეთო საქმე, რომელიც სიამოვნებას განიჭებს, გვერდით კი საყვარელი და ახლობელი ადამიანები გყავდეს.

ამ წლების განმავლობაში რაჯამ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი შემოიარა. ამბობს, რომ ქართული ბუნება მშვენიერია და რომ კლიმატი ინდურზე მეტად თბილია.
მე ეს მიკვირს და რაჯა მიხსნის, რომ ჩრდილოეთ ინდოეთში, ხიმაჩალ-პრადეშის შტატში დაიბადა, სადაც თოვლი და სიცივე ჩვეულებრივი მოვლენაა.

კითხვაზე, საქართველოს რომელი კუთხე მოსწონს ყველაზე მეტად, რაჯა ღიმილით მპასუხობს, სვანეთიო. თუმცა რაჯას ზოგადად ქართველი ხალხი მოსწონს. ის ამბობს, რომ არსად უნახავს ესოდენ თბილი და გულისხმიერი ადამიანები, რომლებიც დღე-ღამის ნებისმიერ დროს მზად არიან დაგეხმარონ.

თემები:
მრავალფეროვანი საქართველო (2)

მთავარი თემები